გადაწყვეტილება №19454/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19454/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:უცხოური ორგანიზაცია „---“ (ს/ნ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ,,----ს“ 19.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19454/2/2023).
დავის საგანი:
1. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7087 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა 5 316,36 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები მომჩივანმა დაგვიანებით, 20.02.2023 წელს წარადგინა მოგების გადასახადის 2021 წლის დეკლარაცია, რაზეც 23.02.2023 წლის №011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 316,36 ლარის ოდენობით. მომჩივანს 25.04.2023 წლის მდგომარეობით სავადო თარიღებით დალაგებული ბარათის მიხედვით, 31.03.2022 წელს (მოგების გადასახადის 2021 წლის დეკლარაციის სავადო თარიღი) ერიცხება დავალიანება 53 163,64 ლარი. მომსახურების დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საურავის თაობაზე გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7087 ბრძანებით საჩივარი, მომსახურების დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო საურავის ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7087 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
№011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 274-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
--- არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე მას არ აქვს და არც ჰქონია უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებად რეგისტრაციის ვალდებულება. მის საკუთრებაში იყო შვილობილი საწარმო, რომელიც გაყიდა, რის გამოც უწევდა მოგების გადასახადი. რადგან --- არ ახორციელებდა საქმიანობას საქართველოში, მას არ ქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ერთჯერად ოპერაციაზე უწევდა მოგების გადასახადის გადახდა. როდესაც დაგვიანებით მისთვის აღნიშნულის შესახებ გახდა ცნობილი, ---მა განახორციელა დაგვიანებით მოგების გადასახადის დეკლარირება და გადახდა, რის გამოც მიიღო კანონით გათვალისწინებული ჯარიმა. არ ყოფილა განზრახვა თავი აერიდებინა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კომპანია არ ახორციელებს საოპერაციო საქმიანობას და მას არ ჰყავს თანამშრომლები, ასევე მისი დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში, კომპანიის მოტივაცია იყო სრულად გარკვეულიყო მისი საგადასახადო ვალდებულებები. წარდგენილი იქნა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გადახდილია გადასახადის თანხა. შესაბამისად, მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის დეფინიცია. კანონის აღნიშნული მუხლი იძლევა მოცემულობას, როდესაც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი უშვებს შეცდომას, მის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან გათავისუფლება.
ასევე, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის განმარტება აუცილებლად უნდა მიესადაგოს ისეთ გადასახადის გადამხდელს, რომლის განზრახვაში შეუძლებელია დაინახო, რომ იგი აპირებდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდებას. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია დაშვებული შეცდომით. კომპანია მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ მოხდებოდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდება, ხოლო მოტივაცია იყო ბიუჯეტს არ მიყენებოდა ზარალი. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება კომპანიის ქმედებებში.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი ჯარიმის ნაწილში, ხოლო საურავის ნაწილში არ დააკმაყოფილა. ჯარიმის ნაწილში შემოსავლების სამსახურმა მომსახურების დეპარტამენტს დაავალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), თუმცა მომსახურების დეპარტამენტმა არ შეამცირა ჯარიმა. ასევე საურავის ნაწილში რადგან საურავი ითვლება აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნად, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. საურავი იმის გამო იყო აღიარებული, რომ კომპანიის ინიციატივით მოხდა დეკლარაციის სწორი პერიოდით წარდგენა, შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ დანიშნულა შემოწმება, რომლის შემთხვევაშიც საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საურავი არ იქნებოდა აღიარებული. ანუ რადგან კომპანიამ შემოწმების გარეშე მოახდინა კეთილსინდისიერად გადასახადების გადახდა, ამის გამო მიღებულია უარი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ შეღავათზე. გაუგებარია, თუ კომპანიას არ ეხება კანონის ეს ნორმა, მაშინ რა ტიპის შემთხვევებზე შეიძლება გამოიყენებოდეს იგი.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დარიცხული 5 316,36 ლარი ჯარიმა და 14 520,9 ლარი საურავი სრულად უნდა მოიხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივნის მიერ დაგვიანებით 20.02.2023 წელს წარდგენილი იქნა მოგების გადასახადის 2021 წლის დეკლარაცია. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 316,36 ლარის ოდენობით. სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №39249-21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით მომჩივანს 25.04.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 0,64 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 5 316,36 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7087 ბრძანებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომსახურების დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გასაჩივრებული საურავი 25.04.2023 წლის მდგომარეობით, არ ერიცხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7087 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა დაგვიანებით წარადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 316,36 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7087 ბრძანებით საჩივარი, მომსახურების დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №011-2254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო საურავის ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7087 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
274 (2); 269 (7); 272 (1); 301 (ლ).