ბრძანება N 24795

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.11.2024
№ დოკუმენტი 24795
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24795

26 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--- ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 23 აგვისტოს და 17 ოქტომბრის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 23 აგვისტოს №91629/1/2024 და 17 ოქტომბრის №92408/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის №077-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანიას ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა სხვა საანგარიშო პერიოდში, ხოლო შემოწმებას უნდა მოეხდინა საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდის ცვლილება, ამასთან, შეემცირებინა დეკლარირებული დღგ-ის თანხა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის კუთხით, აღნიშნული თანხების დაბეგვრა განხორციელდა მოიჯარის მიერ საიჯარო თანხების ჯამურად ჩარიცხვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ პერიოდებში, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიისთვის დამატებითი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეულ გადაზიდვის მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსურ/საბუღალტრო რეესტრებში მესამე პირებისთვის რაიმე სახის სატრანსპორტო ან საიჯარო მომსახურებების გაწევა არ უფიქსირდება, ასევე კომპანიის მიერ ავტომობილის მძღოლებით და საწვავით უზრუნველყოფა არ ხორციელდებოდა, ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლზომიერად იქნება მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისთვის სატრანსპორტო მომსახურების საბაზრო ფასების გამოყენება, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი თანხები მაინც ექვემდებარება გადაანგარიშებას (შემცირებას), რადგანაც შემოწმებით გამოყენებული ფასი შეუსაბამოა ბაზარზე დადგენილ სატრანსპორტო მომსახურებების საბაზრო ფასთან.

3. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, კერძოდ, შესყიდულ საქონელზე ფასნამატის გავრცელებას. აცხადებს, რომ ფასნამატის გაანგარიშების პროცესში არასწორად მოხდა საქონლის კატეგორიზაცია და მაღალი გასაყიდი ფასის საქონელს შეუპირისპირდა დაბალი სარეალიზაციო ფასის საქონლის შესყიდვის ღირებულება (თვითღირებულება).

აღნიშნავს, რომ შემოწმებით აღებულია მხოლოდ მაღალი ფასნამატის მქონე საქონელი და არ იქნა გათვალისწინებული ის საქონელი, რომელთა წვლილი კომპანიის მთლიან შემოსავალში არსებითია, თუმცა პატარა სარეალიზაციო ფასნამატით ხასიათდება, ფასნამატის გაანგარიშებაში ასევე დაშვებულია მექანიკური შეცდომები. გადამხდელი ასევე მიუთითებს არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში შემოწმებით დადგენილი შემოსავლის არაარსებითობაზე და ითხოვს ვალდებულებების შემცირებას.

4. გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6507 და 2024 წლის 2 მაისის №10505 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--- ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 ივლისის №17511 ბრძანება და ამავე თარიღის №077-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 173 038 ლარი, მათ შორის, გადასახადი 106 427 ლარი, ჯარიმა 45 528 ლარი და საურავი 21 083 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. პირველადი დოკუმენტების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განსხვავდება გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით საწარმოს თავისი კუთვნილი ორი სატვირთო ავტომანქანა მერსედესის მარკის სახელმწიფო ნომრებით --- და --- 2021 წლის პირველი იანვრიდან ასევე ემსახურება შპს „--- ს“. საიჯარო ქირა განსაზღვრულია ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით, საიჯარო ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირობა, რომ სატვირთო მანქანების საწვავებით უზრუნველყოფას ახორციელებს მანქანების იჯარით გამცემი. ორივე აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირებული იქნა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით მიღებული შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ საწარმოს კუთვნილ ავტომანქანებზე მოპოვებული იქნა ინფორმაცია იმ ზედნადებების შესახებ, სადაც ტვირთების გადამზიდავ მანქანებში ფიქსირდება საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანები. აღნიშნულით დასტურდება, რომ საწარმოს კუთვნილი მანქანებით გაწეულია გადაზიდვის მომსახურება, რომელიც ამავე დროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, ხოლო მომსახურების ფასები განსაზღვრული იქნა საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, თითოეული ზედნადების მიხედვით სავარაუდო განვლილი მანძილის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით მიღებული შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რკინეულით საცალო და საბითუმო ვაჭრობა, რომელიც შეძენილი აქვს ადგილობრივი შესყიდვის გზით. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი ცალი რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი.

შემოწმების პროცესში გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების პარალელურად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 იანვრის №1338 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალებით ირკვევა, გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 923 523 ლარს პირვანდელი ღირებულებით დღგ-ის ჩათვლით.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებული იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები თითოეული საქონლის მიხედვით. დადგენილი იქნა მთლიან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული საქონლის მიხედვით). ამასთან, მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით, ხოლო დარჩენილი მონაცემი წარმოადგენს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, რაზედაც გავრცელებული იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით თითოეულ საქონელზე დადგინდა ფასნამატი, რაც გამოყენებული იქნა იმავე საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციისას შემოსავლის დასადგენად.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთანავე, შემოწმებით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასაადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად:

1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება .

