ბრძანება N 13415-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13415
25/04/2019
უსფ(წ) -----
(იურ. მის: ქ. ---------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 05 აპრილს (ოქმი N21) გამართულ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა უსფ ----- ს საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის N094-264 „საგადასახადო მოთხოვნის“ თაობაზე.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
აცხადებს, რომ უსფ(წ) ----- მიერ ----- თან არსებული შესყიდვის ოპერაციები არ იქნა გათვალისწინებული მოგების გადასახადის გაანგარიშებისას, შემოწმების პოზიციით იმპორტირებული მასალების თვითღირებულების გაანგარიშებისას უსფ(წ)----- უნდა ეხელმძღვანელა ----- ის მიერ აღნიშნული მასალების შესყიდვის პირველადი დოკუმენტით, შედეგად, შემოწმების მიერ 2015 წლის მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება შეამცირა 3 069 727 ლარის ოდენობით. მომჩივანი განმარტავს, რომ მათ მართებულად ჰქონდათ გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი მასალების ღირებულება, ხოლო შემმოწმებლის პოზიცია არასწორია. გადამხდელის განმარტებით, მათი ფილიალი ითვლება მუდმივ დაწესებულებად, შესაბამისად, განიხილება საწარმოდ და პირად სსკ-ის მიზნებისათვის, ამდენად, უსფ(წ) ----- ს და ----- ს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია ისე უნდა შეფასდეს, როგორც ორ სხვადასხვა იურიდიულ პირს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის გარიგება. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ მუდმივ დაწესებულებასა და მის სათაო ოფისს შორის განხორციელებული ოპერაციების ღირებულების განსაზღვრისათვის უნდა იხელმძღვანელოს საბაზრო პრინციპების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მის მიერ დეკლარაციაში ასახული მონაცემები შესაბამისობაშია როგორც კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე საბაზრო პრინციპებთან და საქონლის ღირებულება გამოქვითვას ექვემდებარება ფასნამატის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოზე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 31 მაისის N13464 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უსფ(წ) ----- ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 21 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2018 წლის 25 დეკემბრის N38056 ბრძანება და ამავე თარიღის N094-264 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 1 301 981,5 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 670 087 ლარით, ჯარიმა 315 317 ლარი და საურავი 316 577,5 ლარის ოდენობით.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ:
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დედა კომპანიიდან იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის მასალები. საწარმო აღნიშნულ ოპერაციას განიხილავს, როგორც საქონლის შესყიდვას და თვითღირებულების გაანგარიშებისას სარგებლობს დედა კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისით.
სსკ-ს მე-8 მუხლის, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 327-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს ფილიალი არ არის დამოუკიდებელი პირი, არამედ იგი წარმოადგენს მხოლოდ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში. ამასთან, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია, რომ ოპერაცია ხორციელდება სუბიექტებს/მხარეებს შორის, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულისთვის საჭიროა ერთზე მეტი მხარე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება აღნიშნავს, რომ „დედა კომპანიასა“ და „წარმომადგენლობას“ შორის განხორციელებული მოქმედებები წარმოადგენს ე.წ "შიდა ოპერაციებს". ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, საწარმოს მიერ დედა კომპანიასთან არსებული ოპერაციები დაექვემდებარა გაუქმებას. შესაბამისად, იმპორტის რეჟიმში მოქცეული მასალების თვითღირებულების გაანგარიშებისას საწარმოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული მასალების შესყიდვის პირველადი დოკუმენტით. შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დეკლარირებული შეძენილი სმფ-ების ღირებულება, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში 3 069 727 ლარის ოდენობით.“
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად: „საგადასახადო ურთიერთობის რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
სსკ-ის მე-8 მუხლის მე-18 ნაწილის შესაბამისად, პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.
სსკ-ის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად. ამასთანავე, თუ აღნიშნული უცხოური საწარმო იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე ფილიალის რეგისტრაციამდე და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი ან თუ ორი და ორზე მეტი ფილიალი დარეგისტრირდა, პირველად მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელი რჩება.
სსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
სსკ-ის 29-ე მუხლის თანახმად,1. საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-9 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მუდმივ დაწესებულებას უთანაბრდება: ა) სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება; ბ) დანადგარი ან კონსტრუქცია, საბურღი დანადგარი ან ხომალდი, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დასაზვერად, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება; გ) მუდმივი ბაზა, სადაც არარეზიდენტი ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას; დ) უცხოური საწარმოს მართვის ადგილი, ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება, ბიურო, ოფისი, სააგენტო, საამქრო, საბადო, კარიერი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილი, ნებისმიერი სხვა ქვედანაყოფი ან ამ საწარმოს საქმიანობის სხვა ადგილი.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს სსკ-ის 127-ე მუხლზე, რომლის თანახმად,1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ: ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით; ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
სსკ-ის 128-ე მუხლის თანახმად,1. დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შემდეგი მეთოდები:
ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს;
ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით შესყიდული საქონლის დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებული მარჟა უდარდება შედარებადი და დამოუკიდებელი ოპერაციებით შესყიდული საქონლის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებულ მარჟას;
გ) ფასნამატის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი, რომელიც დადებულია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე, უდარდება ფასნამატს, რომელიც დადებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ და არაპირდაპირ გაწეულ ხარჯებზე;
დ) ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ;
ე) ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მონაწილე თითოეულ საწარმოს მიეკუთვნება ამ ოპერაციიდან მიღებული მოგების/ზარალის ის წილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიიღებდა დამოუკიდებელი საწარმო შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში.
2. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის N423-ე ინსტრუქციის მე-5 მუხლის თანახმად, იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, იმდენად, რამდენადაც ისინი ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ოპერაციების ფაქტებთან და გარემოებებთან მიმართებით: ა) მიწოდებული ქონების ან მომსახურების მახასიათებლები, მათ შორის:
ა.ა) მატერიალური აქტივების შემთხვევაში: ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, საიმედოობა, მიწოდების ხელმისაწვდომობა და ა.შ.
ა.ბ) მომსახურების შემთხვევაში: მომსახურების ტიპი და მასშტაბი მიუხედავად იმისა მომსახურება მოიცავს თუ არა კონკრეტულ გამოცდილებას, ტექნიკურ „ნოუ ჰაუს“ ან არამატერიალური აქტივების გამოყენებას და ა.შ.
ა.გ) ფინანსური ოპერაციების შემთხვევაში: ძირითადი თანხის მოცულობა, პერიოდი, გარანტიები, ვალუტა, მოვალის გადახდისუნარიანობა, უზრუნველყოფა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ.
ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის:
ა) გონივრულად ზუსტი შედარებადობის შესწორების შეტანის საკითხი განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შედარებადობის შესწორება გაზრდის შედეგების საიმედოობას ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით:
ა.ა) იმ განსხვავების არსებითობა, რომლისთვისაც შედარებადობის შესწორების შეტანა განიხილება;
ა.ბ) შედარებადობის შესწორებას დაქვემდებარებული მონაცემების ხარისხი;
ა.გ) შედარებადობის შესწორების შეტანის მიზანი;
ა.დ) შედარებადობის შესწორების შესატანად გამოყენებული მიდგომის საიმედოობა.“
ბ) გონივრულად ზუსტი შედარებადობის შესწორება შეიძლება მოიცავდეს:
ბ.ა) შედარებადობის შესწორებებს ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისობისათვის, რომლებიც შემუშავებულია კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებთან მიმართებით განსხვავებული ბუღალტრული პრაქტიკის გამოყენების შედეგად მიღებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად;
ბ.ბ) ფინანსური მონაცემების სეგმენტაციას მნიშვნელოვანი არაშედარებადი ოპერაციების გამოსარიცხად;
ბ.გ) შედარებადობის შესწორებებს კაპიტალში, ფუნქციებში, აქტივებში, რისკებში არსებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად;
ბ.დ) შედარებადობის შესწორებებს გეოგრაფიულ ბაზრებს შორის არსებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის N423-ე ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების შესახებ საქართველოში ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ დაშვებული იქნება უცხოური შედარებადი ოპერაციების გამოყენება იმ პირობით, რომ გაანალიზდება გეოგრაფიული განსხვავებებისა და სხვა ფაქტორების გავლენა ყველაზე მართებული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებისას შემოწმებულფინანსურ მაჩვენებელზე და რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მითითებების შესაბამისად შეტანილ იქნება შედარებადობის შესწორება.
სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად: „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად: დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სადავო აქტი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
შემოსავლების სამსახური სსკ-ის მე-8 მუხლის მე-18 ნაწილზე, სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტქტსა და 29-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის უსფ(წ) ------ წარმოადგენს პირს - საწარმოს, რომლის მიერ გაწეული ხარჯები (შეძენილი სმფ-ების ღირებულება) ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეზე არსებული მასალებისა და დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნის მომზადების თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ(წ) ------ ს 2019 წლის 24 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნის მომზადების თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი უსფ(წ) არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ მოგების გაანგარიშებას. გადამხდელის განმარტებით, უსფ(წ)-სა და მის სათაო ოფისს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია ისე უნდა შეფასდეს, როგორც ორ სხვადასხვა იურიდიულ პირს შორის დადებული გარიგება. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ ღირებულების განსაზღვრისათვის უნდა იხელმძღვანელოს საბაზრო პრინციპების დაცვით. და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას;
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დედა კომპანიიდან იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის მასალები. საწარმო აღნიშნულ ოპერაციას განიხილავს, როგორც საქონლის შესყიდვას და თვითღირებულების გაანგარიშებისას სარგებლობს დედა კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისით.
ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, საწარმოს ფილიალი არ არის დამოუკიდებელი პირი, არამედ იგი წარმოადგენს მხოლოდ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია, რომ ოპერაცია ხორციელდება სუბიექტებს/მხარეებს შორის, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულისთვის საჭიროა ერთზე მეტი მხარე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება აღნიშნავს, რომ „დედა კომპანიასა“ და „წარმომადგენლობას“ შორის განხორციელებული მოქმედებები წარმოადგენს ე.წ "შიდა ოპერაციებს". საწარმოს მიერ დედა კომპანიასთან არსებული ოპერაციები დაექვემდებარა გაუქმებას. შესაბამისად, იმპორტის რეჟიმში მოქცეული მასალების თვითღირებულების გაანგარიშებისას საწარმოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული მასალების შესყიდვის პირველადი დოკუმენტით. შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დეკლარირებული შეძენილი სმფ-ების ღირებულება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის უსფ(წ) ------ წარმოადგენს პირს-საწარმოს, რომლის მიერ გაწეული ხარჯები (შეძენილი სმფ-ების ღირებულება) ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის, გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა რომ გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(18); 21(1,,ბ“); 29; 66(3); 105; 127; 128
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის N423-ე ინსტრუქცია