გადაწყვეტილება №25406/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25406/2/2025
15 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 2.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25406/2/2025).
დავის საგანი:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლებაზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11148 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 457 716.2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 277 079
დღგ - 115 286
მოგების გადასახადი - 115 306
საშემოსავლო გადასახადი - 46 487
ჯარიმა - 115 163
საურავი - 65 474.2
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კულტურული ღონისძიებების, წვეულებების დაგეგმვა და მოწყობა (ასევე, მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 1.01.2018 წლიდან 1.07.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №16042 ბრძანება და ამავე თარიღის №001-158 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 20.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2022 წლის №11071 ბრძანება და 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 25.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.12.2022 წლის №18071/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სასამართლოში.
მომჩივანმა ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა ან მტკიცებულებათა გამო, საგადასახადო დავის განახლების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 2.06.2025 წლის №11148 ბრძანებით საჩივარი:
1. ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11148 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლებაზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, საბანკო ამონაწერები გამოთხოვილია სასამართლო წესით. სასამართლო შუამდგომლობით მიწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბანკიდან გადარიცხულია 644 822 ლარი სხვადასხვა დანიშნულებით, თუმცა არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. აღნიშნული განხილულია ფულადი სახსრების უსასყიდლო გადაცემად. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ამასთან, დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორს საქვეანგარიშო/სამეურნეო ხარჯად გატანილი აქვს 185 948 ლარი, ხოლო, გატანილ თანხებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი, განხილულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების შედეგები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში. 1.05.2025 წელს კი მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საგადასახადო დავის განახლებაზე, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო, რაზეც ეთქვა უარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, წარდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
15.09.2020 წელს დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება და გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა №21-14/110495 წერილი - „გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოთ 2017 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდის სააღრიცხვო დოკუმენტაცია და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის: 1. ცნობა გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ (სს „------- ბანკი“), შესაბამის ამონაწერებთან ერთად, ყველა ვალუტაში; 2. ბუღალტრული პროგრამის ასლი (ხელით ბუღალტერიის წარმოების შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის ცხრილები ექსელის ფორმატში); 3. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც კავშირშია შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან“.
ანალოგური შინაარსის წერილები ასევე, გაგზავნილია 24.09.2020 წელს №21-14/116509 და 13.04.2021 წელს №21-14/46227.
ასევე, 28.04.2021 წელს საგადასახადო შემოწმების აქტში გაკეთებულია შემდეგი ჩანაწერი: „დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორს ------- საქვეანგარიშო/სამეურნეო ხარჯად გატანილი აქვს 185 948 ლარი გატანილ ხარჯებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით“.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ჰქონდა ჩანაწერების წიგნაკი, გარიგებების ძირითადი ნაწილი ხდებოდა ზეპირსიტყვიერად და ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ამონაწერით არ დგინდება კომპანიებთან გაწეული ხარჯი, გადასახადის გადამხდელის (rs.ge) სისტემაში არ არის ატვირთული პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი ზედნადებები ან ანგარიშ-ფაქტურები. 15.09.2020 წლის წერილით შემოსავლების სამსახური ითხოვდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას, რაც იმ დროისთვის გადასახადის გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნდა. გადასახადის გადამხდელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას გააჩნდა დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ხარჯები, თუმცა ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე აუდიტორმა ისინი არ გაითვალისწინა 28.04.2021 წლის შემოწმების აქტში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გადასახადის გადამხდელი 20.07.2021 წლის საჩივარში აღნიშნავდა, რომ:
- „თითოეული შეკვეთის დროს, საორგანიზაციო სამუშაოების შესრულების დროს იხარჯებოდა შეკვეთის ღირებულების 94%“;
- „ქვეყანაში შექმნილი ეპიდ ვითარების გამო მოგვიწია სამუშაო „ოფისის“ დახურვა და გადაადგილების დროს თითქმის ყველა დოკუმენტი დაიკარგა, ამიტომ ჩვენთვის გაძნელებულია ყველა კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა („სამუშაო ოფისს“ რეალურად წარმოადგენდა დირექტორის მიერ ------- ნაქირავები საცხოვრებელი სახლი)“.
