გადაწყვეტილება №20685/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.01.2024
№ დოკუმენტი 20685/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20685/2/2023

25 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ს 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20685/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2023 წლის №EL214271 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2023 წლის №EL214286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2023 წლის №EL11112/483 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20447 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 755,85 ლარი.

მათ შორის: 1 043,25 ლარი

(24.06.2023 წლის №EL11112/483 საგადასახადო მოთხოვნა)

დღგ - 712,6

საურავი - 330,65 2 713 ლარი

(24.06.2023 წლის №EL214271 და №EL214286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით)

ჯარიმა - 712,6 (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი)

ჯარიმა - 2 000 (საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილი)

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

8.12.2020 წელს შპს ------ს (ს/ნ -----) მიერ №------ საბაჟო დეკლარაციით განხორციელდა ------ის კუთვნილი მაზუთის დასაწყობება მომჩივნის საბაჟო საწყობში.

აღნიშნული საქონლის ნაწილი 17.03.2021წ. №------- და 26.07.2022წ. №----- საბაჟო დეკლარაციებით მოქცეულია ტრანზიტის პროცედურაში და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ხოლო დარჩენილ ნაშთზე (ბრუტო წონა - 5 764 კგ.) ამოიწურა შენახვის ვადა (8.12.2022წ.).

საბაჟო დეპარტამენტის 24.02.2023 წლის №21-10-18/15513 წერილით მომჩივანს ეთხოვა წარედგინა სრულყოფილი ინფორმაცია №------- (A-----) საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული საქონლის ნაშთის შესახებ. მითითებული წერილის პასუხად, საბაჟო დეპარტამენტს კომპანიის 1.03.2023 წლის №22-23, (შემოსავლების სამსახურში რეგ. №97796/21-10-18, 2.03.2023წ.) წერილით ეცნობა, რომ საბაჟო საწყობში არ ინახება №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი, ვინაიდან მითითებული საქონელი სრულად იქნა გატანილი საბაჟო საწყობიდან №------- (26.07.2022წ.) საბაჟო დეკლარაციით.

წარდგენილი ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციების 35-ე და 38-ე გრაფებში მითითებული ბრუტო და ნეტო წონებით თავდაპირველად დასაწყობებული მაზუთის რაოდენობა არ ინაშთება.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას და საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილ ფაქტებზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 24.06.2023 წელს შედგენილია №EL214271 და №EL214286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით და 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 712.6 ლარის და 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საბაჟო კოდექსის 64-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, 24.06.2023 წელს გამოიცა №EL11112/483 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 712.6 ლარის, ასევე საურავი 330.65 ლარის ოდენობით.

აღნიშნული აქტები 19.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.08.2023 წლის №20447 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

8.12.2020 წელს საბაჟო საწყობში №------- დეკლარაციით დასაწყობებულია ------- წარმოშობის გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე მაზუთი, რომლის წონაც შეადგენდა 1265,412 ბრუტო და 1254,766 ნეტო მეტრულ ტონას.

აღნიშნული ტვირთი საბაჟო საწყობიდან მთლიანად იქნა განულებული შემდეგი საბაჟო დეკლარაციებით №------ 17.03.2021წ. (ბრუტო 855,030 ტონა და ნეტო 850,755 ტონა) და №------ 26.07.2022წ. (ბრუტო 404,618 ტონა და ნეტო 404,011 ტონა).

საბაჟო დეპარტამენტმა მიმდინარე წელს მიმართა №21-10-18/15513 წერილით თუ არსებობდა №------ დეკლარაციაზე რაიმე სახის ნაშთი, რაზედაც 1.03.2023 წლის №22-23 წერილით ეცნობა, რომ აღნიშნულ დეკლარაციაზე საწყობში ნაშთი არ ირიცხებოდა.

