გადაწყვეტილება №20515/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20515/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 7.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20515/2/2023).
დავის საგანი:
1. დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებების და მტკიცებულებების საფუძვლით;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №081-396 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2021 წლის №081-175 საგადასახადო მოთხოვნა;
3. ვალის მართვის დეპარტამენტის 10.08.2021 წლის №081-890 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
4. ვალის მართვის დეპარტამენტის 10.02.2022 წლის №2021/081-890/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
5. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18106 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 413 131ლარი (29.12.2020 წლის №081-396 საგადასახადო მოთხოვნა);
მათ შორის:
გადასახადი - 207 832
დღგ - 24 347
საშემოსავლო გადასახადი - 183 485
ჯარიმა - 102 823
საურავი - 102 476
დარიცხული თანხა: 1 742 672 ლარი (10.06.2021 წლის №081-175 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი – 1 033 054
დღგ - 165 623
საშემოსავლო გადასახადი - 867 431
ჯარიმა - 513 891
საურავი - 195 727
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა მანქანის ნაწილებით და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება.
- 2017 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 25 დეკემბრის შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №39151 ბრძანება და 29.12.2020 წლის №081-396 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.04.2021 წლის №12750 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 24.12.2021 წლის №13027/2/2021 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დააკმაყოფილა.
- 1.01.2018 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2021 წლის №18597 ბრძანება და №081-175 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.09.2021 წლის №29199 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის 4.02.2022 წლის №14720/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 19.04.2022 წლის №9947 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომელმაც 16.09.2022 წლის №16501/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2021 წლის 10 აგვისტოს N081-890 ბრძანება (რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2021 წლის 10 აგვისტოს) და მის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „-------“ საკუთრებაში რიცხულ ქონებას. აღნიშნულზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 10 თებერვალს შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2021/081-890/1 აქტი (რომელიც ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 10 თებერვალს).
გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის მიერ სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით გაიგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 სექტემბრის №29199 ბრძანების, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 27 აპრილის №12750 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის №13027/2/2021 გადაწყვეტილების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანების და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 21 მარტის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.
გადასახადს გადამხდელმა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ასევე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანებასთან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 ქონებაზე ყადაღის დადების აქტთან დაკავშირებით, 2023 წლის 19 აპრილს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა 26.07.2023 წლის №18106 ბრძანებით საჩივარი:
- ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებების და მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში - არ დააკმაყოფილა;
- აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №081-396 და 10.06.2021 №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ასევე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 10.08.2021 წლის №081- 890 ბრძანებასთან და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტთან დაკავშირებით - დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18106 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძვლით
ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია პროცედურულ გარემოებებში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლზე, 299-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და მიიჩნია, რომ წარდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების/განახლების საფუძველი. ამდენად, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პერიოდია 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა შემოწმება, რომლის დროსაც ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ, რეალიზებულ და ნაშთად არსებულ საქონელს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ გამოიყო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც შედგა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნული დარიცხვის შედეგებს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და აღნიშნულის შესასწავლად მიმართა კვალიფიციურ ექსპერტს „-------“-ს, რომელმაც შეისწავლა შემოწმების აქტებით დარიცხვის საფუძვლები და 2023 წლის 10 აპრილს შეადგინა დასკვნა, რაც მიაჩნია, რომ წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს და შემოსავლების სამსახურის პრეცედენტული გადაწყვეტილებების თანახმად (რომელსაც ურთავს წინამდებარე საჩივარს) ახლად აღმოჩენილ და გამოვლენილ გარემოებას.
ექსპერტიზამ შეისწავლა რეალური ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა შემდეგი:
- თავდაპირველად, აუდიტორული კომპანია „-------“ მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული საკითხი, გამოირკვა, რომ შემმოწმებელს არ აქვს გათვალისწინებული ის საქონელი, რასაც კომპანია იყენებდა შიდა მოხმარებისათვის, შეძენილი სასაქონლო მარაგების დიდი ნაწილი არის გახარჯული ავტომანქანების რემონტისთვის, რადგან თითოეული განხორციელებული გადაზიდვის შემდეგ, ყველა სატვირთო მანქანა საჭიროებს ხარჯების გაწევას, რაც საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული შემმოწმებელს.
ბუღალტრული პროგრამიდან იკვეთება, რომ შიდა მოხმარებისათვის ჩამოწერილი საქონელი 2017- 2020 წლებში შეადგენდა 195 911 ლარს დღგ-ის გარეშე. კომპანიის ბუღალტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციით კომპანიის მიერ 2020 წელს მოხდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის დადგენა, ასევე მიწოდებული იყო 2017 წლის საწყისი ნაშთი. ნაშთზე დაყრდნობით და უკანა პერიოდზე გადასვლით დადგინდა 2017-2020 წლებში გახარჯული და შიდა მოხმარების ჩამოწერილი საქონლის ჯამური თანხის ოდენობა, რამაც შეადგინა 195 911 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაუქმებელია არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების დარიცხვა და საბუღალტრო პროგრამისა და ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, განმეორებით, შემოწმების პროცესში დადგენილ ნაშთს 481 019 ლარი უნდა გამოაკლდეს შიდა მოხმარებისათვის გახარჯული საქონლის ნაშთი 195 911 და გამოაკლდეს საბოლოო ნაშთი 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 124 453 ლარი, შესაბამისად, დასაბეგრი ბრუნვა ექვემდებარება კორექტირებას და შეადგენს 106 956 ლარს, საიდანაც გადასახდელი დღგ შეადგენს 28 972 ლარს.
აქვე აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია და არ გათვალისწინებულა ავტომანქანების ექსპლოატაციისათვის საჭირო მასალების ჩამოწერები, რაც მსგავსი მიზნებისათვის ერთ-ერთი მსხვილი ხარჯია, აღნიშნული საერთოდ არ გაითვალისწინა წინა შემმოწმებელმა.