აღნიშნულის გათვალისწინებით აზრს მოკლებულია შემოსავლების სამსახურის არგუმენტი რომ „გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე“. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პერიოდში ფაქტობრივად არ გააჩნდა აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო 20.03.2025 წელს კანონიერ ძალაში შესული განჩინება წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას გაწეული ხარჯის დასადასტურებლად. ამავდროულად, 2025 წლის განჩინებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება ეჭვ ქვეშ აყენებს 28.04.2021 წლის შემოწმების აქტში ასახულ სრულ შინაარსობრივ საფუძვლებს. შემოსავლების სამსახურის პოზიცია არასწორია, რადგან იგი ეყრდნობა მხოლოდ ზოგად მოსაზრებას „გადამხდელმა იცოდა ფაქტი“ - თუმცა კანონი არ საუბრობს ფაქტის ცოდნაზე, არამედ სამართლებრივი დადასტურების შესაძლებლობაზე. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლი ზუსტად ამ შემთხვევისთვის არის შემუშავებული - როცა მოგვიანებით მიიღება მტკიცებულება, რომლის წარდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო საწყის პერიოდში. 20.03.2025 წლის განჩინება არ არსებობდა და არ შეიძლებოდა არსებულიყო 2021 წლის აქტის მიღებამდე, მისი არსებობა იმ მომენტში შესაძლებელი არ იყო არც ობიექტურად (ფაქტობრივად), არც სამართლებრივად.
შემოსავლების სამსახურის მიერ დასახელებული საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად არაზუსტია და არ შეესაბამება მუხლის შინაარსსა და მიზანს. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი აწესრიგებს შემდეგ შემთხვევას: „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“. მოცემულ შემთხვევაში 2025 წლის მაისში წარდგენილი საჩივარი ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლს - ეს კი ახალ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც არის დავის განახლების პროცედურა ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის გამოყენება არ ქმნის იმავე დავის საგანს, რაც იყო განხილული 2021 წელს ანუ 2021 წლის საჩივრის საგანი იყო საგადასახადო მოთხოვნის სწორად/სამართლებრივი სიზუსტე იმ დროისათვის ხელმისაწვდომი მონაცემებით. 2025 წლის საჩივარი ემყარება ახალ გარემოებებს, კონკრეტულად კი სასამართლოს მიერ ახლად დადასტურებულ გარემოებას, სხვა ხელშეკრულებებთან ანალოგიურობას და ახალ მტკიცებულებებს, რომლებიც 2021 წელს კომპანიას არ გააჩნდა. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლი და 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი არ უნდა განიმარტოს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი არ ეხება ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე ინიცირებულ დავას, რადგან საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლი სწორედ იმ შემთხვევებისთვის მოქმედებს, როცა არსებული გადაწყვეტილება საჭიროებს გადახედვას ახალი გარემოებების გათვალისწინებით თუნდაც კანონიერ ძალაში შესულ აქტებზე.
საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ აწესებს: „დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით“. დავის განახლების უარი მხოლოდ ფორმალური ბარიერის მოტივით ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპს, მით უმეტეს, როცა ფაქტობრივად მოცემულია ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო მდგომარეობა.
