გადაწყვეტილება №22627/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22627/2/2024
02 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 20.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22627/2/2024).
დავის საგანი:
ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განსაზღვრის და დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №999-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2082 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 11 403 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 6 120
ჯარიმა - 3 060
საურავი - 2 223
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ ფ.პ. „----------“ (პ/ნ ----------) და მის მეუღლეს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით გადამხდელს და მის ოჯახის წევრებს საკუთრებაში აქვთ 2020-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნას ქონების შეფასებაზე. საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 25.12.2024 წლის №32710 ბრძანება და №999-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2082 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 90-ე მუხლით, 91-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 205- ე მუხლის მე-12 ნაწილით, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ფ.პ. „----------“ (პ/ნ ----------) და მის მეუღლეს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. აგრეთვე, მომჩივანს და მის ოჯახის წევრებს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვთ ქონებები (მათ შორის ქ. ----------). შესაბამისად, გადამხდელს ვალდებულება ჰქონდა წარედგინა დეკლარაცია და გადაეხადა ქონების გადასახადი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1.უძრავი ქონება, ს/კ ----------, მისამართი: ---------- - წარმოადგენს ---------- და ---------- საკუთრებას. მათ უძრავი ქონება მიიღეს მემკვიდრეობით, კერძოდ, 19/12/2019 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ----------, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში, წარმოებით ნომერი ---------- მათზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება 23/12/2019 წელს. ასევე, ამავე შენობის მანსარდა, ს/კ ---------- წარმოადგენს მათ საკუთრებას, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობით და რომელზედაც საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მათ სახელზე საჯარო რეესტრის წარმოებით ----------, 13/09/2021 წელს სამკვიდრო მოწმობის N---------- (დამოწმების თარიღი:07/09/2021) საფუძველზე. აღნიშნული ქონება არასდროს ყოფილა საჩივრის ავტორის, ---------- საკუთრება. ასევე, იგი მას არ ეკუთვნის როგორც მეუღლეთა თანასაკუთრება, რადგან, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, „თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. მტკიცებულება: დანართი 1: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ----------, ს/კ ---------- დანართი 2: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ----------, ს/კ ----------
2. უძრავი ქონება, ს/კ ----------, მდებარე მისამართზე ----------, არის მეუღლეთა მიერ, ქორწინების განმავლობაში, 20.08.2014 წელს შეძენილი ბინა და შესაბამისად წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილისა, კერძოდ, „მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას)“...უძრავი ქონება დარეგისტრირდა ---------- (ამჟამად ----------) საკუთრებაში ----------გადაწყვეტილებით. რეგისტრაციის საფუძველია ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი:15/08/2014. ამდენად, ნათელია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო ---------- სახელზე, ის არ ყოფილა აღნიშნული ქონების მესაკუთრე სრულად, არამედ მის საკუთრებაში იყო მხოლოდ უძრავი ქონების ნახევარი წილი. მტკიცებულება: დანართი 3: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ ----------, ამონაწერი.
3. ასევე, ---------- საკუთრებაშია უძრავი ქონება ს/კ ----------, ავტოფარეხი N----------, მისამართი: ----------. აღნიშნულ ქონებაზე ---------- საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სარეგისტრაციო წარმოებით ----------, 15/11/2021 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის დამოწმების თარიღია: 15/11/2021. შესაბამისად, ნათელია, რომ აღნიშნული ბინა არ წარმოადგენს ანას საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. ის არ ყოფილა აღნიშნული ქონების მესაკუთრე სრულად, არამედ მის საკუთრებაში იყო მხოლოდ უძრავი ქონების ნახევარი წილი. მტკიცებულება: დანართი 4: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/კ ----------
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. გამომდინარე აქედან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი წერილობით დაესაბუთებინა და დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის. მოცემულ შემთხვევაში დარიცხვა განხორციელდა ფაქტების გამოკვლევის გარეშე და ფაქტების არასათანადო შეფასებით, ასევე, იმ ნორმაზე დაყრდნობით, რომელიც არ ითვალისწინებს საჩივრის ავტორის იმგვარ დაბეგვრას, როგორც საგადასახადო მოთხოვნითაა გათვალისწინებული, კერძოდ, დარიცხვის საფუძველია საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი: გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე“. გადასახადი პირს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. კოდექსის ნორმა კი ნათლად მიუთითებს, რომ პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. დაუშვებელია ნორმის გავრცობა და იმგვარად გამოყენება, რომ პირს დაეკისროს გადასახადი ქონებაზე, რომელზეც საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა სადავო აქტებით ანას დააკისრა მისი ყოფილი მეუღლის ქონებაზე, რომელიც ოჯახის საერთო საკუთრებადაც კი არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, მისი დედამთილის, რომელიც არ არის მისი ოჯახის წევრი, ასევე, ოჯახის საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სრულად, როდესაც ის მხოლოდ მისი ნახევრის მესაკუთრედ შეიძლება მივიჩნიოთ. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა არასწორად გამოიყენა 201-ე მუხლის პირველი ნაწილი და ანას დააკისრა გადასახადი არა მხოლოდ მის ქონებაზე, არამედ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას. მართალია, საგადასახადო კოდექსი იცნობს ოჯახის ცნებას ოჯახის საერთო შემოსავლის დადგენის მიზნებისთვის, რა დროსაც წარმოიშობა გადასახადის გადახდის ვალდებულება, თუმცა არ ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებას. აქვე, დაუსაბუთებელია და დაუშვებელია თუნდაც ოჯახის საერთო ქონების გადასახადი (---------- ბინა, ავტოფარეხი) დაეკისროს მხოლოდ ---------- და მოთხოვნა შედგეს მის მიმართ, რადგან ის არ არის ვალდებული გადაიხადოს ოჯახის ყველა წევრის გადასახადი და ამგვარად ხდება მისი დაბეგვრა დისკრიმინაციის საფუძველზე, რაც ბუნებრივია ვერ იქნება დასაბუთებული და კანონიერი. აქვე საგადასახადო მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმდენად, რომ შეუძლებელია მისი სისწორის გამოკვლევა.
