ბრძანება N 20527

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2024
№ დოკუმენტი 20527
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20527

18 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ს (ს/ნ ---)

(მის.:---) 2024 წლის 23 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა შპს „---“-ს (ს/ნ ---) №91609/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №EL257649, №EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL69604/28 (№006-28) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ადმინისტრაციულ აქტებს და განმარტავს, რომ შპს „---“-მა 2021 წლის 18 ივნისს წერილით საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ შპს „----“-სა და „---“-ს შორის გაფორმებული ,,პროდუქტის გადატვირთვის და ტერმინალში შენახვის მომსახურების თაობაზე“ 2019-2020 წლებში გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, შპს ,,----“- ში შემოტანილი და გატანილი ნავთობპროდუქტების დანაკარგი 2021 წლის 18 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 148269 კგ.-ს. ამასთან მიუთითა, რომ მითითებულ პერიოდში ტვირთის მოძრაობასთან დაკავშირებით წარდგენილ საბაჟო დეკლარაციებში, ფაქტიური დანაკლისის მიუხედავად, ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა სრულად გათვალისწინებული არ იყო.

2021 წლის 21 ივლისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2021 წლის 21 ივნისის N129817/21-10-14 მიმართვა შემოსავლების სამსახურთან, გადაიგზავნა შპს „---“ (ს/ნ --- ), რამდენადაც ეს კომპანია არის „----“-ს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირი (დეკლარანტი).

საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2021 წლის პირველი ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის №EL139958 და №EL139961 ოქმები, ასევე 2021 წლის პირველი ივლისის №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნა. ამდენად, შემოსავლების სამსახურისთვის 2021 წლის 18 ივნისს გახდა ცნობილი, რომ არსებობდა დანაკლისი, რომელიც მოიცავდა მითითებულ 17258.66 კგ ბენზინსაც.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2021 წლის პირველი ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის №EL139958 და №EL139961 ოქმები, ასევე 2021 წლის პირველი ივლისის №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნა შპს „---“-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი (საქმე №3/1412-22). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით.

შპს „----“-ის მიერ გატარებულ იქნა რიგი ღონისძიებები, რათა დადგენილიყო არსებული დანაკარგის გამომწვევი რეალური მიზეზი. შპს „----“-ში ჩატარდა დოკუმენტებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესწავლილ იქნა დროებითი შემოტანის რეჟიმში მოქცეული ნავთობპროდუქტის რეზერვუარების აზომვის დოკუმენტები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ნავთობპროდუქტის ქიმიური შემადგენლობისა და თვისობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, მისი კუთრი წონა შესაძლებელია დამძიმდეს უკანასკნელი აზომვიდან შემდგომი აზომვის დროის პერიოდში, მით უმეტეს ზაფხულის სეზონზე. ამდენად, ცდომილება აზომვის აქტსა და ამავე წლის 21 ივნისის დასკვნაში მითითებულ ერთი და იგივე პროდუქტის კუთრ წონებს შორის არალოგიკური და არა რეალურია - აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, რეზერვუარებში განთავსებული ნავთობპროდუქტის კუთრი წონა შემცირდა, დამძიმების ნაცვლად.

იმ შემთხვევაში თუ სრულად იქნება შესწავლილი შპს ,,----“-ში ,,----“-ს მიერ შემოტანილი პროდუქტის რაოდენობა და გატანილი პროდუქტების რაოდენობა, რომელიც ეფუძნება ტვირთის კუთრი წონის ოდენობას, ნავთობპროდუქტების ტექნიკური პასპორტებსა და ჩატვირთვის დოკუმენტებს, აღმოჩნდება, რომ შპს ,,----“-ის რეზერვუარებში შემოტანილია ნაკლები რაოდენობის ტვირთი, ვიდრე აზომვის აქტებშია მითითებული და ვაგონ-ცისტერნებით გასულია მეტი რაოდენობა, ვიდრე გასვლის გატანის აზომვის აქტებშია მითითებული. შესაბამისად, შპს ,,----“- ში დროებითი შენახვის დეკლარაციით (----) შემოტანილ პროდუქტზე, დანაკლისი არ იქნება.

