გადაწყვეტილება №17882/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17882/2/2022
2.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ის 29.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17882/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.10.2021 წლის გადაწყვეტილების (№13912/2/2021) აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2022 წლის №094-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 8 373 872 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 4 315 151
დღგ - 32 035 მიწა (არასასოფლო) – 57 096
საშემოსავლო გადასახადი - 4 226 020
ჯარიმა - 2 156 970 საურავი - 1 901 751
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვა და შემდგომი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2020 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - 2017-2018 წლებში საბანკო ანგარიშების საშუალებით გადარიცხულია თანხები არარეზიდენტი პირებისათვის, ჯამში 421 844 დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემების შესაბამისად, აღნიშნულ პირებთან ოპერაციები განხორციელებული არ არის და საწყის ნაშთებში დავალიანების არსებობა არ დასტურდება. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი განმარტება, დოკუმენტაცია ან სხვა სახის მტკიცებულება, რაც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობას განმარტავდა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების შესაბამისად, გადახდილი თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
- გადასახადის გადამხდელს ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული აქვს მეორადი აკუმულატორების ჯართი. 2017 წლის ივლისიდან აღნიშნული საქონლის მიწოდება განხილულია საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათავისუფლებულ მიწოდებად და არ არის დაბეგრილი დღგით.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი არ ეხება მეორადი აკუმულატორების მიწოდებას, ვინაიდან აღნიშნული საქონელი დაბეგვრის მიზნებისთვის არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონის ჯართს და არც მათ ნარჩენებს, აღნიშნულის გათვალისწინებით, მეორადი აკუმულატორების მიწოდება განხილული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ამასთან ვერ შეძლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გაშიფვრა, საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაციისა და ფიზიკური პირებისგან ჯართის შესყიდვის აქტების წარდგენა. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ასევე ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების საშუალებით დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის რაოდენობა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებულ შეძენილი საქონლის რაოდენობას. 2016 წლის მოგების დეკლარაციაში დაფიქსირებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 7 316 728 ლარის ოდენობით, რომლის რაოდენობრივი გაშიფვრა ასევე, ვერ მოახდინა გადამხდელმა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისათვის, საწყისი სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობის განსაზღვრისთვის, 2016 წლის მოგების დეკლარაციაში ასახული თანხა საქონლის სახეობებზე განაწილდა მთლიან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის პროპორციულად, მიღებული თანხობრივი მონაცემი გადაყვანილ იქნა რაოდენობრივ მონაცემში საწყის პერიოდებში დაფიქსირებული საშუალო ფასების შესაბამისად. აღნიშნული მეთოდით განსაზღვრული საწყისი ნაშთებისა და შეძენის/რეალიზაციის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი თვეების ჭრილში.
საქონლის ის რაოდენობა, რომელთა რეალიზება დოკუმენტურად დადასტურებულია, მაგრამ არ ფიქსირდებოდა შესაბამისი ნაშთის ან/და შეძენის არსებობა, ჩაითვალა ამავე პერიოდებში შეძენილად სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასებით. აღნიშნული მეთოდით, განისაზღვრა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი ჯართის რაოდენობები და ღირებულებები თვის ჭრილში.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დასაბეგრი თანხა განისაზღვრა შემოწმებით დადგენილი მონაცემების შესაბამისად, შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2020 წლის №38683 ბრძანება და 25.12.2020 წლის №094-195 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19100 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მე-4 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო შემოწმების აქტით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე, შეფარდებული ფულადი ჯარიმის 2 800 ლარის ნაცვლად, შეეფარდა გაფრთხილება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.06.2021 წლის №19100 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.10.2021 წლის გადაწყვეტილებით (№13912/2/2021) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ:
- პირველი, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 22.10.2021 წლის გადაწყვეტილების (№13912/2/2021) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის დასკვნის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 275 432 ლარით (მოგების გადასახადის ნაწილში), აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2022 წლის №22400 ბრძანება, 29.08.2022 წლის №094-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2022 წლის 27 სექტემბერს გასაჩივრდა (რეგ.: №176058/21) შემოსავლების სამსახურში. საჩივარი 29.09.2022 წელს №97818-21-02 წერილით გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის დასკვნას არ ეთანხმება, განხორციელებულ დარიცხვას, სადავოდ წარმოდგენილი საკითხების ნაწილში, არამართებულად მიიჩნევს. აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და წარმოადგენს შემდეგ არგუმენტებს:
კომპანია ჯართის მნიშვნელოვან ნაწილს შეისყიდის საქართველოში ფიზიკური პირებისგან, რეალიზაცია ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რეალიზაცია სრულად არის დოკუმენტურად დადასტურებული (ექსპორტის დოკუმენტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები ან/და სასაქონლო ზედნადებები).