ყურადღება გასამახვილებელია შემდეგ გარემოებებზე:
- 2021 წლის საჩივარში გადასახადის გადამხდელი თავად აღნიშნავს რომ არ გააჩნია საბუღალტრო ცოდნა, ასევე არ ჰყავს კადრი და არც მისი დაქირავების შესაძლებლობა აქვს, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტორთან სრულფასოვნად ითანამშრომლოს. ასევე აუდიტორთან არ წარუდგენია არც ერთი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- 2021-2022 წლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ, თავად მომზადებული საჩივრების ტექსტის წაკითხვით მარტივად არის შესაძლებელი გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული და იურიდიული კვალიფიკაციის განსაზღვრა;
- 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით დაინიშნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშება - გადასახადის გადამხდელი სათანადო კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებდა ამ პროცედურულ შანსს ხარჯების არსებობის დასამტკიცებლად, თუმცა როგორც საქმის მასალებით ირკვევა გადასახადის გადამხდელმა ვერ წარუდგინა დოკუმენტები აუდიტორს და „გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებელთან“ საფუძვლით არ მოხდა დარიცხული თანხების შემცირება;
- 20.06.2021 წლის საჩივრის სასარჩელო მოთხოვნაში გადამხდელი მიუთითებდა შემდეგს: „გთხოვთ ობიექტურად გამოიანგარიშოთ ჯარიმის ოდენობა, ასევე ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების მიხედვით გთხოვთ უზრუნველყოთ აღნიშული ჯარიმის ნაწილის გაქვითვა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ჯარიმის გონივრული ოდენობით ჩამოყალიბება. ასევე გთხოვთ გამოგვიყოთ ჯარიმის გადახდის საშეღავათო პერიოდი და მოგვიხსნათ საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვები ,რადგან კომპანიამ შეძლოს ეკონომიკური საქმიანობის წარმოება და მიღებული შემოსავლებით აღნიშნული საჯარიმო თანხის ეტაპობრივი დაფარვა“. გადასახადის გადამხდელი გირავნობა/იპოთეკის ღონისძიებას აფასებს, როგორც საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვას, ასევე საჩივრით ითხოვს ჯარიმის კორექტირებას და გადახდის გრაფიკის შედგენას. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ამტკიცებს გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო საქმიანობის ნულოვან კვალიფიკაციას;
- 27.07.2022 წლის საჩივარში აღნიშნავდა - „28.04.2021 წელს გამოცემული აქტის გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ არასწორ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით იყო დაკისრებული თანხა და საკუთარი ინიციატივით გავასაჩივრე შემოსავლების სამსახურში“. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელი თავად უსვამს ხაზს მის საბუღალტრო ცოდნის დაბალ კვალიფიკაციას და ადასტურებს, რომ საკუთარი ძალებით ახორციელებდა თანამშრომლობას შემოსავლების სამსახურთან.
მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით დადასტურებულად აღნიშნავს, რომ 2021-2022 წლებში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა უნარი ობიექტურად ეთანამშრომლა შემმოწმებლებთან.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრები სარგებლობენ უმაღლესი ნდობით და გამოირჩევიან ფინანსური ანალიზის მაღალი კვალიფიკაციით. საქმის მასალების მცირე ნაწილის გაცნობითაც კი არის შესაძლებელი დადგინდეს ობიექტური რეალობა და დარწმუნდეს საბჭო, რომ 28.04.2021 წლის შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არის არასამართლიანი. კერძოდ:
- 28.04.2021 წლის შემოწმების აქტის მიხედვით მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა შედგენს 798 614 ლარს. ამავე აქტის მიხედვით სამუშაოების შესრულებისას კომპანიას მხოლოდ 29 914 ლარის ხარჯი გააჩნდა, დანარჩენი თანხა მოგების გადასახადით დაიბეგრა.
- 28.04.2021 წლის შემოწმების აქტის მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 640 523 ლარს. ამავე აქტის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 0 (ნულ) ლარს.
- 10.02.2019 წელს ფ/პ დავითი გოდერძიშვილმა გადასახადის გადამხდელს სესხის სახით ჩაურიცხა 52 320 ლარი, იმავე დღეს - 10.02.2019 წელს (რამდენიმე საათში) გადასახადის გადამხდელმა იგივე ფიზიკურ პირს, იგივე საბანკო ანგარიშზე უკან დაუბრუნა მის მიერ სესხის სახით ჩარიცხული თანხა 51 586 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოპერაცია 28.04.2021 წლის შემოწმების აქტის მიხედვით შეფასებულია როგორც - მიღებული თანხა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შემოსავლად ხოლო უკან დაბრუნებული - ფულადი სახსრების უსასყიდლო გადაცემად. აქვე აღსანიშნია, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. სახელმწიფო შესყიდვების წესის მიხედვით თანხის ანაზღაურება ხორციელდება სამუშაოს შესრულების შემდეგ. ამრიგად, გადასახადის გადამხდელს პროექტის შესასრულებლად ესაჭიროებოდა საბრუნავი თანხა, რომელსაც სხვა და სხვა ფიზიკური პირებისგან სესხის სახით ინტენსიურად იღებდა. ზემოთ განხილული გადარიცხვის მსგავსად ფიზიკური პირებისგან გადამხდელს სესხის სახით მიღებული და დაბრუნებული აქვს 449 472 ლარი, რომელიც 28.04.2021 წლის შემოწმების აქტის მიხედვით დაბეგრილია ოპერაციის ორივე მიმართულების დროს. რეალურად გადამხდელს მისი არსებობის პერიოდში კომერციული საქმიანობისგან (17 ხელშეკრულება) მიღებული აქვს მხოლოდ 401 296 ლარი.
