გადაწყვეტილება №18163/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18163/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18163/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 10.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18163/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ადგილობრივი სიმინდის შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №002-107 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2022 წლის №26933 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 207 042 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 118 374

ჯარიმა - 62 399

საურავი - 26 269

 

პროცედურული გარემოებები საწარმოს საქმიანობაა ქიმიური, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე, დამატებითი საქმიანობის ფარგლებში ეწევა სიმინდისა და ქერის საბითუმო შეძენა-რეალიზაციას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის, ასევე, შპს „------ - სგან“ (ს/ნ „------“) ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ჩათვლილი დღგ-ის თანხების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა 2022 წლის 4 ივლისის №17369 ბრძანება და №002-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.10.2022 წლის №26933 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ადგილობრივი სიმინდის შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება

ფაქტების აღწერა

კომპანიას 2021 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში შპს „-------“ (ს/ნ „------“) შეძენილი აქვს 776 068 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) მარცვლეული, სახელწოდებით „რუსული სიმინდი“. აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა სულ 118 383 ლარის ოდენობით. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლის მიღების უფლება აღნიშნულ ოპერაციაზე, ჩათვლილი დღგ სულ 118 383 ლარის ოდენობით დაექვემდებარა გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით და 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მიიჩნია, რომ შპს „------“-სგან მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მართლზომიერია, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებით დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რაც მისთვის უცნობ გარემოებას წარმოადგენდა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოყვანილ საგადასახადო კოდექსის მუხლებზე აპელირება მიაჩნია უსამართლოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან:

1. შემოწმების აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ კომპანიის მიერ მარცვლეულის შესყიდვა მოხდა სახელწოდებით რუსული სიმინდი, შესაბამისად უცნობი იყო, თუ აღნიშნული საქონელი არ ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან გამყიდველის მიერ გამოწერილ იქნა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რაც მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სრულებით აძლევდა უფლებას მიეღო დამატებით გადახდილი დღგ-ის ჩათვლა.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის და 176-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად კომპანიას, არანაირი საფუძველი არ გააჩნდა ევარაუდა, რომ შეძენილი საქონელი არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას და შესაბამისად არ ჰქონდა ჩათვლის მიღების უფლება. ამასთან, გასაჩივრებული აქტების საფუძველზე, განხორციელდა მხოლოდ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება, რის საფუძველზეც უსამართლოდ დაეკისრა დამატებითი თანხები. არ მოხდა იმის გათვალისწინება, რომ კომპანიამ შეძენილი საქონლის რეალიზაციის დროს ანალოგიურად სრულად დაბეგრა გაყიდული საქონელი თავისი ფასნამატით. თუ საქონელი არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას, ასეთ შემთხვევაში, მის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების, მიწოდებულ პროდუქციაზე მარცვლეულზე დარიცხული დღგ 109 210.24 ლარი, რომელიც ამავდროულად გადახდილიცაა შპს „--------“ მიერ, უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას და უკან დაბრუნებას. ეს ავტომატურად შეამცირებს კომპანიაზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მოცულობას.

ტექნიკურად, კომპანიის მიერ უკვე დეკლარირებული, დასაბეგრი ოპერაციებისას გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუქმება შეუძლებელია, შესაბამისად აღნიშნული პროცედურის 3 შესრულება უნდა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურმა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომწოდებლის შპს „------“ შემოწმებისას, ასევე მოხდა მისი დღგ-ის ჩათვლების გაუქმებაც, ხოლო შპს „------“-ზე მოწოდებული პროდუქციაზე დარიცხული დღგ არ გაუქმებულა. ანუ, გამოდის, რომ შპს „------“ მიერ შპს „------“-ზე რეალიზებული პროდუქციის დღგ დარიცხულია დატოვებული და ამავე დროს იგივე ოპერაციით შეძენილ პროდუქციაზე შპს „------“ ჩათვლები გაუქმებულია.

გარდა ამისა, როგორც შპს „------“ ხელმძღვანელისგან აქვს ინფორმაცია, მის მიერ საგადასახადოში წარდგენილი იყო გარკვეული დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა საქართველოში საქონლის შემოტანის ფაქტს. საერთოდ გაურკვეველია რის საფუძველზე დადგინდა რომ აღნიშნული პროდუქცია საქართველოშია წარმოებული. ამასთან თუ გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია ადგილობრივი წარმოებისაა და დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა, ასეთ შემთხვევაში საერთოდ უნდა გაუქმდეს აღნიშნული პროდუქციის დღგ როგორც რეალიზაციაზე ისე შეძენებზე, ყველა შემსყიდველ და გადამყიდველ კომპანიასთან მიმართებაში და მოხდეს მათ მიერ ბიუჯეტში არასწორად გადახდილი დღგ-ის თანხების დაბრუნება.