ა.წ მარტის თვეში შედგა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენელსა და გაფორმების ეკონომიური ზონის უფროსს შორის, სადაც ეცნობათ, რომ მოცემულ №------ დეკლარაციაზე ერიცხებოდა ნაშთი 5 764 კგ. ბრუტო წონაზე, ხოლო ნეტო წონა კი ამოწურული გახლდათ, რაზედაც საკმარისად და ამომწურავად მიიჩნევდა წერილობითი (ელექტრონული ფორმით) მიეცა ახსნა-განმარტება, რომ აღნიშნული (ბრუტო წონის ნაშთი) არ წარმოადგენდა სასაქონლო თვისებების მქონე პროდუქტს, არამედ გახლდათ წყალი, რომელსაც არც სასაქონლო თვისება გააჩნდა და შესაბამისად არ წარმოადგენდა რეალიზაციის ობიექტს. აღნიშნული ელექტრონული განმარტების მიუხედავად მაინც დაჯარიმდა.

შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა არგუმენტი, რომ ნახსენები 5 764 კგ. ბრუტო წონის ნაშთი არ წარმოადგენს საქონელს (ნავთობპროდუქტს), არამედ გახლავთ წყალი და სხვა მინარევები, რომლებიც გამოიყენება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის, კერძოდ წყლის ჭავლით ხორციელდება პროდუქტის რეზერვუარში ჩატუმბვა. მაზუთის გადატვირთვის პროცესში არის შემთხვევები, როდესაც პროდუქტის საქართველოში მოსვლის დროს ვაგონ-ცისტერნებიდან აღებული სინჯების შედეგების მიხედვით დაფიქსირებული წყლის შემცველობა შეიძლება ნაკლები იყოს ვიდრე მისი საქართველოდან გასვლისას ტანკერზე დატვირთული იგივე მაზუთიდან აღებული სინჯების შედეგების მიხედვით დაფიქსირებული წყლის შემცველობა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარტივ ტექნოლოგიურ პროცესთან, რომელსაც ტერმინალი ახორციელებს ტვირთმფლობელის თხოვნის საფუძველზე, კერძოდ, რეზერვუარში არსებული პროდუქტის გაცხელებისთვის განკუთვნილი ორთქლის სექციური გამათბობლების მეშვეობით პროდუქტი ცხელდება 60-65 გრადუსამდე. ამ დროს მაზუთისგან გამოიყოფა გარკვეული რაოდენობის წყალი, რომელიც თავისთავად მოექცევა მაზუთის ქვემოთ, რეზერვუარის ძირზე. აღნიშნულის შემდეგ ხდება რეზერვუარის ქვედა ფენაში დამონტაჟებული ეგრეთწოდებული წყლის დამშვები საკვალთის გაღება და წყლის დამშვები მილით წყლის დაშვება საწარმოო კანალიზაციის სისტემაში. ამ ტექნოლოგიური პროცესის გათვალისწინებით რეზერვუარში მოსვლის ბრუტო წონის მოცულობა ვერ დაემთხვევა და რეზერვუარიდან გასვლის დროს არსებულ ბრუტო წონის ნაშთს. შესაბამისად მიაჩნია, რომ არსებული ჯარიმა უსაფუძვლოა, ვინაიდან, კომპანიის მხრიდან არ მომხდარა პროდუქტის უკანონო განკარგვა ან მისი განადგურება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირვლი ნაწილის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

ა) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

უ) საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საბაჟო კოდექსი 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №3) პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ და „რ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

თ) საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;

რ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია, რომ 8.12.2020 წელს შპს -------ს (ს/ნ -----) მიერ №------ საბაჟო დეკლარაციით განხორციელდა -------ის კუთვნილი მაზუთის დასაწყობება მომჩივნის საბაჟო საწყობში. აღნიშნული საქონლის ნაწილი 17.03.2021წ. №------ და 26.07.2022წ. №------ საბაჟო დეკლარაციებით მოქცეულია ტრანზიტის პროცედურაში და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ხოლო დარჩენილ ნაშთზე (ბრუტო წონა - 5 764 კგ.) ამოიწურა შენახვის ვადა (8.12.2022წ.). აღნიშნულ ნაშთზე მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ საბაჟო საწყობში არ ინახება №------ საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი, ვინაიდან მითითებული საქონელი სრულად იქნა გატანილი საბაჟო საწყობიდან №------ (26.07.2022წ.) საბაჟო დეკლარაციით.

