ბრძანება N706

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 23.01.2023
№ დოკუმენტი 706
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 706

23.01.2023

შპს „-----“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2022 წლის 30 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის №17447/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----- “ (ს/ნ ------ )№71233/1/2022საჩივარი,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №EL159389 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით შპს „-----“ (ს/ნ -----) 2020 წლის 4 თებერვალს საბაჟო დეკლარაციით შპს „----- „-ის საბაჟო საწყობში შეიტანა ფილტრიანი სიგარეტები.საბაჟო დეპარტამენტის მიერ საწყობის დათვალიერების და საქონლის გადათვლის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი.საქონელი დასაწყობებისას იქნა დათვლილი და ჩაბარებული ზუსტი რაოდენობა შპს“-----”-ისთვის. 6 თვის განმავლობაში აკითხავდნენ საბაჟო საწყობის ოფისს,რადგან კომპანიას სურდა საქონლის გატანა რეექსპორტზე,მაგრამ საწყობის ხელმძღვანელობის უყურადღებობის და დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო კომპანიამ ვერ შეძლო საქონლის რეალიზაცია. დასაწყობებულ საქონელზე კი, შპს „-----“ (ს/ნ -----) წვდომა არ ჰქონდა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა სადავო აქტით დარიცხული თანხის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 4 თებერვალს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ საბაჟო საწყობის "-----" დეკლარაციით განხორციელდა ფილტრიანი სიგარეტის (GMB SUPER SLIM; GMB KING SIZE) დასაწყობება შპს ,,-----”-ის საბაჟო საწყობში ( ------ ) 730 დღით, 2022 წლის 3 თებერვლის ჩათვლით,თუმცა დადგენილ ვადაში გადამხდელის მიერ არ განხორციელდა სავალდებულო საბაჟო ფორმალობები.

საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, 2021 წლის 8 ნოემბრიდან - 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელდა შპს „-----“-ის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევითი შემოწმება. აღნიშნული კონტროლის დროს, დათვალიერდა შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საწყობის საბაჟო პროცედურაში მოქცეული ზემოთ აღნიშნული საქონელი, კერძოდ, სიგარეტი „GMB SUPER SLIM“, „GMB KING SIZE“ და დადგინდა, რომ შპს „-----“-ის საბაჟო საწყობის მიერ წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა არ ემთხვევა "№-----" საწყობის დეკლარაციაზე არსებულ ნაშთს. კერძოდ, შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საწყობის საბაჟო პროცედურაში მოექცა 3 779 660 კოლოფი სიგარეტი, აქედან 2 842 500 კოლოფი გაფორმდა სხვა საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში, ხოლო დარჩენილი პროგრამული ნაშთი იყო 937 160 კოლოფი. შემოწმების შედეგად დადგენილი სიგარეტის ფაქტიური რაოდენობა აღმოჩნდა 921 972 კოლოფი, შესაბამისად, დანაკლისი შეადგენდა 15 188 კოლოფს.

ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთის მხრივ საბაჟო პროცედურების დარღვევას და ასევე სახეზე იყო საბაჟო საწყობის პროცედრაში მოქცეული საქონლის განკარგვა, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილების საფუძველზე შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ შედგა №EL154092 და №EL159389 სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც შეეფარდა სანქცია 500 და 89 302,8 ლარის ოდენობით (172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია მომჩივანს შეეფარდა საბაჟო საწყობთან ერთად - სოლიდარულად).

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივლისის №17810 ბრძანებით შპს „-----“ (ს/ნ -----) №71233/1/2022 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერად მიიჩნია, რასაც მომჩივანიც ეთანხმება.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომჩივნის განმარტებით, სიგარეტების რაოდენობა დასაწყობების პროცესში იყო დეტალურად დათვლილი და შესწავლილი, რაც გამორიცხავს არაზუსტი რაოდენობით თავიდანვე მათ დასაწყობებას და რაიმე სახის უზუსტობას ან განზრახ/გაუფრთხილებლობით რაიმეს დამალვას. საბაჟო დეპარტამენტის მიერ საწყობის დათვალიერების და საქონლის გადათვლის შედეგად 4 გამოვლინდა დანაკლისი, რაც რა თქმა უნდა არის არასასიამოვნო ფაქტი, მაგრამ საწყობიდან სიგარეტის კონკრეტული რაოდენობის განკარგვაში კომპანიას არანაირი წვლილი არ მიუძღვის და შესაბამისად, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა გამოირიცხებოდეს. ამასთან, მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ კომპანია არ იყო ვალდებული ყოველდღიურად შეემოწმებინა საწყობი, სიგარეტების კოლოფები და დაეზუსტებინა მათი რაოდენობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის ნება შეიძლება იყოს და არა ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის №EL159389 8.04.2022 სამართალდარღვევის ოქმი და პასუხისმგებლობა დაეკისროს აღნიშნულში ფაქტობრივად ბრალეულ პირებს, პირებს ვის პასუხიმგებლობასაც წარმოადგენდა საბაჟო საწყობში შენახული სმფ-ის დაცულობა.

აღნიშნულზე მითითებით საბჭომ მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ასევე მიუთითა, რომ დასადგენია საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი. შესაბამისად, 2022 წლის 1 დეკემბრის №17447/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 8.07.2022 წლის №17810 ბრძანება და საჩივარი №EL159389 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამსიად,საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას,რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. ვალდებული პირი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საბაჟო საწყობი არის საბაჟო კონტროლის ზონა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2.საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან: ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად; ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით კი, საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა,დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით კი დადგენილია, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას. ამასთან, დაინტერესებული მხარე ვალდებულია გამოცხადდეს ადმინისტრაციულ ორგანოში და მისცეს ახსნა-განმარტება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევის მიზნით, უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დაადგინოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 8 აპრილის №EL159389 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დაადგინოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტი;

3.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 8 აპრილის №EL159389 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.