გადაწყვეტილება №21367/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 21367/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21367/2/2023

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 20.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21367/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 110 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 23 951

ჯარიმა - 9 549

საურავი - 3 610

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ჯართითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.07.2023 წლის №17566 ბრძანება და №063-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიღება. ასევე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე (RS.GE) და რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი იქნა მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 29 მარტს, თუმცა მისი მხრიდან დოკუმენტაციის წარმოდგენას ადგილი არ ქონია, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№187873).

იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით ვერ მოხდა მის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დოკუმენტურად განსაზღვრა (გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვაზე მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) და ამავდროულად გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, მისი საგადასახადო ვალდებულებების, კერძოდ, გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზებული საქონლის ღირებულების 75%-ის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ სადავო საკითხებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებთან არა ერთხელ სცადა კომუნიკაციის დამყარება წარმომადგენელმა, რომელიც გარკვეული იყო აღრიცხვიანობისა და დაბეგვრის საკითხებში. მეწარმეს ჰქონდა კითხვები წარსადგენი ინფორმაციის ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით, სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხების მიღების მიზნით ცდილობდა შემმოწმებლებთან კომუნიკაციას მეწარმის წარმომადგენელი პირი, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, რადგან წარმომადგენელ პირს არ პასუხობდნენ შემმოწმებლები. შედეგად, ინფორმაციის 5 სამუშაო დღეში ვერ წარდგენის გამო მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა, რაც მეწარმემ გადაიხადა. ამის შემდეგ კი მეწარმემ მის პირად საგადასახადო პორტალზე პირდაპირ მიიღო აქტი, ანუ აქტის პროექტის გაცნობა, დარიცხვებთან და გაანგარიშებასთან დაკავშირებით შემმოწმებლების მიერ არანაირი ინფორმაციის მოწოდება და კომუნიკაცია მეწარმესთან არ მომხდარა. შედეგად კი, შემმოწმებლებთან კომუნიკაციის არქონის ფონზე, მივიღეთ ის, რომ მეწარმემ ვერ მოახერხა მის ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შემმოწმებლებისათვის მიწოდება. კერძოდ, მეწარმე აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და აქვს ასევე ყველა შესყიდვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები) სრულად, შესაბამისად დარიცხვის საფუძველი არ არსებობს და ეს გამოწვეულია მხოლოდ შემმოწმებლების მიერ გადამხდელთან არასაკმარისი კომუნიკაციით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა გადამხდელის წარმომადგენლებს და ყოველმხრივ უსაფუძვლოდ, არ დააკმაყოფილა გადამხდელის საჩივარი, რომელსაც მტკიცებულების სახით თანდართული ჰქონდა რამდენიმე შაბლონური დოკუმენტი. შესაბამისად გადამხდელს არ მიეცა საშუალება სრულად წარედგინა შემოწმებისთვის სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

შესაბამისად, მოითხოვს, მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და დოკუმენტაცია. ნიმუშად ამავე საჩივარს თან ურთავს სამ შესყიდვის აქტს, თუმცა, როგორც აღნიშნავს მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შემმოწმებლებისათვის სრულად შეძლებს. თავის მხრივ, ითხოვს, რომ შემმოწმებლებს დაევალოს მის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მონაცემებისა და დოკუმენტაციის სიღრმისეულად შესწავლა და შესაბამისად მათ მიერ განხორციელებული დარიცხვების კორექტირება, რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები. ასევე, შესაბამისად შემცირდეს მიმდინარე საშემოსავლო გადასახადი.

 

2. საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის შეძენები, რეალიზებული საქონელი ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედით, რაზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1333 მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის შეძენები, რეალიზებული საქონელი შემოწმების მიერ მიჩნეული იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ სადავო საკითხებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ პირველ ნაწილში არის აღწერილი, რომ არ ეთანხმება 73-ე მუხლისა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებას, ვინაიდან მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის საშუალება მეწარმეს არ მიეცა, შემმოწმებლების მიერ განხორციელებული არასწორი კომუნიკაციის გამო.

გარდა ამისა, მეწარმისათვის არ მომხდარა არც აქტის პროექტის და არც გაანგარიშების ცხრილების გაცნობა და წარდგენა. შესაბამისად გაუგებარია, თუ როგორც მოხდა ფიზიკური პირებისათვის გადახდილ თანხად ჩათვლილი და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება. თვლის, რომ აღნიშნული გაანგარიშებული შეცდომით და შესაბამისად შეცდომით არის გაანგარიშებული შემმოწმებლების მიერ დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები.

ამასთან, რომ შემოსავლების სამსახურმა სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა გადამხდელის წარმომადგენლებს და ყოველმხრივ უსაფუძვლოდ, არ დააკმაყოფილა გადამხდელის საჩივარი, რომელსაც მტკიცებულების სახით თანდართული ჰქონდა რამდენიმე შაბლონური დოკუმენტი. შესაბამისად გადამხდელს არ მიეცა საშუალება სრულად წარედგინა შემოწმებისთვის სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

შესაბამისად, მოითხოვს, რომ მეწარმეს მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და დოკუმენტაცია. ნიმუშად ამავე საჩივარს თან ურთავს სამ შესყიდვის აქტს, თუმცა როგორც აღნიშნა მეწარმეს სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შემმოწმებლებისათვის სრულად შეძლებს. თავის მხრივ, ითხოვს, რომ შემმოწმებლებს დაევალოს მის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მონაცემებისა და დოკუმენტაციის სიღრმისეულად შესწავლა და შესაბამისად მათ მიერ განხორციელებული დარიცხვების კორექტირება. რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა, მათი გაანგარიშებების ცხრილების მისთვის მიწოდება და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-15 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 9 549 ლარი და საურავი - 3 610 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24548 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიღება. ასევე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე (RS.GE) და რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი იქნა მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 29 მარტს, თუმცა მისი მხრიდან დოკუმენტაციის წარმოდგენას ადგილი არ ქონია, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებგვერდის მეშვეობით ვერ მოხდა მის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დოკუმენტურად განსაზღვრა (გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვაზე მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები) და ამავდროულად გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, მისი საგადასახადო ვალდებულებების, კერძოდ, გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, რეალიზებული საქონლის ღირებულების 75%-ის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 1333; 154(1„ა“); 275.