ბრძანება N 4992

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 4992
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4992

15.03.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: -----------)

(იურ. მის.: ----------)

2023 წლის 8 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 8 თებერვლის №78962/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №007-406 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15494 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33766 ბრძანება და ამავე თარიღის №007–406 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 749 083 ლარი, მათ შორის გადასახადი 397 234 ლარი, ჯარიმა 204 330 ლარი და საურავი 147 519 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმებით, სააღრიცხვო მონაცემებისა და ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სალაროში ფიქსირდებოდა დიდი ოდენობით უძრავი ნაშთები და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები, რომელთა მიზნობრიობა არ დასტურდებოდა. შემოწმებით, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, შემდგომში სალაროში თანხის შეტანა ჩაითვალა აღებული სესხის ნაწილის დაბრუნებად და შესაბამის საანგარიშო პერიოდში საწარმომ მიიღო მოგების გადასახადის ჩათვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე. ამასთან, შემოწმებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, გაანგარიშდა სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც დაკვალიფიცირდა დაქირავებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის პირველ მარტს 11:20 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა გადამხდელი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფსახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“.

აღნიშნული მეთოდური მითითების (დანართი №9) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება თუ არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მცირდება გონივრული ნაშთის ფარგლებში ან არ აღემატება 1 000 ლარს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ 2022 წლის 19 მაისს საბანკო სავალუტო ანგარიშზე შეტანილი აქვს 200 000 აშშ დოლარი (588 840 ლარი), რომელიც ფიქსირდება საბანკო ამონაწერშიც. აცხადებს, რომ არაგონივრულ ნაშთად მიჩნეული სალაროს თანხით საწარმომ ეტაპობრივად შეიძინა 200 000 აშშ დოლარი და შეიტანა საწარმოს საბანკო სავალუტო ანგარიშზე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდს, არ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის მიერ 2022 წლის 19 მაისს ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით სალაროში განხორციელებული შენატანი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, განმარტა, რომ გადამხდელს სალაროდან თანხის გატანა უფიქსირდებოდა 2022 წლის მარტის თვეში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს (მ.შ. შესამოწმებელი პერიოდის გარეთ) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მცირდება გონივრული ნაშთის ფარგლებში, ამ ნაწილში საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საბანკო ამონაწერი);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს (მ.შ. შესამოწმებელი პერიოდის გარეთ) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მცირდება გონივრული ნაშთის ფარგლებში, ამ ნაწილში საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.