ბრძანება N 25159

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.11.2024
№ დოკუმენტი 25159
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25159

29 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 16 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) №171625/21-10-22 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 16 ოქტომბრის №010469/2024 დასკვნის შედეგების საფუძველზე 2024 წლის 12 ოქტომბრის №------------- საბაჟო დეკლარაციით დამატებით დარიცხულ თანხის მართლზომიერების საკითხს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დეკლარაცია მოხდა ყვითელ დერეფანში, რის შემდეგაც ექსპერტიზის შედეგებით დამატებით დაერიცხა გადასახდელი თანხა, რასაც არ ეთანხმება, თუმცა მასთან დაკავშირებით არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 12 ოქტომბერს შპს „---------“(ს/ნ ----------) მიერ ელექტრონულად (განცხადება №----------) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „----------“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით – „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის (დახერხილი ხის მასალა – 37.63 მ3 ) საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №--------- საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება. შემოწმების ფარგლებში, საქონლის სახეობის, მისი ხარისხის, კლასების, მწარმოებელი ქვეყნის და რაოდენობის შესაბამისად, შესწავლილ იქნა საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზასა და თავისუფალ წყაროებზე იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი.

აღნიშნულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული – „სავალდებულოდ შესასრულებელი“ წინასწარი გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის (-----------) წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა „გარიგების ფასს“

განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით დადგინდა, რომ დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რის გამოც არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 16 ოქტომბრის №-------- დასკვნის მიხედვით, 1მ3 დახერხილი ხის მასალის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 205 აშშ დოლარი.

შპს „----------“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 37.63 მ3 დახერხილი ხის მასალის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 16774.38 ლარს, ექსპერტიზით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება კი – 21031.09 ლარს.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს „----------“ 40 000 აშშ დოლარის ხის მასალა უნდა შეიძინოს „---------“-ისგან, მაგრამ ხელშეკრულებაში მითითებული არაა შესაძენი საქონლის რაოდენობა, შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულებით ვერ განისაზღვრება საქონლის ერთეულის ფასი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, თუ სრულდება შემდეგი პირობა – არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 16 ოქტომბრის №--------- დასკვნის მიხედვით საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის თავი VI საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები. შესაბამისად წარმოდგენილი საქონლის, დახერხილი ხის მასალა (4407) 1 მ3 -ის საბაჟო ღირებულება შეადგენს 205 აშშ დოლარს.

დადგენილია, რომ საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის მოხდა საქონლის დოკუმენტაციის კამერალური შემოწმება. ამავდროულად, აღნიშნულ კომპანიას დამატებით მოეთხოვა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა (ხელშეკრულება, ინვოისის შესაბამისი გადარიცხვები, ქვითრები და ა.შ.). შესწავლილ იქნა საქონლის სახეობის, მისი ხარისხის კლასების, მწარმოებელი ქვეყნის და რაოდენობის შესაბამისად საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზასა და თავისუფალ წყაროებზე იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული – „სავალდებულოდ შესასრულებელი“ წინასწარი გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის (----------) წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა „გარიგების ფასს“.

რაც შეეხება საჩივრით წარმოდგენილ ხელშეკრულებას (№------------), აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „-------------“ 40 000 აშშ დოლარის ხის მასალა უნდა შეიძინოს „-------------“-ისგან, მაგრამ ხელშეკრულებაში მითითებული არაა შესაძენი საქონლის რაოდენობა, შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულებით ვერ განისაზღვრება საქონლის ერთეულის ფასი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 16 ოქტომბრის №---------- ექსპერტიზის დასკვნის შედეგები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ დეკლარაცია მოხდა ყვითელ დერეფანში, რის შემდეგაც ექსპერტიზის შედეგებით დამატებით დაერიცხა გადასახდელი თანხა, რასაც არ ეთანხმება, თუმცა მასთან დაკავშირებით არგუმენტაცია არ წარმოუდგენია

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის მოხდა საქონლის დოკუმენტაციის კამერალური შემოწმება. ამავდროულად, აღნიშნულ კომპანიას დამატებით მოეთხოვა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. შესწავლილ იქნა საქონლის სახეობის, მისი ხარისხის კლასების, მწარმოებელი ქვეყნის და რაოდენობის შესაბამისად საბაჟო ღირებულების მონაცემთა ბაზასა და თავისუფალ წყაროებზე იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასი.

აღნიშნულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული – „სავალდებულოდ შესასრულებელი“ წინასწარი გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა „გარიგების ფასს“.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 16 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის შედეგები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

5;6;27(2);38(2);43(3);