საკითხი №1 - კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისგან ჯართის შესაძენად განხორციელებული გადახდების არასწორად დადგენა, რის შედეგადაც განაცემის დიდი ნაწილი 15%-იანი გადასახადით დაიბეგრა (ნაცვლად 0%-ისა ან 3%-ისა).
აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილია ბუღალტრულ გატარებაზე უფრო ეფექტური მტკიცებულებები: ფიზიკური პირების წერილობითი ახსნა-განმარტებები, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ (რომელიც ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას), რომლებითაც დასტურდება, რომ 2017 წლის პირველ 6 თვეში, მაშინ როცა 0%-იანი განაკვეთი მოქმედებდა, ჯართის შესყიდვისათვის კომპანიის მიერ გაცემულია დიდი ოდენობის თანხები.
აღნიშნული მტკიცებულებები შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული იმ მიზეზით, რომ ფიზიკური პირები, რომლებმაც ახსნა-განმარტება წარადგინეს, ამავდროულად კომპანიის დაქირავებულ პირებს წარმოადგენდნენ, გარკვეული ოდენობის ხელფასს იღებდნენ კომპანიიდან და რომ ისინი აწარმოებენ კომპანიის ჟურნალს.
აღნიშნული პირები უტყუარად ადასტურებენ, რომ მათ მიიღეს თანხები კომპანიიდან ჯართის სანაცვლოდ კონკრეტულ თვეში, კონკრეტული რაოდენობის, არა როგორც თანამშრომლებმა. ის ფაქტი, რომ კომპანიის თანამშრომლებიც არიან, მათ ეს ხელს არ უშლის დამატებით საქმიანობაში და კომპანიასთან კოოპერაციაში.
თუ, ხელწერილში რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ეს უნდა მოეთხოვა აუდიტის დეპარტამენტს და მათ მიეწოდებოდათ დაზუსტებები. მათი აზრით კი გარკვევით წერია, რომ ფიზიკური პირები ადასტურებენ, რომ მათ კომპანიიდან მიიღეს თანხები ჯართის სანაცვლოდ. შემოწმებამ ლოგიკიდან ამოვარდნილი შედეგი მიიღო თავისი გაანგარიშებით, ამასთან არ ითვალისწინებს არც ბიზნესის თავისებურებებს, არც წარდგენილ მტკიცებულებებს და თუ მტკიცებულებაში რაიმეა დაუზუსტებელი, არც ამ ინფორმაციის დაზუსტების შესაძლებლობა ეძლევათ.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანი არ არის კომპანიისათვის არალოგიკური თანხების დაკისრება. რა შედეგიც შემოწმებამ ფაქტობრივად მიიღო სრულიად გაუგებარია. მტკიცებულებების გათვალისწინება ასეთ არალოგიკურ შედეგს ოდნავ შეამსუბუქებდა.
არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანი, კერძოდ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მაქსიმალურად სწორად დათვლა, რომელიც მიიღწევა არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციის სწორი ანალიზით, გამოყენებით ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს შესამოწმებელი ბიზნესის თავისებურებები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებას, თავად, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, თუ გადასახადის გადამხდელი არ აწვდის მას საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ასეთი ვალდებულებების სწორად დათვლისათვის. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანი არ არის სამეწარმეო სუბიექტისათვის გადასახადების დაკისრება, მისი მიზანია, რომ პირდაპირი მეთოდით დათვლის შესაძლებლობის არ არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდებით, მაქსიმალურად ზუსტად იგივე საგადასახადო ვალდებულებების დათვლა მოხდეს, რისი დათვლაც მოხდებოდა პირდაპირი მეთოდების გამოყენებისას, კომპანიის ბუღალტერია სრულფასოვნად ნაწარმოები რომ იყოს.
