გადაწყვეტილება №19500/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19500/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19500/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19500/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით და მის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატი;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №040-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №26527 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7517 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 279 381 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 172 050

დღგ - 63 905

მოგების გადასახადი - 85 725

საშემოსავლო გადასახადი - 22 420

ჯარიმა - 85 817

საურავი - 21 514

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რკინა-კავეულის, საღებავებისა და მინის შეძენა-რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის №9793 და 23.09.2022 წლის №24464 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019-1.08.2022 წ.წ. საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №26527 ბრძანება და ამავე თარიღის №040-15 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.04.2023 წლის №7517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით და მის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამა სუპერფინში და აღრიცხვით უფიქსირდება სმფ-ების მზარდი ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი (18%-იანი) და გათავისუფლებული ბრუნვები და შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა დეკლარირებული ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად მას ფაქტობრივად უფიქსირდებოდა 15 594 ლარის თვითღირებულების საქონელი, ხოლო იმავე პერიოდში სმფ-ების ბუღალტრულმა ნაშთი შეადგინა 402 353 ლარი. ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. სხვაობა ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი (10%), ხოლო ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.

შემოწმებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობა დღგ-ის ჩათვლით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 981, 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 491 მუხლით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტა, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთის სხვაობის საცალოდ რეალიზებულად განხილვა და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობა ოპერაციის შინაარსის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, წარმოადგენს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდს და მისი დაბეგვრა საშემოსავლო/მოგების გადასახადებით მართებულია. მომჩივანმა წარდგენილ საჩივარში ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ახორციელებს უკრაინული წარმოების კუთსახეხის (ე.წ ბალგალკის) პირების შეძენას საბითუმო მომწოდებელთან და მისი შემდგომი რეალიზაციას, ძირითადად „----------“ ბაზრობაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კომპანიას არ აქვს არც საკუთრებაში და არც იჯარით აღებული სასაწყობე ფართი, რაც განპირობებულია კომპანიის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობით. კომპანიის წარმომადგენელი წინასწარ შეკვეთებს იღებდა ბაზრობაზე განთავსებული ობიექტებიდან და შეკვეთების მიხედვით უზრუნველყოფდა მათთვის სასურველი ზომის და დანიშნულების ბალგარკის პირის მიწოდებას. სასაწყობე ფართად კომპანია იყენებდა საოჯახო ფარეხს.

მომჩივანს ჰქონდა ბუღალტრული წარმოება ელექტრონულად აწყობილი სპეციალურ ბუღალტრულ პროგრამაში, რას მიუთითებს მასზე, რომ წინასწარ განზრახული ქმედება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახადები დაემალა კომპანიის ხელმძღვანელობას, არასდროს მიზანი არ ყოფილა და ამ პირობებში შესაბამისად ვერც იქნებოდა.

დარიცხვის დიდი ნაწილი გამოწვეულია კოვიდპანდემიის დროს შექმნილი რთული სიტუაციით. აღნიშნულით ისარგებლეს გადამხდელის კლიენტებმა და წაღებულ პროდუქციაზე თანხის მიწოდება, გაკოტრების, რთული ფინანსური მდგომარეობის და სხვადასხვა მიზეზებით დღემდე არ განუხორციელებიათ. პროდუქცია გასულია კომპანიიდან და თანხა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე შესული არ არის. აღნიშნული თანხების 90%-ზე მეტი დღემდე აუნაზღაურებელია.

არ იცოდა, რომ წაღებულ საქონელზე მიუხედავად თანხების მიუღებლობისა, უნდა დაებეგრა პროდუქციის მიწოდება გადასახადებით. არ ეთანხმება 10 %-იანი მარჟას და განმარტავს, რომ პროდუქციის თხუთმეტი სახეობიდან უმეტესობის რეალიზაციას ახდენს 5-7 %-იანი მარჟით. შესაბამისად, ნაცვლად 10%-ისა, პროდუქციის გარკვეულ სახეობებზე გავრცელდეს 5%-იანი მარჟა.

