გადაწყვეტილება №21603/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21603/2/2023
12 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21603/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №006-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29032 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 643 683 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 307 863
დღგ - 242 520
საშემოსავლო გადასახადი - 65 343
ჯარიმა - 151 959
საურავი - 183 861
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 27.01.2017 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 2 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია დღგ-ის გადამხდელია 2018 წლის 13 თებერვლიდან. რეგისტრაციის თარიღიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 288 765 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ 2017 წლის დეკემბერში გაყიდა საქონელი, რომლის ღირებულებამ შეადგინა
191 440 ლარი, რამაც საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად წარმოშვა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმებით დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 21 დეკემბერი. ამასთან დადგინდა, რომ კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული, პირველადი სააღრიცხვო მონაცემებით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე (საბანკო ამონაწერი, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) გამოვლენილი სხვაობა 1 347 339 ლარის ოდენობით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე (ნებაყოფლობით რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდგომი პერიოდების მიხედვით);
2. დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ხელფასი ჯამურად შეადგენს 3 100 ლარს. შემოწმებით, შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი 401 369 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი (გადასახადის გადამხდელის განმარტებით სალაროში არსებული ფული, 1 000 ლარის გამოკლებით, 401 369 ლარის ოდენობით) ხელფასის სახით მიღებული აქვს დირექტორს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2020 წლის №37150 ბრძანება და №006-725 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 52 125 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №006-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.07.2023 წლის №19783/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა 27.11.2023 წლის №29032 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 12 ოქტომბერს 12:40 სთ-ზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მომჩივანმა 2023 წლის 11 ოქტომბერს წარადგინა განცხადება №170799/21, რომლითაც მოითხოვა საჩივრის განხილვის გადადება, შესაბამისად, საჩივრის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის შემდგომ, საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2023 წლის 2 ნოემბერს 12:30 სთ-ზე, მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, საჩივარში დაფიქსირებულ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის (2020 წლის პირველი მაისის შეთანხმება) მიხედვით ირკვევა, რომ შპს „---------“ 2020 წლის მაისის თვეში დააკორექტირა 2020 წლის თებერვალში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -----------, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად, 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა. საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებით, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, შესაბამისად, შემოწმებას 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდი არ მოუცვია. საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ოპერაცია კორექტირებას ექვემდებარება 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება კორექტირებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტს გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის სრულად არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განხილულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ქონდა სასესხო ურთიერთობა სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტებთან, რომლის დასტურად წარდგენილი იქნა სასესხო ხელშეკრულებები, გაცემულ სესხების ნაწილზე მოხდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა სალაროსა და საქვეანგარიშო პირის ნაშთზე და არ იქნა ხელშეკრულების პირობები გათვალისწინებული. 2020 წლის თებერვლის თვეში დადებული გარიგება კომპანიას ჩაეშალა არსებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დააკორექტირა 2020 წლის მაისში, შემოწმების ჯგუფის მიერ ვერ მოხდა
კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შედეგის განხილვა, რადგან არ მოიცავდა შესამოწმებელ პერიოდს და შესაბამისად, მოხდა ვალდებულების გაზრდილი ოდენობით დარიცხვა, ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა კომპანიას.
მომჩივანი ითხოვს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სასესხო ხელშეკრულებების გადახედვას, კორექტირების პერიოდზე შემოწმების ჩატარებას, რათა გათვალისწინებულ იქნეს კორექტირების შედეგი და დაზუსტდეს ვალდებულება, აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი არ არის გადასახადის არ გადახდა და მთავარი ფაქტორი იმ პერიოდში შექმნილი ფორს-მაჟორული გარემოებებია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 52 125 ლარით, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის დასკვნით ირკვევა შემდეგი:
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის ანალიზითაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2020 წლის მაისში დააკორექტირა 2020 წლის თებერვალში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს 2020 წლის მაისში შედგენილი შეთანხმება. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ დაექვემდებარა კორექტირებას (საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა თავდაპირველ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (--------- ანგარიშ-ფაქტურა) ასახული დასაბეგრი ბრუნვა);
ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიამ იურიდიულ პირებს სესხად გადასცა თანხა 139 000 ლარის ოდენობით. გადაანგარიშების პროცესში, აღნიშნული თანხით შემცირდა გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებით ჩათვლილია დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილია 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა.
ასე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულების შედეგები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში, მანამდე დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიურად, რომელიც ცნობილია საბჭოსათვის, კვლავაც აღნიშნავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ქონდა სასესხო ურთიერთობა სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტებთან, წარდგენილი იქნა სასესხო ხელშეკრულებები, გაცემულ სესხების ნაწილზე მოხდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და არ იქნა ხელშეკრულების პირობები გათვალისწინებული. 2020 წლის თებერვლის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დააკორექტირა 2020 წლის მაისში, შემოწმების ჯგუფის მიერ ვერ მოხდა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შედეგის განხილვა, რადგან არ მოიცავდა
შესამოწმებელ პერიოდს და შესაბამისად, მოხდა ვალდებულების გაზრდილი ოდენობით დარიცხვა, ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა კომპანიას. ითხოვს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სასესხო ხელშეკრულებების გადახედვას, კორექტირების პერიოდზე შემოწმების ჩატარებას, რათა გათვალისწინებულ იქნეს კორექტირების შედეგი და დაზუსტდეს ვალდებულება.
აღსანიშნავია, რომ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მისი მონაწილეობით განხილვა, რაც როგორც გაირკვა არ განხორციელებულა, ხოლო შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანებით ასევე ირკვეოდა, რომ საჩივრის განხილვა მოხდა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მომჩივნის პოზიციის მოსმენის გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19783/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
ამგვარად, გადასახადის გადამხდელს მიეცა არგუმენტების/პოზიციების წარდგენის და საჩივრის მისი მონაწილეობით განხილვის შესაძლებლობა მაგრამ, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, ხსენებული შესაძლებლობა მომჩივანს არ გამოუყენებია, მიუხედავად არაერთი მიწვევისა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14025 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მისი მონაწილეობით განხილვა, რაც როგორც გაირკვა არ განხორციელებულა, ხოლო შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9000 ბრძანებით ასევე ირკვეოდა, რომ საჩივრის განხილვა მოხდა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მომჩივნის პოზიციის მოსმენის გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19783/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
179;275;