განსხვავება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაში ისაა, რომ შემოწმებას ზოგჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ საგადასახადო ვალდებულებები სწორად დაითვალოს, ამიტომ იყენებს არასრულფასოვან ინფორმაციას, რასაც ხშირად არასწორ შედეგებამდე მივყავართ, თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ დაბეგროს არარეალური თანხები, რის უფლებასაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება საგადასახადო ორგანოს არ აძლევს. არაპირდაპირი მეთოდის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც არსებული ინფორმაცია, ისე შესამოწმებელი კომპანიის ბიზნეს საქმიანობის თავისებურებები.
მაგალითად, თუ არაპირდაპირი მეთოდით გამოდის, რომ კომპანია მაქსიმალური ფასნამატის/მომგებიანობის პირობებშიც ვერ მიიღებდა იმ ფულად რესურსებს, რაც შემოწმებამ ხელფასად განიხილა, ეს იმას ნიშნავს, რომ არაპირდაპირი დათვლისათვის არასწორი მეთოდი იქნა არჩეული და ეს მეთოდი უნდა შეიცვალოს ისე, რომ შედეგი ლოგიკურ ჩარჩოებში ჩაჯდეს. უფრო მარტივად, რომ ითქვას, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ ნიშნავს აუცილებლად მეტი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას კომპანიისათვის, ვიდრე ეს იქნებოდა პირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანია საგადასახადო ვალდებულებების სწორად დათვლა და არა ციფრების გაბერვა. ამ მიზნის მიღწევას შემოწმება უნდა ეცადოს მის ხელთ არსებული მონაცემებით და ასევე, უნდა გაითვალისწინოს კონკრეტული ბიზნესის თავისებურებები, ბიზნესის ზოგადი მომგებიანობა, წარმოების მეთოდები და ა.შ..
თუ, არაპირდაპირი მეთოდით ვიღებთ მოცემულობას, რომლითაც სრულიად უგულებელყოფილია კომპანიის ბიზნეს დარგისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, ესეც იმის მანიშნებელია, რომ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი მონაცემები მნიშვნელოვნად არასწორია. მაგალითად, თუ კომპანიის საქმიანობას გავაანალიზებთ დავასკვნით, რომ 4.5 მლნ ლარამდე რეალიზაციის პირობებში, 7 მლნ ლარზე მეტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არსებობა სრულიად არალოგიკურია. კომპანიას სასაწყობე ფართიც კი არ ეყოფოდა 7 მლნ ლარზე მეტი ჯართის განთავსებისათვის. ასევე, თუ კომპანიის ბიზნეს საქმიანობას გავაანალიზებთ, ისიც სრულებით არალოგიკურია, რომ კომპანია ჯართს საერთოდ არ შეიძენდა 10-16 თვის მანძილზე, რადგან ის უბრალოდ ხარჯავდა მანამდე დარჩენილი 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნაშთს. ანუ, შემოწმების შედეგებით გამოვიდა, რომ ჯართის ჩამბარებელი ფიზიკური პირი მოვიდა ჯართის ჩასაბარებლად, კომპანიამ კი უარი უთხრა, უკან გააბრუნა იმ მოტივით, რომ ჯერ საწყისი ნაშთი აქვს გასანაშთი.
