ბრძანება N 20707

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.09.2025
№ დოკუმენტი 20707
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20707

22 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „-------ის“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 11 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ ------) №142843/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ს/კ ------- უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 იანვრის №125-58 და 2022 წლის 28 ივლისის №125-2340 შეტყობინებებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ------- სააღსრულებო ბიუროს 2025 წლის 30 ივლისს ----- განკარგულებით ------- შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: -------. აუქციონის განაცხადში აღნიშნული იყო, რომ სარეალიზაციო ქონებაზე რეგისტრირებულია 3 რიგის გარდამავალი გირავნობა/იპოთეკა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2025 წლის 26 თებერვალს წარდგენილი იქნა ------- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის პირველი აგვისტოს №------ განჩინება, ასევე 2025 წლის 4 მარტით დათარიღებული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ------ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ------- წარმოებაშია შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „--------“ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ. აღნიშნული წერილი ადასტურებს, რომ სასამართლოს საქმე არ განუხილავს, საქმის სტატუსი არის მიმდინარე და შპს „-------“ წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არსებობს. შესაბამისად, აღნიშნული დავის ფარგლებში თანხა არის აუღიარებელი დავალიანება და იძულებითი აღსრულების გზით შპს „-------“ აუქციონზე რეალიზებულ ქონებებზე ამ დავის ფარგლებში გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ უნდა გავრცელებულიყო. მით უმეტეს, არ უნდა გადაყოლოდა ახალ მესაკუთრეს. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იძულებითი აღსრულების შედეგად გასხვისებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ისეთი დავის გამო, რომლის შედეგიც უცნობია და არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლზე, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე და ითხოვს ს/კ ------ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „------“ (ს/ნ -----) 2021 წლის 20 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „------“ (ს/ნ ------) მთელ ქონებაზე 2021 წლის 20 იანვრის №125-58 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ასევე, 2022 წლის 28 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა ----- საქალაქო სასამართლოს შპს „-----“ ცრუმაგიერ პირებად შპს „------“ (ს/ნ ------) და სხვა პირების მიჩნევის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 239-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 28 ივლისს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა №125-2340 შეტყობინება შპს „-----“ (ს/ნ ------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ------ (პ/ნ ------) შეიძინა შპს „------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში რიცხული №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება №------, დამოწმების თარიღი 2025 წლის 30 ივლისი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ------- სააღსრულებლო ბიურო), რომელზეც შპს „-------“ (ს/ნ -------- საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გადაყოლილია უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 იანვრის №125-58 შეტყობინებასთან

დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივლისის №125-2340 შეტყობინებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

ამდენად, მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „-----“ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ, საქმის სტატუსი არის მიმდინარე და შპს „------“ წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არსებობს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო შეტყობინებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ------- სააღსრულებლო ბიუროს 2025 წლის 30 ივლისის №------ განკარგულების თანახმად, აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ------ (-----), ------ (--------) და --------ის (-------) სასარგებლოდ. შესაბამისად, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი დარჩა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 6 აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფ/პ ------ (პ/ნ --------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2025 წლის 6 აგვისტოს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია - განკარგულება №--------, რომლის დამოწმების თარიღია 2025 წლის 30 ივლისი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ----- სააღსრულებლო ბიურო. ხოლო სადავო შეტყობინებები საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2021 წლის 20 იანვარსა და 2022 წლის 28 ივლისს, უძრავ ქონებაზე ფ/პ ---------- საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლისა და 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფიქსირდებოდა შპს „-------“ (ს/ნ ---------) მთელ ქონებაზე 2021 წლის 20 იანვრის №125-58 და 2022 წლის 28 ივლისის №125-2340 შეტყობინებების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე უძრავი ქონების (ს/კ №-------) რეალიზაციისას და მასზე ფ/პ ------ (პ/ნ --------) საკუთრების უფლების რეგისტრაციისას - 2025 წლის 6 აგვისტოს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო შეტყობინებები საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „--------“ (ს/ნ --------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ხოლო ------ საქალაქო სასამართლოში შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს -------- (ს/ნ --------) ცრუმაგიერ პირებად ----ის (ს/ნ ------), შპს ----- (ს/ნ -----), ----- (ს/ნ ----) და ----- (ს/ნ -----) მიჩნევის თაობაზე მიმდინარეა და არ დასრულებულა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ------- (პ/ნ --------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ №--------) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებები გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------ (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მომჩივანმა შეიძინა შპს-ს საკუთრებაში რიცხული რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელზეც შპს-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გადაყოლილია უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებები გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(1); 246(4):