- 28.04.2021 წლის შემოწმების აქტში აუდიტორი მიუთითებს, რომ „გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო ტენდერებში“. აღნიშნული ხელშეკრულებები და შესყიდვის საგანი საჯაროა, 28.04.2021 წლის შემოწმების აქტში აუდიტორის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ადასტურებს რომ მას ჰქონდა წვდომა აღნიშნულ ხელშეკრულებებთან (ჯამში 17 ხელშეკრულება). თითოეული ხელშეკრულების გაცნობით შემოსავლების სამსახურის აუდიტორს უნდა გასჩენოდა გონივრული ეჭვი, რომ პირობითად 2019 წლის დეკემბრის თვეში, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „-------“-ში ორდღიანი ფორუმის ორგანიზების მომსახურებას გადასახადის გადამხდელი ვერ შეძლებდა მხოლოდ 2 350 ლარიანი ხარჯით.
მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების აქტში მოყვანილი საფუძვლები მცდარია და არ ასახავს რეალობას.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ წარუდგენია დეკლარაციები, სადაც მცდარად იქნებოდა ასახული ინფორმაცია. საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობის უგულვებელყოფა გამოწვეული იყო საგადასახადო წესების ცოდნის დაბალი კვალიფიკაციით. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული საქმიანობის განხორციელებისას გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა არანაირი მატერიალურ/ტექნიკური ბაზა და საქმიანობას ეწეოდა ქვეკონტრაქტორების საშუალებით, იგი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას ახორციელებდა დიდი მოცულობის ფასთა კლებას. გადასახადის გადამხდელი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად ფასების ცხრილის მომზადებისას არ ითვალისწინებდა საგადასახადო წესით გათვალისწინებულ გადასახადებს, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კომპანიას სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხები არ მიუთვისებია.
შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალური მიზეზების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის უგულვებელყოფა არ ემყარება საკმარის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება აღნიშნული მუხლის მიზანს. აღნიშნული შესაძლოა პოტენციურად ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტს, თუმცა კომპანიის კომერციული საქმიანობა არ უწარმოებია 2022 წლის შემდეგ. კომპანიის დირექტორი 17.08.2022 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და ამ დროის განმავლობაში მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა. დირექტორს არ გააჩნია არანაირი მოძრავი ან უძრავი ქონება, რაც ცხადს ხდის, რომ აღნიშნული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის და შემოწმების აქტით მცდარად დარიცხული თანხების უცვლელად დატოვების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ფაქტობრივად არ გააჩნია შესაძლებლობა უზრუნველყოს დარიცხული 544 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
ზემოთ განხილული გარემოებები აჩვენებს, რომ კომპანიის დირექტორს არ გააჩნდა კვალიფიკაცია და ცოდნა საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობის პრინციპების და წესების შესახებ. მისი მხრიდან საგადასახადო ოპერაციების სრული უგულვებელყოფა არაკვალიფიციურობით და სისტემური დაბნეულობით იყო გამოწვეული და არ ყოფილა ბოროტი განზრახვა ან სახელმწიფოს მოტყუების მცდელობა. ხოლო 2025 წლის განჩინება იძლევა სამართლებრივ გზას გადასახადის გადამხდელმა გამოასწოროს მისი შეცდომებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.
საბჭოს წევრებს მიმართავს თხოვნით ყურადღება გამახვილდეს 28.04.2021 წლის შემოწმების აქტში მოყვანილი შინაარსობრივი საფუძვლების სიზუსტეზე და კომპანიის დირექტორის მიერ განხორციელებული ქმედებების მოტივზე.
