ბრძანება N 25816
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25816
25 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის პირველი და 2 ივლისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის №25656/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის პირველი ივლისის №102917/21 და 2 ივლისის №568152 (რეგ. №103981/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით შპს „-------“-სთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებით მიღებული შემოსავალის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2025 წლის 30 ივნისს გაცემული ცნობა №9325/15-14-01, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. აცხადებს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2024 წლის 8 აგვისტოს მოწმის სახით გამოკითხულ იქნა მომჩივანი და ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება. მიიჩნევს, რომ შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე და შპს „-------“-ის მიერ გაფორმებულ შესყიდვის აქტებზე გამოძიების წარმოება ცალსახად მოწმობს იმას, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული აქტი ეყრდნობა შპს „-------“-ის მიერ გაყალბებულ შიდა სამეურნეო დოკუმენტაციაში არსებულ შესყიდვის აქტებს, რომლებიც როგორც ამ ეტაპზე დადგენილია შპს „-------“-ის მიერ 2020-2023 წლებში მოტყუებით და უკანონოდ იქნა შედგენილი მომჩივნის ნების და ინფორმირებულობის გარეშე. აცხადებს, რომ გაყალბებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა ბათილად უნდა იქნას მიჩნეული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №30231 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ------- (პ/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-------“-თვის (ს/ნ -------) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №30602 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №086-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 013 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 700 ლარი, ჯარიმა 18 850 ლარი და საურავი 11 463 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის პირველ და 2 ივლისს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17602 ბრძანებით ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით საჩივრები დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 6 ნოემბრის №25656/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17602 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა არსებითად იმსჯელოს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის №25656/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სხვა იდენტურ შემთხვევებზე გამოძიებით დადგენილმა გარემოებებმა იქონია გავლენა გადამხდელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ------- „დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში“ ასახული ინფორმაცია წარმოადგენს ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რაც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებებს და შესაბამისად, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2020-2022 წლებში უფიქსირდება შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ წლების მიხედვით შეადგინა: 2020 წელს - 286 167 ლარი, 2021 წელს - 352 381 ლარი, 2022 წელს - 303 951 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან ფ/პ ------- მიერ პროდუქციის მიწოდება აღნიშნულ პერიოდებში აღემატება 200 000 ლარს, შემოწმებით მის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან შემოწმებას არ მოეპოვება საქონლის შესყიდვის დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები ან/და სხვა პირველადი დოკუმენტი) ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებულ იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2020-2022 წლებში უფიქსირდება შპს „-------“-სთვის (ს/ნ -------) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. ვინაიდან ფ/პ ------- მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, შემოწმებით პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან შემოწმებას არ მოეპოვება საქონლის შესყიდვის დოკუმენტაცია ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებულ იქნა 25%-იანი რენტაბელობით. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, ფ/პ ------- მიმართ გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი ეყრდნობა შპს „-------“-ის მიერ გაყალბებულ შიდა სამეურნეო დოკუმენტაციაში არსებულ შესყიდვის აქტებს, რომლებიც შპს „-------“-ის მიერ 2020-2023 წლებში მოტყუებით და უკანონოდ იქნა შედგენილი მომჩივნის ნების და ინფორმირებულობის გარეშე.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის №25656/2/2025 გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ „სხვა იდენტურ შემთხვევებზე გამოძიებით დადგენილმა გარემოებებმა იქონია გავლენა გადამხდელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ------- „დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში“ ასახული ინფორმაცია წარმოადგენს ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რაც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებით მიღებული შემოსავალის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 2020-2022 წლებში უფიქსირდება შპს-ზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ წლების მიხედვით შეადგინა: 2020 წელს - 286 167 ლარი, 2021 წელს - 352 381 ლარი, 2022 წელს - 303 951 ლარი. ვინაიდან მომჩივანის მიერ პროდუქციის მიწოდება აღნიშნულ პერიოდებში აღემატება 200 000 ლარს, შემოწმებით მის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან შემოწმებას არ მოეპოვება საქონლის შესყიდვის დოკუმენტაცია, ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებულ იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 82(1-ლ); 102; 105