საერთოდ გაუგებარია რას და რატომ ედავება შემოსავლების სამსახური, თუ დღგ-ისგან განთავისუფლებული იყო აღნიშნული საქონლის მიწოდება და საერთოდ არ უნდა გადახდილიყო დღგ, გამოდის, რომ პირველმა მიმწოდებელმა თავის დროზე არასწორად დაადეკლარირა და ზედმეტად გადაიხადა ბიუჯეტში დღგ-ის თანხა. ამან კი გამოიწვია საქონლის ფასის გაძვირება. ყოველი შემდეგი შემძენი ამ შემთხვევაში უსამართლოდ ზარალდება. გაუგებარია, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა დღგ გადაეხადა, თუ ეცოდინებოდა რომ აღნიშნული საქონლის მიწოდება განთავისუფლებული იყო დღგ-ისაგან. მითუმეტეს რომ მიწოდებისას დაარიცხა დღგ და გადაიხადა კიდეც ბიუჯეტში.

შემოწმების აქტში მითითებული საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლი მთლიანად ეთმობა დღგისგან გათავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას ისარგებლოს შეღავათით, გათავისუფლდეს გადასახადისაგან ან/და ამ უფლების გამოყენებით შეიმციროს დასაბეგრი ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხის ოდენობა. მაგრამ, გაურკვეველია თუ პირმა არ ისარგებლა ამ უფლებით და დაბეგრა საქონლის მიწოდება, დაადეკლარირა და ბიუჯეტში გადაიხადა დღგ-ის თანხა, ამით ბიუჯეტს რა ზიანი მიადგა? ხოლო თუ არ უნდა დაებეგრა და მაინც დაბეგრა, მაშინ გამოდის რომ ბიუჯეტი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, შესაბამისად თუ აღნიშნული ოპერაცია სადავოა, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მარცვლეულზე გამოწერილი აბსოლუტურად ყველა ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება (როგორც ჩათვლებზე, ასევე დარიცხვებზე) და გადახდილი თანხების უკან დაბრუნება კომპანიაში.

 

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №002-107 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 62 399 ლარი და საურავი - 26 269 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი საქონლის წარმოშობის შესახებ, მითუმეტეს მითითებული იყო, რომ საქონელი იყო რუსული წარმოშობის, მისი მხრიდან რაიმე სახის განზრახ ან/და გაუფრთხილებელ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და არ იცის ამას რამდენად შეიძლება შეცდომა ან არცოდნა ეწოდოს, მაგრამ ითხოვს გათვალისწინდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესი და დისკრეციის ფარგლებში სრულად გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავები.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში შპს „------“ (ს/ნ „------“) შეძენილ მარცვლეული სახელწოდებით „რუსული სიმინდი“ არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი. აღნიშნულ ოპერაციაზე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №„------“ წერილის მიხედვით, შპს „-------“ (ს/ნ „------“ ) შეძენილი აქვს მარცვლეული სახელწოდებით „რუსული სიმინდი“ შპს „------“-სგან (ს/ნ „------“), ხოლო, შპს „-------“ უფიქსირდება მარცვლეულის შეძენა სამი სხვადასხვა გადასახადის გადამხდელისგან, რომელთაც მარცვლეულის წარმოშობაზე არ უფიქსირდებათ იმპორტის განხორციელების დოკუმენტი, რიგ შემთხვევაში კი მომწოდებელს საერთოდ არ უფიქსირდება საკმარისი რაოდენობის შეძენილი პროდუქცია.

მომჩივანი განმარტავს, რომ შპს „------“ (საქონლის მიმწოდებელი) შემოწმებისას, მოხდა მისი დღგ-ის ჩათვლების გაუქმებაც, ხოლო მასზე მიწოდებულ პროდუქციაზე დარიცხული დღგ არ გაუქმებულა. გამოდის, რომ შპს „------“ მიერ შპს „------“-ზე რეალიზებული პროდუქციის დღგ დარიცხულია და ამავე დროს იგივე ოპერაციით შეძენილ პროდუქციაზე მისი ჩათვლები გაუქმებულია. მან შეძენილი საქონლის რეალიზაციის დროს სრულად დაბეგრა გაყიდული საქონელი თავისი ფასნამატით. თუ საქონელი არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას, ასეთ შემთხვევაში, მის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების, მიწოდებულ პროდუქციაზე მარცვლეულზე დარიცხული დღგ 109 210.24 ლარი, რომელიც ამავდროულად გადახდილიცაა მის მიერ, უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას და უკან დაბრუნებას.

საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, მომჩივანზე მიწოდებული პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრის, თავის მხრივ მომჩივნის მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაციისას დღგ-ით დაბეგვრის და შესაბამისი დღგ-ის გადახდის პირობებში, შესასწავლია ამ მარცვლეულის შეძენაზე მომჩივნის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. შედეგად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.10.2022 წლის №26933 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.