გადაწყვეტილება №19619/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2023
№ დოკუმენტი 19619/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19619/2/2023

18 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19619/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ბრუნვის კორექტირება და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა;

3. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სახელფასო განაცემის დაბეგვრა;

4. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №041-43 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8062 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 225 136 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 129 048

დღგ - 37 272

მოგების გადასახადი - (-74)

საშემოსავლო გადასახადი - 91 797

ქონების გადასახადი - 53

ჯარიმა - 61 803

საურავი - 34 285

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელს გააჩნია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებული ცხოველთა სასაკლაო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 17.09.2019 წლიდან 1.06.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №26284 ბრძანება და ამავე თარიღის №041-43 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 30.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2023 წლის №8062 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ბრუნვის კორექტირება და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალი მოიცავს პირუტყვის დაკვლის, დამარილებული ტყავპროდუქტისა და საქონლის სუბპროდუქტების მიწოდებით მიღებულ შემოსავალს. კომპანია დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 20.05.2021 წელს. რეგისტრაციის შემდგომ საწარმოს წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი პარამეტრებით, სადაც სასაკლაოს მიერ გაწეული პირუტყვის დაკვლის მომსახურება განხილული აქვს დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით გამოთხოვილია ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესამოწმებელ პერიოდში სასაკლაოს მიერ გამოყენებული ფორმა №2-ების თაობაზე, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ დაკლული ცხოველების რაოდენობა და კატეგორია, ასევე მიწოდებული საქონლისა და სუბპროდუქტების წონა. შემოწმება ასევე დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ გამოკითხვის მასალებს, სადაც საწარმოს ამჟამინდელი და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკვლის მომსახურეობის გაწევისა და რეალიზებული ტყავპროდუქტის ფასებს. აღნიშნული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტებების შეჯერების შედეგად, საწარმოს დაუანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 7.08.2020 წელი.

შემოწმებით დადგენილი ბრუნვები დაიბეგრა შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი პარამეტრებით, სადაც სასაკლაოს მიერ გაწეული პირუტყვის დაკვლის მომსახურეობა განხილული აქვს დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებასთან მიმართებით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გამოყენებულია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესამოწმებელ პერიოდში სასაკლაოს მიერ გამოყენებული ფორმა №2-ები, რომლებითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ დაკლული ცხოველების რაოდენობა და კატეგორია, ასევე მიწოდებული საქონლისა და სუბპროდუქტების წონა. შემოწმება აგრეთვე დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ გამოკითხვის მასალებს, სადაც საწარმოს ამჟამინდელი და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკვლის მომსახურეობის გაწევისა და რეალიზებული ტყავპროდუქტის ფასებს. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში არ ეთანხმება დარიცხვას და აცხადებს, რომ არასწორად მოხდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრა, თუმცა არ აქვს მითითება ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად არასწორად მოხდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრა. ითხოვს, კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების შესაბამისად:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 მუხლის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:

ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);

ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:

უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);

ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი სასაკლაოს მიერ გაწეული პირუტყვის დაკვლის მომსახურეობას განიხილავს დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად და დღგ-ის დეკლარაციებს წარადგენს ნულოვანი მონაცემებით. ამასთან, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოწმების მიერ გამოყენებულია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესამოწმებელ პერიოდში სასაკლაოს მიერ გამოყენებული ფორმა №2-ები, რომლებითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ დაკლული ცხოველების რაოდენობა და კატეგორია, ასევე მიწოდებული საქონლისა და სუბპროდუქტების წონა. შემოწმება აგრეთვე დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ გამოკითხვის მასალებს, სადაც საწარმოს ამჟამინდელი და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკვლის მომსახურეობის გაწევისა და რეალიზებული ტყავპროდუქტის ფასებს. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, ამდენად, მიაჩნია რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი აქვს ნულოვანი შედეგებით და არ აქვს განხორციელებული გადასახადის ჩათვლა. შემოწმებით დადგენილი დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ მიღებული და დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით შემოწმებამ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ მონაცემებს და აღნიშნავს, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ მიღებული და დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით შემოწმებამ, დადგენილი წესის შესაბამისად, განახორციელა დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელი არ ეთანხმება ჩასათვლელი დღგ-ის თანხების ოდენობას, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული პროპორციის წესი. ითხოვს, კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის მიხედვით:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

6. თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

შემოწმებით დადგენილი დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ მიღებული და დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით შემოწმებამ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სახელფასო განაცემის დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ სასაკლაოს საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოში დაკვლის მომსახურეობას ახორციელებდნენ კონკრეტული დაქირავებული ფიზიკური პირები, რომელთაც შრომის ანაზღაურებას უხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით დაკლული პირუტყვის რაოდენობის და კატეგორიის შესაბამისად. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვისას საწარმოს მიმდინარე და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკლული პირუტყვის კატეგორიის შესაბამისად ერთეულზე ანაზღაურების თანხებს. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა საწარმოს მიერ სახელფასო განაცემების დამატებითი მოცულობა, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამისი თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. კომპანიას დაერიცხა ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას, თუმცა წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას და ითხოვს, კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ სასაკლაოს საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოში დაკვლის მომსახურეობას ახორციელებდნენ კონკრეტული დაქირავებული ფიზიკური პირები, რომელთაც შრომის ანაზღაურებას უხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით დაკლული პირუტყვის რაოდენობის და კატეგორიის შესაბამისად. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვისას საწარმოს მიმდინარე და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკლული პირუტყვის კატეგორიის შესაბამისად ერთეულზე ანაზღაურების თანხებს.

საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა კომპანიის მიერ სახელფასო განაცემების დამატებითი მოცულობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოიცავს პირუტყვის დაკვლის, დამარილებული ტყავპროდუქტისა და საქონლის სუბპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს. საწარმოს დანახარჯების გაწევა უფიქსირდება საბანკო ამონაწერებში, დეკლარირებულ სახელფასო განაცემებში და ელექტრონულ ბაზებში ასახულ მიღებულ სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებში.

შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების, დადასტურებული ხარჯებისა და გადამხდელისგან მიღებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელისაგან მიწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა თანხები, რომელთა გახარჯვა არ იქნა დადასტურებული. აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დგინდება, რომ შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების, დადასტურებული ხარჯებისა და გადამხდელისგან მიღებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის წარდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. ხოლო სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა თანხები, რომელთა გახარჯვა არ იქნა დადასტურებული და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით გაანგარიშებული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი მიუთითებს ხარჯების გათვალისწინების საკითხზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გათვალისწინებულია დადასტურებული ხარჯები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს საჩივარზე დართული მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, ან რაიმე დოკუმენტი გაწეული ხარჯების თაობაზე. შესაბამისად, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. ამასთან, არ არის გათვალისწინებული შესყიდული ტყავის და სხვა ნაწილების ღირებულება. ითხოვს, კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების, დადასტურებული ხარჯებისა და გადამხდელისგან მიღებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელისაგან მიწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ.

სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა თანხები, რომელთა გახარჯვა არ იქნა დადასტურებული და რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა სულ 61 803 ლარის ოდენობით (მათ შორის დღგ-ში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 11 602 ლარი, ამავე კოდექსის 282-ე მუხლით 4 189 ლარი, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 45 899 ლარი, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით 100 ლარი და ქონების გადასახადში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 14 ლარი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №041-43 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 34 285 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელებული განაცემების შესახებ ინფორმაცია არასრულად არის ასახული შესაბამისი თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად და შემოწმების მიერ მოხდა ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლა და დამუშავება, რის საფუძველზეც საწარმოს გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 832 079 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით არც რეალიზაციადაა განხილული და არც ფაქტობრივ ნაშთში უფიქსირდება. აღნიშნული შემოწმებით განხილულია მიწოდებად (შემოწმებამ გამოიყენა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე ექსპერტის მიერ დადგენილი ფასები) და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ ნაწილში კომპანია ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

გარდა აღნიშნულისა მომჩივანი ითხოვს დავების განხილვის საბჭომ სხვა საკითხებთან მიმართებითაც გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და კომპანია გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. ამ შემთხვევაში დარიცხვა გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება თავისთავში გულისხმობს რომ ზუსტი შედეგის და ზუსტი ციფრების გამოყვანა შემმოწმებლისგან შეუძლებელია. ამასთან, საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა.

ითხოვს დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან და წარდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით მოხდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის ბრუნვის კორექტირება და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა;

3. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სახელფასო განაცემის დაბეგვრა;

4. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელი სასაკლაოს მიერ გაწეული პირუტყვის დაკვლის მომსახურეობას განიხილავს დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად და დღგ-ის დეკლარაციებს წარადგენს ნულოვანი მონაცემებით. ამასთან, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების მიერ გამოყენებულია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესამოწმებელ პერიოდში სასაკლაოს მიერ გამოყენებული ფორმა №2-ები, რომლებითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ დაკლული ცხოველების რაოდენობა და კატეგორია, ასევე მიწოდებული საქონლისა და სუბპროდუქტების წონა. შემოწმება აგრეთვე დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ გამოკითხვის მასალებს, სადაც საწარმოს ამჟამინდელი და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკვლის მომსახურეობის გაწევისა და რეალიზებული ტყავპროდუქტის ფასებს. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

2. შემოწმებით დადგენილი დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ მიღებული და დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით შემოწმებამ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს.

3. სასაკლაოს საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოში დაკვლის მომსახურეობას ახორციელებდნენ კონკრეტული დაქირავებული ფიზიკური პირები, რომელთაც შრომის ანაზღაურებას უხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით დაკლული პირუტყვის რაოდენობის და კატეგორიის შესაბამისად. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვისას საწარმოს მიმდინარე და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკლული პირუტყვის კატეგორიის შესაბამისად ერთეულზე ანაზღაურების თანხებს. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა კომპანიის მიერ სახელფასო განაცემების დამატებითი მოცულობა.

4. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების, დადასტურებული ხარჯებისა და გადამხდელისგან მიღებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელისაგან მიწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა თანხები, რომელთა გახარჯვა არ იქნა დადასტურებული და რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, ამდენად, მიაჩნია რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-2 სადავო ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ასევე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 102(1„ა“); 159(1„ა“ „ბ“); 172(4 „უ“ „ფ“); 175(1„ა“); 177(1); 275; 282(1); 291.

(2021 წლამდე მოქმედი): 157(1,7); 160; 161(1„ა“).