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად, ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით;

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით საწარმოს თავისი კუთვნილი ორი სატვირთო ავტომანქანა მერსედესის მარკის სახელმწიფო ნომრებით --- და --- 2021 წლის პირველი იანვრიდან ემსახურება შპს „----ს“. საიჯარო ქირა განსაზღვრულია ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით, საიჯარო ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირობა, რომ სატვირთო მანქანების საწვავებით უზრუნველყოფას ახორციელებს მანქანების იჯარით გამცემი. შემოწმების მიერ დაკორექტირებულ იქნა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ და საქმის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ მოიჯარის მიერ კომპანიისთვის გადახდილი საიჯარო თანხები კომპანიას აღრიცხული აქვს ფინანსურ/საბუღალტრო რეესტრებში და აღნიშნული თანხების დირექტორზე/პარტნიორზე განაცემები დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოწმებით ხელფასის სახით განაცემად ჩათვლილია კომპანიის მიერ მისაღები თანხები შპს „----გან“, რომელიც ასევე წარმოადგენს საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირს.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილია საწარმოს მიერ გაწეული საიჯარო მომსახურება პერიოდების შესაბამისად, ხოლო დეკლარირებული თანხები, რომელზეც გადამხდელის განმარტებით გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შემოწმებით დამატებით დაბეგრილი არ არის. ამასთან, შემოწმებით შესწავლილ იქნა დებიტორ-კრედიტორებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო, ვინაიდან საწარმოს არ უფიქსირდება დებიტორები, გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლები, ჩათვლილ იქნა მიღებულად და საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მომსახურებასთან დაკავშირებული შემოსავლის ფულის სახით მიღება არ ფიქსირდება, როგორც სალაროში ასევე საბანკო ანგარიშებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ვინაიდან, შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ საწარმოს კუთვნილი ავტომანქანებზე მოპოვებული იქნა ინფორმაცია იმ ზედნადებების შესახებ, სადაც ტვირთების გადამზიდავ მანქანებში ფიქსირდება საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანები. აღნიშნულით დასტურდება, რომ საწარმოს კუთვნილი მანქანებით გაწეულია გადაზიდვის მომსახურება, რომელიც ამავე დროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, ხოლო მომსახურების ფასები განსაზღვრული იქნა საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, თითოეული ზედნადების მიხედვით სავარაუდო განვლილი მანძილის შესაბამისად.

შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ავტომობილები დაფიქსირებულია შპს „---ის“ (გამოწერილ ან მიღებულ) ზედნადებებში, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას არც დღგ და არც საშემოსავლო/მოგების გადასახადები არ უნდა დაერიცხოს, რადგან მას კომპანია საანგარიშო პერიოდების მიხედვით უწევდა სატრანსპორტო მომსახურებას და აღნიშნული მომსახურება კომპანიას დაბეგრილი აქვს.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ მოპოვებული იქნა ინფორმაცია იმ ზედნადებების შესახებ, სადაც ტვირთების გადამზიდავ მანქანებში ფიქსირდება საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანები. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მისი კუთვნილი ავტომობილები გაცემულია იჯარით შპს „----ზე“, თუმცა ზედნადებების ანალიზით დასტურდება აღნიშნული ავტომანქანების შპს „---ის“ მიერ გამოყენებაც, რის გამოც აღნიშნული ოპერაციები განხილულ იქნა შპს „----ის“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, აღნიშნული ოპერაციების შპს „---ის“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვა დაუსაბუთებელია, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, შემოწმების პარარელურად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 იანვრის №1338 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 923 523 ლარს. დადგენილი იქნა მთლიან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული საქონლის მიხედვით). ამასთან, მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით, ხოლო დარჩენილი რპთ-ზე გავრცელებული იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

ამასთან, დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით თითოეულ საქონელზე დადგინდა ფასნამატი, რაც გამოყენებული იქნა იმავე საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციისას შემოსავლის დასადგენად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი შემოსავალი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში დადგენილი დამატებითი შემოსავალი (222 371 ლარი) შეადგენს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავლის (10 627 101 ლარი) 2,09%-ს, შესაბამისად, მისი არსებითობიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული გადასახადები უნდა განისაზღვროს - 0 ლარით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ (დანართი №10) მეთოდურ მითითებაზე, რომლის თანახმადაც, აუდიტორი უფლებამოსილია პირის საგადასახადო ვალდებულებები არ განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით, თუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავალი ან/და დასაბეგრი ბრუნვა, პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავლის ან/და დასაბეგრის ბრუნვის 2%-ს არ აღემატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მექანიკური შეცდომის გამო არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ეა - ----, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, აღნიშნული ოპერაციების შპს „---ის“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

7. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეულ გადაზიდვის მომსახურებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.

3. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, კერძოდ, შესყიდულ საქონელზე ფასნამატის გავრცელებას.

4. გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ დაკორექტირებული იქნა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით მიღებული შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16; 73 ( 4,5,9); 101; 154; 175; 176; 159; 163; 164.