ბრძანება N 11375

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2025
№ დოკუმენტი 11375
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 11375

03 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- ----- (ს/ნ -----)

(იურ. მის.: ----- ქ. N --) (ფაქტ. მის.: ----- N --)

2025 წლის 24 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი N 45) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) N -----/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის N ----- შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ შეცდომით დაარიცხა 134.52 ლარის ოდენობის საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, 2025 წლის 24 მაისს შემოსავლების სამსახურისგან მიიღო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. გადამხდელი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის N 334 განკარგულებით მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რაც ათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- (ს/ნ -----) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით დარიცხული აქვს 539.20 ლარი, ხოლო ამავე დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2025 წლის 15 მაისს დაერიცხა პირველი მიმდინარე გადასახდელი.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 23 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 133.98 ლარი, საურავი 0.54 ლარი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი/მ ----- (ს/ნ -----) მთელ ქონებაზე 2025 წლის 23 მაისის N ----- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. სადავო შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 24 მაისს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 30 მაისის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 133.98 ლარი, საურავი 1 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ3 “ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ მეწარმე ფიზიკურ პირს წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით წარმოეშობა მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება. საგადასახადო კანონმდებლობა კი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებისას არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, ავტომატურად მიმდინარე გადასახდელების არდარიცხვის ან შემცირებასთან მიმართებით. შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულის შესახებ მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს უფლება, შეიმციროს ან არ გადაიხადოს დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთან, 2025 წლის 30 მაისის მდგომარეობით, გადამხდელს არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილით სარგებლობის თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საშემოსავლო გადასახადში მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2025 წლის 23 მაისის N ----- შეტყობინებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ----- (ს/ნ -----) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 23 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებისა და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით დაერიცხა გადასახადი, ხოლო ამავე დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2025 წლის 15 მაისს დაერიცხა პირველი მიმდინარე გადასახდელი.

 

გადაწყვეტილება:

მომჩივანს არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილით სარგებლობის თაობაზე, ამასთან შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 43; 155;.