კომპანიიდან წაღებულია ხანდაზმული პერიოდის (2019 წელი) წინა პერიოდის (რამდენიმე წლის) პროგრამა, რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით. ბუღალტრულ პროგრამაში, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი (2018 წლის საწყისი და საბოლოო) გარკვეული ობიექტური მიზეზებით, შეცდომით აღმოჩნდა დაფიქსირებული, რამაც თავისთავად გავლენა იქონია 2019 წლის საწყის ნაშთზე და ყოველ მომდევნო საგადასახადო წელზე შემოწმებისას.

მომჩივნის განმარტებით, კუთხსახეხის პირები, არის ---------- წარმოების. ამ ბრენდის პროდუქცია არის შედარებით დაბალხარისხიანი, შესაბამისად ფასიც და მომგებიანობის მარჟაც ძალიან დაბალი აქვს. ასევე ხშირია წუნდებული პროდუქციაც, რომელსაც მყიდველი უკან აბრუნებს, ხოლო მომწოდებელთან უკან დაბრუნება ვერ ხერხდება, რადგან შედარებით მცირე კლიენტად ითვლება და მომწოდებელს მსგავსი პირობებით ურთიერთობა არ აწყობს. მომჩივანი კი იძულებულია წუნდებული პროდუქცია გაცვალოს ახალ სხვა პროდუქციაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

01.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსისკოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადოკოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად, მომჩივანს ფაქტობრივად უფიქსირდებოდა 15 594 ლარის თვითღირებულების საქონელი, ხოლო იმავე პერიოდში სმფ-ების ბუღალტრულმა ნაშთი შეადგენდა 402 353 ლარი. შესაბამისად გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთის სხვაობა ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი (10%) და ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შემოწმებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობა დღგ-ის ჩათვლით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.

ზემოთხსენებულ ნორმებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა საბჭოს მართებულად მიაჩნია. ასევე მართებულია ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთის სხვაობის საცალო რეალიზაციად განხილვა და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება, ისევე როგორც გადამხდელის პოზიციის და ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად მიჩნევა და საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრა.

სადავო საკითხზე მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არა არსებითია, ვერ შეცვლის შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და ვერ გახდება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმებით მართებულად განისაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

19.10.2022 წლის №040-15 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 279 381 ლარი, მათ შორის გადასახადი 172 050 ლარი, ჯარიმა 85 817 ლარი და საურავი 21 514 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური უთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებდა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელის განცხადებით, რომ ვერ ერკვეოდა საგადასახადო კანონმდებლობაში დეტალურად, არ იცოდა ვადაგასული, წუნდებული პროდუქციის ჩამოწერის შესაძლებლობის შესახებ. რაც არცოდნის და შეცდომის ბრალია კომპანია, დასაქმებულ პირებთან ერთად დგას ძალიან მძიმე მორალურ და ეკონომიკურ სიტუაციაში და მის სამომავლო საქმიანობას ძალიან დიდი საფრთხე ექმნება. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე, არცოდნის, გამოუცდელობის და შეცდომების გამო, კომპანია მიჩნეულ იქნას კეთილსინდისიერად, რომ გათავისუფლდეს დაკისრებული სანქცია-საურავებისაგან, რათა შეძლოს დარიცხული თანხების ნაწილ-ნაწილ გადახდა. მსგავსი შეცდომები გათვალისწინებული იქნება სამომავლო საქმიანობისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით და მის საფუძველზე განსაზღვრული ფასნამატი;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად, მომჩივანს ფაქტობრივად უფიქსირდებოდა 15 594 ლარის თვითღირებულების საქონელი, ხოლო იმავე პერიოდში სმფ-ების ბუღალტრულმა ნაშთი შეადგენდა 402 353 ლარი. შესაბამისად გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთის სხვაობა ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი (10%) და ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შემოწმებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობა დღგ-ის ჩათვლით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა საბჭოს მართებულად მიაჩნია. ასევე მართებულია ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთის სხვაობის საცალო რეალიზაციად განხილვა და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება, ისევე როგორც გადამხდელის პოზიციის და ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად მიჩნევა და საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრა.

2. გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებდა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,შემოწმებით მართებულად განისაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 981(1); 130(1); 154(1„ზ“); 269(7)

(2021 წლამდე მოქმედი): 159(1„ა“ „ბ“)