კერძოდ, 18.12.2023 წლის შემოწმების აქტით არ დგინდება თითოეული ქონების შეფასების ღირებულება, არ დგინდება რა პერიოდზე (რომელი თვის რა რიცხვიდან რა რიცხვამდე) მოხდა ყოველ კონკრეტულ წელს ქონების გადასახადის დარიცხვა, თითოეული ქონების სრული ღირებულებაა გაანგარიშებული თუ მისი ნაწილი (მაგალითად ---------- ბინა არა მხოლოდ ---------- საკუთრებაა), იმისათვის, რომ დეტალური შედავება შეძლოს საჩივრის ავტორმა. ამდენად, მასზე დაფუძნებული მოთხოვნა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ბრძანება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას, კონკრეტულ გადასახადის გამოთვლის მეთოდსა და დასარიცხ პერიოდებს. ამდენად, აქტები გამოცემულია გამოკვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად, იმ საფუძველზე, რომელსაც კანონი არ ითვალისწინებს და დისკრიმინაციულად, შესაბამისად, არის უკანონო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-60 პრიმა მუხლის თანახმად ექვემდებარება ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 90-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ქონების გადასახადის შესახებ დეკლარაციას № V-03 დანართის ფორმით.
ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ დეკლარაცია საოჯახოა „V ნაწილში“ აისახება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული დასაბეგრი ქონებაც, სხვა შემთხვევაში მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს და მის მეუღლეს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით გადამხდელს და მის ოჯახის წევრებს საკუთრებაში აქვთ 2020-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნას ქონების შეფასებაზე. საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტები, მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ან თანასაკუთრებაში არსებული წილის პროპორციულად არსებულ ქონებაზე ქონების გადასახადის დარიცხვის თაობაზე, ვინაიდან, მას და მის მეუღლეს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი უპირობოდ, ამასთან, კანონი ითვალისწინებს საოჯახო დეკლარაციის წარდგენას, ხოლო, №---------- განქორწინების მოწმობის მიხედვით, მეუღლესთან განქორწინება მოხდა შესამოწმებელი პერიოდების (2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდები) შემდეგ 16.03.2023 წელს. ამასთან, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, დედამთილის ქონება ამორიცხულია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზიდან და ამ ქონებაზე მომჩივნისათვის ქონების გადასახადის დარიცხვა არ მომხდარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განსაზღვრის და დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს და მის მეუღლეს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით გადამხდელს და მის ოჯახის წევრებს საკუთრებაში აქვთ 2020-2022 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნას ქონების შეფასებაზე.
დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტები, მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ან თანასაკუთრებაში არსებული წილის პროპორციულად არსებულ ქონებაზე ქონების გადასახადის დარიცხვის თაობაზე, ვინაიდან, მას და მის მეუღლეს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი უპირობოდ, ამასთან, კანონი ითვალისწინებს საოჯახო დეკლარაციის წარდგენას, ხოლო, განქორწინების მოწმობის მიხედვით, მეუღლესთან განქორწინება მოხდა შესამოწმებელი პერიოდების (2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდები) შემდეგ 16.03.2023 წელს. ამასთან, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, დედამთილის ქონება ამორიცხულია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზიდან და ამ ქონებაზე მომჩივნისათვის ქონების გადასახადის დარიცხვა არ მომხდარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202.