ბრძანება N 2931
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2931
12 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -----------ის (ს/ნ ------------------)
(მის.: -----------------------------------)
2024 წლის 19 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ ------------------) 2024 წლის 19 იანვრის №86921/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №021-109 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის სისწორეს. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მისი შემოსავალი იჯარის სახით შეადგენდა 17 696 ლარს, შესაბამისად, გადასახდელი დღგ შეადგენს 2 699 ლარს, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 3 002 ლარისა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ პირადი მოხმარებისთვის შეძენილი პროდუქტების საერთო ღირებულება შეადგენს 6 222 ლარს. ამასთან, განმარტავს, რომ აღნიშნული პროდუქტებიდან დღგ-ის ჩათვლა განახორციელა 949 ლარის ოდენობით, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 2 150 ლარისა.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების ოდენობას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის სისწორეს. მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 297 113 ლარს, აქედან დეკლარირებული ჰქონდა 55 448 ლარი, შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 3 653 ლარისა შეადგენს 2 416 ლარს.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების გამოსყიდვის შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. მიუთითებს, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა ოჯახის კერძო საკუთრებას, რომელიც ბანკის მიერ დატვირთული იყო იპოთეკით, მაგრამ წლების შემდეგ, როგორც მეწარმე სუბიექტმა, უძრავი ქონება გამოისყიდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. აცხადებს, რომ სურს განახორციელოს აღნიშნული ქონების რეკონსტრუქცია და გადააკეთოს საოჯახო ტიპის სასტუმროდ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22371 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ ------------------)) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 22 დეკემბრის №32508 ბრძანება და ამავე თარიღის №021-109 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 500 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 726 ლარი, ჯარიმა 19 430 ლარი, საურავი 10 344 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აქვს გაცემული ფართი, ხოლო მიღებული შემოსავალი მეწარმის მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დარიცხვის სისწორე. შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ ჩათვლილი და შესაბამისად შემცირებული აქვს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელს მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა 1%-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შეადგენს 421 106 ლარს. გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს მთლიან შესამოწმებელ პერიოდში 55 448 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა შეადგენს 365 658 ლარს, შესაბამისად, გადასახადი შემცირებულია. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის თებერვლის თვეში სს „--- ბანკიდან“ შეძენილი აქვს საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული ბინა იყო ოჯახის საკუთრება, რომლის ნაწილი 181 კვ.მ (მეორე ნახევრის მფლობელია დედა) 2021 წლის 15 თებერვალს, როგორც იპოთეკის საგანი, საკუთრებაში გადაეცა სს „--- ბანკს“. 2023 წლის 2 თებერვალს, გადასახადის გადამხდელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამოისყიდა სახლი და ჩაითვალა 5 953 ლარის ოდენობის დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა მიღებული ჩათვლები და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აქვს გაცემული ფართი, ხოლო მიღებული შემოსავალი არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იჯარით გაცემული აქვს უძრავი ქონება. მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, შეადგენს სულ 17 696 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში, 2020 წლის ივლისის თვეში, გადასახადის გადამხდელს, მიღებული აქვს შემოსავალი 1 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც დღგით დაბეგვრას არ დაექვემდებარა (დღგ-ის გადამხდელია 12.08.2020 წლიდან), ხოლო 16 696 ლარი წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 3 002 ლარი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით იჯარით გაცემული ფართის დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ აქვს ჩათვლილი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონლზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეესტრის მიხედვით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქონელი შეძენილია პირადი მოხმარებისთვის და არ მომხდარა მისი გამოყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაში, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით პირადი მომხარებისათვის შეძენილ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას, შედგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან და იბეგრება:
ა) 1 პროცენტით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) 3 პროცენტით, თუ მისმა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი 3%-იანი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვე) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, შესაბამისად, მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა 1%-ით. გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი შემოსავალი დეკლარირებული აქვს მთლიან შესამოწმებელ პერიოდში 55 448 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა შეადგენს 365 658 ლარს.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, დასაბეგრი შემოსავლის 297 113 ლარის ოდენობასა და დეკლარირებულ 55 448 ლართან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლის სახით მიღებული აქვს 438 801 ლარი, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 330 568 ლარს (დღგ-ის რეგისტრაციიდან გამომდინარე), ნაცვლად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 200 373 ლარისა. ხოლო, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის სისწორეს, შემოწმებით დაბეგვრას დაექვემდებარა 421 106 ლარი (1%-ით დასაბეგრი) და 17 696 ლარი (20%-ით დასაბეგრი). გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი აქვს მხოლოდ 55 447 ლარი 1%-ით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ და ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის თებერვლის თვეში სს „--- ბანკიდან“ შეძენილი აქვს საცხოვრებელი სახლი, რომლის ნაწილიც 2021 წლის 15 თებერვალს, როგორც იპოთეკის საგანი,საკუთრებაში გადაეცა სს „---- ბანკს“. 2023 წლის 2 თებერვალს, გადასახადის გადამხდელმა, ნასყიდობის ხელშკრულებით გამოისყიდა სახლი და ჩაითვალა 5 953 ლარის ოდენობის დღგ. შემოწმებით გაუქმდა მიღებული ჩათვლები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, ხოლო შემოწმებით არ დგინდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი სახლის შეძენის შედეგად ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -----------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის სისწორეს.
2.პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონელზე ჩათვლილი დღგ-ის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3.შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების ოდენობას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის სისწორეს.
4.უძრავი ქონების გამოსყიდვის შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22371 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32508 ბრძანება და №021-109 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 500 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აქვს გაცემული ფართი, ხოლო მიღებული შემოსავალი მეწარმის მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელს პირადი მოხმარებისთვის შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ ჩათვლილი და შესაბამისად შემცირებული აქვს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. მომჩივანს აქვს მინიჭებული მცირე ბიზნესის სტატუსი.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა 1%-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს. შედეგად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის თებერვლის თვეში სს „თიბისი ბანკიდან“ შეძენილი აქვს საცხოვრებელი სახლი. შემოწმებით არ დგინდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, გადასახადის გადამხდელმა, ნასყიდობის ხელშეკრულებით ჩაითვალა დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა მიღებული ჩათვლები და დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90(1,3); 93(11); 158(1);159(1 „ბ“); 163(1,2); 164(1); 173(1); 175(1 „ა“ და „ბ“ ,2);176(1);