შემოწმებამ იცის, რომ ეს არალოგიკურია, თუმცა რადგან მონაცემები დეკლარაციაში ეწერა, ის უბრალოდ არც ფიქრობს შესწავლის საგნად გახადოს ასეთი მონაცემები. ამიტომ, არაპირდაპირ მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ცალკეული ინფორმაციების ზედაპირულად გამოყენებით (რამაც შესაძლებელია სრულიად აბსურდულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რადგან ყველა ცალკე აღებული მონაცემები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, თუ არ იკვეთება მთლიანი სურათი მონაცემთა ერთიანობით), არამედ ასეთი მონაცემების გამოყენება უნდა მოხდეს ბიზნეს ლოგიკის და ბიზნესის თავისებურებების გათვალისწინებით, რათა რეალურისგან რადიკალურად განსხვავებული შედეგი არ დადგეს. ეს არის, მათი აზრით, რასაც კანონმდებელი გულისხმობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას მტკიცების ტვირთი გადადის გადასახადის გადამხდელზე, არ უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ საგადასახადო ორგანომ უგულებელყოს ბიზნესის ზოგადი პრინციპები, კომპანიის ყოველგვარი არგუმენტაცია და ლოგიკა.
ამგვარად, კომპანიამ თავისი დათვლებით მიიღო სრულიად ლოგიკური ჩარჩოდან ამოვარდნილი შედეგი, ამის მიუხედავად მან არ შეცვალა დათვლის მეთოდიკა, რომლითაც ლოგიკური შედეგი მიიღებოდა. ამასთან, შემოწმებამ არც კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაითვალისწინა, ანუ შემოწმება ხვდება, რომ შედეგი არარეალურია, თუმცა მაინც არ ცვლის მიდგომას და არც წარდგენილ მტკიცებულებებს ითვალისწინებს. რომელიც უფრო სარწმუნო დოკუმენტია, ვიდრე უნაკლოდ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა.
თუ საბჭო ან შემოწმება ჩათვლის, რომ რაიმე სახის ინფორმაცია დასაკონკრეტებელია, ითხოვს მითითებას, თუმცა დაკონკრეტების საჭიროება არ უნდა გახდეს ავტომატური უარის საფუძველი. აღნიშნული (დაკონკრეტებული ან არსებული სახით) მტკიცებულებების გათვალისწინება უნდა მოხდეს და მასში წარმოდგენილი თანხები უნდა გამოაკლდეს იმ განაცემებს, რომელთა გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მოხდა კომპანიის მიერ.
მომჩივანი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების საბჭოზე განხილვას და იმპერატიულად აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალებას, რომ გათვალისწინებული იქნეს ისინი და მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება;
საკითხი №2 - ტყვიის ჯართის მიწოდების დაბეგვრა დღგ-ით. შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მეორადი აკუმულატორების მხოლოდ და მხოლოდ ჯართის სახით რეალიზაცია ხდებოდა კომპანიის მიერ, რომ აკუმულატორების დაშლა ხდებოდა ჯერ და მერე ამოღებული ტყვიის რეალიზაცია. კომპანიის რეალიზაციის დოკუმენტებში გარკვევითაა აღნიშნული „მეორადი/გამოუსადეგარი“ აკუმულატორი, რომლის მხოლოდ ჯართად გამოყენება შეიძლება და ამისათვის მტკიცებულებების წარდგენაც კი არ უნდა იყოს საჭირო. შემოწმებამ არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები იმ მიზეზით, რომ რეალიზაციის დოკუმენტებში ნახსენები იყო, მაგალითად „გამოუსადეგარი აკუმულატორი“ და ყველგან არ ეწერა სიტყვა „ჯართი“. ასევე დასკვნაში მითითებულია აკუმულატორში არსებული ტყვიის და სხვა შემთხვევაში რეალიზებული ტყვიის ღირებულებებს შორის განსხვავებაზე, რაც მათთვის გაუგებარია და მისი ტექნიკურ დონეზე გავლაც არ მომხდარა კომპანიასა და შემმოწმებლებს შორის.
საგადასახადო კოდექსით შავი და ფერადი ლითონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგისაგან. ასევე საქართველოს მთავრობის №41 დადგენილებაში მოცემულია შავი და ფერადი ლითონების ჯართის განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯართი არის მეორადი ნედლეული, რომელიც გამოიყენება გადასამუშავებლად ან/და ჯართი არის ლითონის ის ნაკეთობები, რომელიც გამოუსადეგარია ძირითადი დანიშნულებისათვის.