მომჩივანი განმარტავს, რომ 5 764 კგ. ბრუტო წონის ნაშთი არ წარმოადგენს საქონელს (ნავთობპროდუქტს), არამედ არის წყალი და სხვა მინარევები, რომლებიც გამოიყენება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის, კერძოდ წყლის ჭავლით ხორციელდება პროდუქტის რეზერვუარში ჩატუმბვა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარტივ ტექნოლოგიურ პროცესთან, რომელსაც ტერმინალი ახორციელებს ტვირთმფლობელის თხოვნის საფუძველზე, კერძოდ, რეზერვუარში არსებული პროდუქტის გაცხელებისთვის განკუთვნილი ორთქლის სექციური გამათბობლების მეშვეობით პროდუქტი ცხელდება 60-65 გრადუსამდე. ამ დროს მაზუთისგან გამოიყოფა გარკვეული რაოდენობის წყალი, რომელიც თავისთავად მოექცევა მაზუთის ქვემოთ, რეზერვუარის ძირზე. აღნიშნულის შემდეგ ხდება რეზერვუარის ქვედა ფენაში დამონტაჟებული ეგრეთწოდებული წყლის დამშვები საკვალთის გაღება და წყლის დამშვები მილით წყლის დაშვება საწარმოო კანალიზაციის სისტემაში. ამ ტექნოლოგიური პროცესის გათვალისწინებით რეზერვუარში საქონლის განთავსებისას ბრუტო წონის მოცულობა ვერ დაემთხვევა რეზერვუარიდან გასვლის დროს არსებულ საქონლის ბრუტო წონის ნაშთს. შესაბამისად მიაჩნია, რომ არსებული ჯარიმა უსაფუძვლოა, ვინაიდან, კომპანიის მხრიდან არ მომხდარა პროდუქტის უკანონო განკარგვა ან მისი განადგურება.

მომჩივნის არგუმენტზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, თუ რეზერვუარში ნაშთის სახით დარჩა (იყო) საქონლის მოცულობა (მინარევი), რომელიც მისი არგუმენტიდან გამომდინარე არ არის მხოლოდ სუფთა წყალი, აღნიშნული მომჩივანს უნდა ეცნობებინა საბაჟო დეპარტამენტისთვის, რომელიც დაადასტურებდა ამ შემთხვევას და სადავო საკითხი არ იარსებებდა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება შეუძლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე, არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

8.12.2020 წელს განხორციელდა მაზუთის დასაწყობება მომჩივნის საბაჟო საწყობში. აღნიშნული საქონლის ნაწილი მოქცეულია ტრანზიტის პროცედურაში და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ხოლო დარჩენილ ნაშთზე (ბრუტო წონა - 5 764 კგ.) ამოიწურა შენახვის ვადა (8.12.2022წ.). საბაჟო დეპარტამენტის 24.02.2023 წლის №21-10-18/15513 წერილით მომჩივანს ეთხოვა წარედგინა სრულყოფილი ინფორმაცია საბაჟო საწყობში შენახული საქონლის ნაშთის შესახებ. მითითებული წერილის პასუხად, საბაჟო დეპარტამენტს კომპანიის წერილით ეცნობა, რომ საბაჟო საწყობში არ ინახება მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი, ვინაიდან მითითებული საქონელი სრულად იქნა გატანილი საბაჟო საწყობიდან. წარდგენილი ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციების 35-ე და 38-ე გრაფებში მითითებული ბრუტო და ნეტო წონებით თავდაპირველად დასაწყობებული მაზუთის რაოდენობა არ ინაშთება.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას და საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილ ფაქტებზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 24.06.2023 წელს შედგენილია №EL214271 და №EL214286 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით და 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 712.6 ლარის და 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საბაჟო კოდექსის 64-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, 24.06.2023 წელს გამოიცა №EL11112/483 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 712.6 ლარის, ასევე საურავი 330.65 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე, არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172, 176(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N455 დადგენილება.