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, 20.03.2025 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინება მიჩნეულ იქნას ახლად გამოვლენილ/აღმოჩენილ გარემოებად/მტკიცებულებად. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, არსებითად განიხილოს 1.05.2025 წელს №25141/2/202 წარდგენილი საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას გააჩნდა დოკუმენტალურად დაუდასტურებელი ხარჯები, თუმცა ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე აუდიტორმა ისინი არ გაითვალისწინა. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პერიოდში ფაქტობრივად არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო 20.03.2025 წელს კანონიერ ძალაში შესული განჩინება წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას გაწეული ხარჯის დასადასტურებლად. ამავდროულად, განჩინებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება ეჭვქვეშ აყენებს 28.04.2021 წლის შემოწმების აქტში ასახულ სრულ შინაარსობრივ საფუძვლებს. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლი ზუსტად ამ შემთხვევისთვის არის შემუშავებული, როცა მოგვიანებით მიიღება მტკიცებულება, რომლის წარდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო საწყის პერიოდში. 20.03.2025 წლის განჩინება არ არსებობდა და არ შეიძლებოდა არსებულიყო 2021 წლის აქტის მიღებამდე, მისი არსებობა იმ მომენტში შესაძლებელი არ იყო არც ობიექტურად (ფაქტობრივად), არც სამართლებრივად. ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, 20.03.2025 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინება მიჩნეულ იქნას ახლად გამოვლენილ/აღმოჩენილ გარემოებად/მტკიცებულებად და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით არსებითად განიხილოს გადასახადის გადამხდელის მიერ 1.05.2025 წელს №25141/2/202 წარდგენილი საჩივარი.
აღსანიშნია, რომ მომჩივნის ანალოგიური მოთხოვნა შეფასებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.05.2025 წლის №25120/2/2025 (რეგ. 14.05.2025წ. 03/35073) გადაწყვეტილებით, სადაც მითითებულია, რომ:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 29.04.2025 წლის №34215-08 წერილის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტის წარმოებაშია №3/1629-23 ადმინისტრაციული საქმე, რომელზეც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს -------, ხოლო მოპასუხე მხარეებს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2022 წლის №18071/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, საბჭოს მიერ საჩივრის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განხილვა და მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, დარიცხული თანხების კორექტირება. დღეის მდგომარეობით სადავო საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო საკითხზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე, დავის განახლების და 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/კორექტირების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №60164-08 წერილის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტის წარმოებაშია №3/1629-23 ადმინისტრაციული საქმე, რომელზეც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს -------, ხოლო მოპასუხე მხარეებს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 4.05.2022 წლის №001-67 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25410 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2022 წლის №18071/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, საბჭოს მიერ საჩივრის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განხილვა და მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, დარიცხული თანხების კორექტირება. ------- საქალაქო სასამართლოს 23.02.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემოწმების შედეგები განხილვაშია სასამართლოში და მომჩივანი ითხოვს ამავე შემოწმების შედეგების შეფასებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებებით, საბჭოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით მიაჩნია, რომ არ არსებობს, ორი ორგანოს მიერ ერთდროულად ერთი და იმავე საკითხის შეფასების საფუძველი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება საჩივრის გასაჩივრებული დოკუმენტის გრაფაში აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნის მითითებას, აღსანიშნავია, რომ მასზე წარდგენილ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანება არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში.
საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 30.09.2021 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 20.10.2021 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2.07.2025 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგები აისახა 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №16042 ბრძანება და ამავე თარიღის №001-158 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 20.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მომჩივანმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნაზე და საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნაზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 25.05.2021 წლის №16042 ბრძანება და ამავე თარიღის №001-158 საგადასახადო მოთხოვნა 20.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნა 1.05.2025 წელს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;
2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლებაზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, საბანკო ამონაწერები გამოთხოვილია სასამართლო წესით. სასამართლო შუამდგომლობით მიწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბანკიდან გადარიცხულია თანხები სხვადასხვა დანიშნულებით, თუმცა არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. აღნიშნული განხილულია ფულადი სახსრების უსასყიდლო გადაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
ამასთან, დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორს საქვეანგარიშო/სამეურნეო ხარჯად გატანილი აქვს თანხები, რაზეც არ არსებობს რაიმე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი, განხილულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების შედეგები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში. მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საგადასახადო დავის განახლებაზე, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო, რაზეც ეთქვა უარი.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა 20.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.09.2021 წლის №29489 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2021 წლის №001-158 საგადასახადო მოთხოვნა 1.05.2025 წელს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ მეორე ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ზ, ე); 308