ბრძანება N 8219

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.05.2025
№ დოკუმენტი 8219
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8219

01 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის: ----- ----- N --)

2025 წლის 8 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 აპრილის სხდომაზე (ოქმი N -----) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) N -----/-/2025, N -----/-/2025 და N -----/-/2025 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის N EL-----, N EL ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და N EL-----/-/-- (N -- - ---) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო ტერმინალიდან შეცდომით იქნა გამოგზავნილი დაუდეკლარირებელი კონტეინერი, რაშიც კომპანიას ბრალი არ მიუძღვის. ლუქის ახსნის გარეშე კომპანია ვერ გაარკვევდა, რომ საქონელი არ იყო გაფორმებული. აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ატების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----“-ის (ს/ნ -----) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებულ ორ კონტეინერზე (N FFAU-----; N MSBU-----), რომლებშიც მოთავსებული იყო შპს „-----“-ის (ს/ნ -----) კუთვნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოსაქცევი საქონელი (შავი ჩაი – 27 069 კგ), 2025 წლის 29 მარტს დარეგისტრირდა N -----/С---- საქონლის საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „მწვანე დერეფანი“. შესაბამისად, საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

შპს „-----“-ის 2025 წლის 31 მარტის N -----/21-10-18 განცხადებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ საბაჟო საწყობიდან (GEF--) N -----/С----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელთან (კონტეინერები: N FFAU----- და N MSBU-----) ერთად, შეცდომით გატანილი იქნა N BMOU----- კონტეინერი, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედევლობას 01 მაისი 2025 N 8219 დაქვემდებარებული საქონელი (ჩაი – 13 850 კგ). მითითებული საქონელი საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად გადმოიტვირთა კონტეინერიდან და განთავსდა იმპორტიორის საწყობში.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი N --/--/2025), რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან შპს „-----“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის პირველ აპრილს შედგენილ იქნა N EL---- და N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-----“-ს (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა: 27633.37 ლარის ოდენობით სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 5 000 ლარის ოდენობით სსკ-ის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან ერთად, 2025 წლის პირველ აპრილს გამოიცა N EL-----/--- საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც შპს „-----“-ს (ს/ნ -----) დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი 27633.37 ლარის (დღგ – 17322.41 ლარი; იმპორტის გადასახადი – 10310.96 ლარი) ოდენობით, ასევე საურავი – 41.45 ლარი.

შპს „-----“-ის წარმომადგენელმა 2025 წლის პირველ აპრილს N -----/21-10-18 განცხადებით მოითხოვა შპს „-----“-ის საწყობში განთავსებული საქონლისა და N BMOU----- კონტეინერის განმეორებითი დათვალიერება. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მითითებულ კონტეინერში და საწყობში არსებული საქონლის დათვალიერება. კერძოდ, დათვალიერდა საწყობში პალეტებზე მოთავსებული 370 მუყაოს ტომარა, ასევე საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ N BMOU----- კონტეინერში (რომელსაც მოხსნილი ჰქონდა საბაჟო ლუქი და იყო შეღწევადი) განთავსებული 130 მუყაოს ტომარა და შედგა დათვალიერების აქტი N - (--/--/2025). აღნიშნული დათვალიერების აქტის მიხედვით, ჩაის ტომრების შეფუთვებზე დატანილი ინფორმაცია (ლოტის ნომერი, შეფუთვის თარიღი, მოქმედების ვადა, ბრუტო და ნეტო წონები, ასევე სტანდარტი STD -----/ OPA) თანხვედრაშია კომპანიის წარმომადგენლის მიერ განცხადებით (N -----/21- 10-18 01.04.2025) წარმოდგენილ N KEN/-----/2024 (20/12/2024) ინვოისში არსებულ ინფორმაციასთან.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა - ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე საკანონმდებლო აქტის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საბაჟო სანქცია ნორმის ელემენტია, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საბაჟო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.

საჩივარში მითითებული გარემოებები და 2025 წლის 3 აპრილის N --- დათვალიერების აქტის შედეგები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი მოქმედებები არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ.N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ატების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბაჟო საწყობიდან საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელთან ერთად, შეცდომით გატანილი იქნა კონტეინერი, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედევლობას დაქვემდებარებული საქონელი. მითითებული საქონელი საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად გადმოიტვირთა კონტეინერიდან და განთავსდა იმპორტიორის საწყობში. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა 27633.37 ლარის ოდენობით სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 5 000 ლარის ოდენობით სსკ-ის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

გადაწყვეტილება:

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

მუხლი 166; მუხლი 172