ისეთ მეორად/გაფუჭებულ აკუმულატორში არსებული ტყვია, რომელთა მთავარი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, არის ლითონის ის ნაკეთობა, რომელიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რომლისთვისაც იყო გამიზნული (მანქანაში გამოსაყენებლად ელექტროობის მიღების მიზნით). შესაბამისად, გაფუჭებულ აკუმულატორში არსებული ტყვია აკმაყოფილებს ჯართის განმარტებას და ამ განმარტების დასაკმაყოფილებლად სრულებით არ არის მნიშვნელოვანი, გამოუსადეგარი აკუმულატორის გაყიდვის დროს დაშლილი იყოს გაფუჭებული აკუმულატორი, თუ შემდეგ მყიდველმა დაშალა, არამედ მთავარია, რა დანიშნულებით მოხდა ტყვიის გამოყენება/რა მიზნით მოხდა ტყვიის შესყიდვა. გაყიდვის დოკუმენტებითაც, მტკიცებულებებით და ლოგიკითაც დასტურდება, რომ ტყვია გაიყიდა ჯართის სახით, შემდეგ დამუშავების მიზნით.
შესაბამისად, დღგ-ისაგან გათავისუფლება ასევე ეხება გაფუჭებულ აკუმულატორებში არსებულ ჯართად გაყიდულ ტყვიას, როგორც შეეხებოდა ამ აკუმულატორების დაშლის შედეგად ამოღებულ და გაყიდულ ტყვიას. მითუმეტეს, რომ კომპანიამ აუდიტის დეპარტამენტს იმის მტკიცებულებებიც წარუდგინა, რომ აკუმულატორები იშლებოდა და ტყვიის ამოღება ხდებოდა გაყიდვამდეც კი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საკითხის სიღრმისეულად განხილვას და შემოწმების მიერ კომპანიისათვის დარიცხული დღგ-ის და შესაბამისად დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.10.2021 წლის გადაწყვეტილებით (№13912/2/2021) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, მომჩივანს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 22.10.2021 წლის გადაწყვეტილების (№13912/2/2021) აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისს შედგენილი დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:
- არარეზიდენტი პირებზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში - გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის საქონლის შეძენის და რეალიზაციის დამადასტურებელი ინვოისები, სატრანსპორტო მომსახურების ინვოისები, საბანკო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციები და კავშირები განხორციელებულ ოპერაციებს შორის. შედეგად დადგინდა, რომ 2017-2018 წლებში თანხები გადარიცხულია არარეზიდენტ მყიდველსა და გამყიდველს შორის განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში, სადაც გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს შუამავალ რგოლს. გადაანგარიშების შედეგად შემცირდა მოგების გადასახადი სულ 275 432 ლარის ოდენობით (გადასახადი 183 621 ლარი, ჯარიმა 91 811 ლარი);
- მეორადი აკუმულატორების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში - გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ბრძანებები აკუმულატორების დაშლის და მისგან ტყვიის გამოყოფაზე, აკუმულატორის ჯართისგან მიღებული პლასტმასის ნარჩენების გაჩუქებაზე და სხვა. გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ შეძენილი მეორადი აკუმულატორები იშლებოდა მის მიერ, ხდებოდა ტყვიის სახით რეალიზაცია და რომ აღნიშნული წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწოდებას და გათავისუფლებულია დღგ-ისაგან. განსახილველი საქონელი სრულად რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებებით, რომელშიც დაფიქსირებულია საქონლის დასახელება „გამოუსადეგარი მეორადი აკუმულატორის ჯართი“. ამასთან, სარეალიზაციო ფასი შესაბამისობაშია მეორადი აკუმულატორის საშუალო ფასთან და მკვეთრად ნაკლებია ტყვიის საშუალო ფასზე (ანალიზი გაკეთდა კილოგრამებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და საბაჟო მონაცემების საფუძველზე, ასევე მის მიერ წარდგენილი გამოსავლიანობის მონაცემების მიხედვით). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, აკუმულატორების დაშლის შესახებ, პირდაპირ არ უკავშირდება კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებში ასახულ საქონელს და არ გამორიცხავს მეორადი აკუმულატორების სახით რეალიზაციის ფაქტს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი;
- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფიზიკური პირების განმარტებები გადასახადის გადამხდელისათვის 2017-2018 წლებში მიწოდებული საქონლის და თანხის ანაზღაურების მომენტების (თვის/წლის ჭრილში ჯამური ოდენობებით) მითითებით. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ასევე ეწეოდნენ ე.წ. ჯართის შეგროვების საქმიანობას, კერძო ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა დიდი მოცულობით ჯართს და თანხას უნაზღაურებდა მოგვიანებით. მაშინ როდესაც, შავი და ფერადი ლითონის ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრებოდა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და ზეპირი განმარტებების საფუძველზე დგინდება, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ კომპანიის დაქირავებულ პირებს და დასაქმებულნი იყვნენ კომპანიის ჯართის მიმღებ ობიექტებზე მენეჯერის/სხვადასხვა პოზიციებზე და იღებდნენ ხელფასს, რაც დასტურდება „განაცემთა ინფორმაციის შესახებ“ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დანართებით. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ საქონლის შეძენა კერძო ფიზიკური პირებისგან ხდებოდა კომპანიის სახელით და აღირიცხებოდა კომპანიის „შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის“ შესაბამისად დამტკიცებული სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში. შესაბამისად, გადახდის წყაროსთან შემოსავლის დაბეგვრის მომენტს წარმოადენდა, კერძო ფიზიკური პირებისათვის ჯართის ჩაბარების მომენტში თანხის ანაზღაურება, საკუთარი დაქირავებული პირებისათვის თანხის გადაცემის მომენტის მიუხედავად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
მომჩივანი ნაწილობრივ არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და წარმოადგენს არგუმენტებს კომპანიის მიერ კერძო ფიზიკური პირებისგან ჯართის შესაძენად განხორციელებული გადახდების არასწორად დადგენის, შედეგად განაცემის დიდი ნაწილის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრის (ნაცვლად 0%-ისა ან 3%-ისა) და ტყვიის ჯართის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის არამართლზომიერებაზე, ითხოვს აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილი მტკიცებულებების სიღრმისეულად შესწავლას, გათვალისწინებას და შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ფიზიკური პირების წერილობითი ახსნა-განმარტებები, ხელმოწერები დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, რომლებითაც დასტურდება, რომ 2017 წლის პირველ 6 თვეში, მაშინ როცა 0%-იანი განაკვეთი მოქმედებდა, ჯართის შესყიდვისათვის კომპანიის მიერ გაცემულია დიდი ოდენობის თანხები, რაც არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნული ფიზიკური პირები ადასტურებენ, რომ მიიღეს თანხები კომპანიიდან ჯართის სანაცვლოდ კონკრეტულ თვეში, კონკრეტული რაოდენობის არა როგორც თანამშრომლებმა. მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირების კომპანიის თანამშრომლებად ყოფნა ხელს არ უშლის მათ დამატებით საქმიანობაში და კომპანიასთან კოოპერაციაში, სადავო საკითხის ნაწილში წარდგენილი მტკიცებულებები უფრო სარწმუნო დოკუმენტია, ვიდრე უნაკლოდ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა. ხოლო, მეორადი აკუმულატორების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა მტკიცებულებები, რომ აკუმულატორები იშლებოდა და ტყვიის ამოღება ხდებოდა გაყიდვამდეც კი, რეალიზაციის დოკუმენტებში გარკვევითაა აღნიშნული „მეორადი/გამოუსადეგარი“ აკუმულატორი, რომლის მხოლოდ ჯართად გამოყენება შეიძლება. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ტყვია გაიყიდა ჯართის სახით, შემდეგი დამუშავების მიზნით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რამაც განაპირობა დარიცხვა, ამასთან აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციაში შეცდომით იყო აღრიცხული ჯართის ნაშთი (7 მლნ) და რომ აღნიშნულს დაეყრდნო შემმოწმებელი, მიიჩნია რომ 7 მლნ ჯართი იყო 2017 წლამდე, 2018 წლიდან დაიწყო გაყიდვა, დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი და რომ შესყიდვა მოხდა მაშინ, როდესაც ჯართის ჩაბარებაზე 15%-იანი განაკვეთი მოქმედებდა. შედეგად, დოკუმენტი გამოყენებული იქნა ისე, რომ მტკიცებულების ტვირთი გადაიტანა გადასახადის გადამხდელზე, არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის სპეციფიკა, შესაბამისად შემოწმების შედეგი არ არის სწორი. წარადგინა ფიზიკური პირების წერილობითი ახსნა-განმარტებები, ხელმოწერები დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვიყიდე და თანხა მივიღე ამა და ამ თვეშიო, აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული, რადგან ეს პირები წარმოადგენენ ასევე დაქირავებულ პირებს, ხელფასს იღებენ, მოქმედებენ კომპანიის სახელითო. წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება ჯართის მიტანის და თანხის გაცემის დრო, არ უარყოფს, რომ კომპანიის მიერ დაშვებულია შეცდომა და შეცდომითა აქვს დაფიქსირებული ჯართის ნაშთი, მაგრამ აღნიშნულზე დაყრდნობით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არასწორად მიაჩნია.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებულ მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნა, რომ წარმოდგენილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადაანგარიშება არ განხორციელდა, რადგან მიწოდებული აკუმულატორების ჯართის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში დადგინდა, რომ ჩაბარებული იყო მეორადი აკუმულატორები, რომელიც გაყიდული იყო სასაქონლო ზედნადებებით, რომელშიც მითითებული იყო „მეორადი აკუმულატორები“ და არ დასტურდებოდა მისი დაშლა. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, მაგრამ ვერ მიიჩნია საკმარისად, რადგან: პირველი, სასაქონლო ზედნადებებში კვლავაც დასახელება „მეორადი აკუმულატორები“ ფიქსირდება, მეორე, როცა ხდება ტყვიის ჯართის მიწოდება, მათ შორის ექსპორტის შემთხვევაში, მიუთითებდა „ტყვიის“ სახელით და მესამე რაც მნიშვნელოვანია, ფასის შემთხვევა, ანუ ტყვიის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ ფასს, რაც სასაქონლო ზედნადებებში იყო ასახული. რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ ჯართის ჩაბარებიდან მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა, ნოტარიულად დადასტურებული ხელმოწერებით, ფიზიკური პირების განცხადებები, რომლებიც აცხადებენ, რომ კონკრეტული თანხის ანაზღაურება მოხდა კონკრეტულ პერიოდში, აღნიშნულით კი პერიოდი ემთხვევა პერიოდს, როცა 3%-ით იბეგრებოდა ჯართის ჩაბარება. ამდენად, ამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მომჩივანი აღიარებს, რომ ჯართის ჩაბარება ხდებოდა პერიოდულობით, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით აზუსტებს თანხის ანაზღაურების პერიოდს, როცა 3%-იანი განაკვეთი მოქმედებდა. ნაწილ ფიზიკურ პირებთან მოხდა დაკავშირება, რომლებიც არიან გადასახადის გადამხდელის დაქირავებული პირები (მენეჯერები), რომლებმაც დაადასტურეს რომ იკავებენ მენეჯერის პოზიციას. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული პირები (მენეჯერები) ჯართის ჩაბარებას აფიქსირებენ კომპანიის ჟურნალში, ხოლო კომპანია შემდეგ ახდენს ანაზღაურებას. ამდენად, ჯართის შესყიდვა ხდებოდა ანგარიშვალდებული პირის და არა შემსყიდველის მიერ, ამასთან, ტარდებოდა ჯართის აღრიცხვის ჟურნალში, რაც კომპანიის დირექტორმაც დაადასტურა, ჯართის მიღების/ჩაბარების მომენტში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშება არ განხორციელდა არც ამ ნაწილში.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 22.10.2021 წლის გადაწყვეტილების (№13912/2/2021) შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, ამდენად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.