მომჩივანი საჩივარში აფიქსირებს ექსპერტიზის მოსაზრებებს სადავოდ წარდგენილ საკითხებზე და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზამ აუდიტორული კომპანიის წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით, განიხილა აუდიტორული დასკვნის რეალობა, ექსპერტიზის დასკვნით აუდიტორული დასკვნა შედგენილია მათ ხელთ არსებული ბუღალტრული დოკუმენტების საფუძველზე, რისი გათვალისწინებითაც დამატებით დარიცხვას ექვემდებარება 232 504 ლარი, ნაცვლად შემოსავლების სამსხურის მიერ დარიცხული 867 432 ლარისა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 2023 წლის 26 ივლისის №18106 ბრძანებით საჩივარი, ახლად აღმოჩენილი, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის დაწყების განახლების ნაწილში - არ დააკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების ნაწილში - დარჩა განუხილველი, რასაც არ ეთანხმება და ასაჩივრებს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას არ აქცევს საგადასახადო კოდექსის იმ მოთხოვნას, რომ, ახლად აღმოჩენილ გარემოების გამოვლენის დროს დავის ხელახლა დაწყების შემდეგ ადრე თუნდაც აღიარებული საგადასახადო მოთხოვნა უკვე აღარ ითვლება აღიარებულად და უკვე არ აღიარებული საგადასახადო მოთხოვნაა, ასევე ადრე გასაჩივრების ვადის გასვლას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახალი გარემოებების შემთხვევაში დავის ხელახლა დაწყების დროს. შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ ადრე განხილულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილებების თაობაზე, რაშიც ძირითადად ნამსჯელია მათ მთავარ აქცენტზე - ადრე გასაჩივრების ვადის გასვლაზე. ახლად აღმოჩენილ გარემოებების საფუძველზე კი, გასაჩივრების ვადა ხელახლა იწყება შემოსავლების სამსახურში საჩივრის შეტანის შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსის 299- ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებაა, რაც საფუძველია ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებისა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული კი ჩამოყალიბებული იყო პრეცედენტულ დავების განხილვის საბჭოს შპს ------- საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 21.02.2022 წლის №4299 ბრძანებაში (რომელიც თანდართული იყო საჩივარზე) და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.12.2020 წლის №11590/2/2020 გადაწყვეტილებაში, იგივე ორგანიზაციის საჩივართან დაკავშირებით.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, კვალიფიციური ექსპერტის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა საგადასახადო დავის ხელახლა დასაწყებად ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილ გარემოებად განიხილება, რასაც ადასტურებს საბჭოს პრეცედენტული 18.12.2020 წლის №11590/2/2020 გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „-------“-ის ექსპერტიზის დასკვნით აუცილებელია გადასახადის გადამხდელის 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება, რომელიც განხორციელებულია შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის არაპირდაპირი მეთოდით, მასალები შემდგომი გადაანგარიშების მიზნით უნდა დაუბრუნდეს საგადასახადო სისტემას შესაბამისი ორგანოების მიერ შემოსავლების და ხარჯების პირდაპირი მეთოდებით გაანგარიშებისათვის, უნდა გათვალისწინებულ იქნეს შპს „-------“ აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მასალები, მონაცემები და ამის შემდეგ უნდა მოხდეს გადასახადების დარიცხვა.
ამდენად, აუცილებელია მოხდეს შესაბამისი გადაანგარიშება შემმოწმებლების მიერ კომპანიაში განმეორებით ადგილზე მისვლით, რასაც ითვალისწინებს გასვლითი საგადასახადო შემოწმება და განხორციელდეს შემოწმების აქტის მონაცემების ობიექტური, სამართლიანი კორექტირება.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი:
- აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 დეკემბრის შემოწმების შუალედურ აქტი, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №39151 ბრძანება;
- აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტის №18597 ბრძანება და 10.06.2021 წლის №081-175 საგადასახადო მოთხოვნა;
- ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს N081-890 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტი „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“;
- შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივლისის №18106 ბრძანება.
ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს განახორციელოს ხელახალი გადაანგარიშება და ბრძანებებში, საგადასახადო მოთხოვნაში და შემოწმების აქტებში მითითებული ციფრობრივი მონაცემების კორექტირება წარდგენილი „-------“-ის 2023 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა, არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების/განახლების საფუძველი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების მოთხოვნის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე
ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია პროცედურულ გარემოებებში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, საქმეში არსებული მასალებზე, რომ შპს „-------“ მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რაზედაც 2021 წლის 25 იანვარს გამოიცა 2021 წლის 27 აპრილის №12750 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 20 ივლისის და 2 აგვისტოს წარდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9947 ბრძანებით დარჩა განუხილველი. იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ 2022 წლის 21 მარტს შპს „-------“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის: აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანების და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 ქონებაზე ყადაღის დადების №2021/081-890/1 აქტის ბათილად ცნობა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 21 მარტის სარჩელი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანებასთან და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081- 890/1 აქტთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ;
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რაზედაც 2021 წლის 25 იანვარს გამოიცა 2021 წლის 27 აპრილის №12750 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 20 ივლისის და 2 აგვისტოს წარდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9947 ბრძანებით დარჩა განუხილველი.
ასევე დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანების და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით და რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 21 მარტის სარჩელი.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანებასთან და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტთან დაკავშირებით, მიღებულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები, ამასთან, ხსენებული ადმინისტრაციული აქტები გასაჩივრებულია გადასახადის გადამხდელის მიერ სასამართლოში, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებების და მტკიცებულებების საფუძვლით;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18106 ბრძანება და ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ გადაწყვიტა რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299; 301(ე, ზ, ი); 304