წარმოდგენილი ტვირთის პასპორტები, რომელში დაფიქსირებული ტვირთის კუთრი წონა განსხვავდება ჩატვირთვის დოკუმენტში უსაფუძვლოდ მითითებული კუთრი წონისაგან, რამაც ჯამში გამოიწვია 39 205 კილოგრამიანი ცდომილება. შპს ,,----“-ის ნავთობტერმინალი ემსახურება ღია ფერის ნავთობპროდუქტების გადატვირთვას, რასაც ას წელზე მეტი ისტორია გააჩნია და მსოფლიოში მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად შემუშავებულია რეგულაციები, რომლებიც ასახავენ ნავთობტერმინალის გამართული მუშაობის პროცედურას, კერძოდ: - ნავთობპროდუქტს ახასიათებს კლიმატური ზონების შესაბამისად სხვადასხვა თვისებები (ГОСТ - ევრო რეგულაცია) საქართველო 3 კლ. ზონაშია და კანონი არ ასახავს 3 კლ. ზონისთვის განკუთვნილ ბუნებრივი დანაკარგის ზღვრულ ნორმას; - განსხვავებული აორთქლების ნორმებია ზაფხულის და ზამთრის სეზონზე (ГОСТ - ევრო რეგულაცია), რაც ასევე არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით; - განსხვავებული აქვს აორთქლების ნორმა რეზერვუარის ტიპების ზომების მიხედვით მიწისზედა, მიწისქვეშა რეზერვუარი, პანტონიანი-უპანტონო, სხვადასხვა აორთქლების ნორმა 1000 მ 3 -იანამდე 2000 მ 3 - იანამდე და ზევით რეზერვუარებზე. რაც ასევე არ არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შემოსულობები იგეგმება (ამ კონკრეტულ ნაწილში) იმპორტის რეჟიმში მყოფი ან/და ტრანზიტული პროდუქციიდან, რომელსაც შეიძლება შემდგომში შეეცვალოს მიზნობრიობა და გადავიდეს იმპორტის რეჟიმში, მისაღები შემოსულობებით აქციზი და დღგ. ეს კონკრეტული პროდუქტი მოძრაობს რუსეთის ფედერაციის და სომხეთის რესპუბლიკის შეთანხმების ფარგლებში, საქონლის „საბაჟო ტრანზიტის“ რეჟიმში, საბაჟო კავშირის საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში. ამ პროდუქტს წინასწარ განსაზღვრული აქვს მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი (სომხეთი). არ შეიძლება ამ პროდუქტის ტრანზიტული რეჟიმიდან იმპორტის რეჟიმში მოქცევა, შესაბამისად საქართველოს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში ამ ტვირთის მოძრაობიდან ვერ დაიგეგმებოდა შემოსავალი, ვერც მოსალოდნელ შემოსავლებში აისახებოდა ამ მოქმედებიდან შემოსავალი.

საბაჟო საწყობის ფუნქციონირების შინაარსია, რომ გაუფრთხილდეს პროდუქციის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელს, არ მოხდეს ტვირთის განკარგვა, დაკარგვა და ა.შ. რამაც შეიძლება ბიუჯეტს არ მიაღებინოს ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა დანაკლისი პროდუქციის განბაჟების შემთხვევაში. ამ კონკრეტული ტრანზიტის ფარგლებში ვერც-ერთ მოცემულობაში ბიუჯეტი შემოსულობას ვერ დაელოდებოდა, ვერც აქციზს და ვერც დღგ-ს, და ამ შემთხვევაში ჯარიმის შინაარსი, რომელიც იცავს ბიუჯეტს მოსალოდნელი ან დაგეგმილი შემოსულობების არ მიღებისაგან, მომჩივანს უადგილოდ მიაჩნია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წლის 8 ივნისს შპს „--- ს“ (ს/ნ 4----) კუთვნილი, № ---- 08.06.2021 საბაჟო დეკლარაციით ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი (AI-92-K5 მარკის არაეთილირებული ბენზინი – 4 931 045 კგ) დროებით შენახვის მიზნით განთავსდა შპს „----“-ის საბაჟო საწყობში. შპს „----ის“ 2021 წლის 3 დეკემბრის №146 წერილით (№249958/21-10-14 03.12.2021) საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ დასაწყობებული 4 931 045 კგ ბენზინიდან, კომპანიამ გაიტანა 4 901 649 კგ, ხოლო დარჩენილი ნაშთის – 29 396 კგ ბენზინის გატანაზე შპს „----“-მა უარი განაცხადა, საქონლის საბაჟო საწყობში არარსებობის გამო.

„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით, მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახული ბენზინისთვის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის (0.35 %) გათვალისწინებით, 17258.66 კგ ბენზინი ჩაითვალა ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად, ხოლო სხვაობა – 12137.34 კგ ბენზინი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დანაკლისად. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №004637/2022 დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული უკანონოდ განკარგული 12137.34 კგ ბენზინის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 31314.34 ლარი. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის პორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №EL257649 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---“-ს (ს/ნ----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 12797.61 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამავე დღეს გამოიცა №EL69604/28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „---“-ს (ს/ნ ---) დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 12797,61 ლარი (დღგ 6728,94 ლარი; აქციზის გადასახადი 6068,67 ლარი), ასევე საურავი 172,77 ლარი. ამასთან ერთად, საბაჟო საწყობის მიერ იგივე სანებართვო პირობის განმეორებით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL139961 01.07.2021) დარღვევის ფაქტზე, 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – შპს „----“-ს (ს/ნ ----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. №EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შეცდომისას დაშვებული ტექნიკური შეცდომა კი (ოქმის მე-6 გრაფაში არასწორად მიეთითა საბაჟო სანქციის ოდენობა) გასწორდა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს №18261 ბრძანებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები; საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილი კი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება; ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ №--- 08.06.2021 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 4 931 045 კგ ბენზინიდან, კომპანიამ გაიტანა 4 901 649 კგ, ხოლო დარჩენილი ნაშთის – 29 396 კგ ბენზინის გატანაზე შპს „---“-მა უარი განაცხადა, საქონლის საბაჟო საწყობში არარსებობის გამო. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაც ჩადენილია განმეორებით. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს. მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა და „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით, მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახული ბენზინისთვის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის (0.35 %) გათვალისწინებით, სხვაობა – 12137.34 კგ ბენზინი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დანაკლისად.

საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ მომჩივანი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის მიმართ წარსულში შედგენილი 2021 წლის პირველი ივლისის №EL139958 და №EL139961 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და ასევე №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნის (შპს „---“-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა) შემდგომ შპს „---“-ის მიერ გატარებულ იქნა რიგი ღონისძიებები, რათა დადგენილიყო არსებული დანაკარგის გამომწვევი რეალური მიზეზი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს 2021 წლის პირველი ივლისის №EL139958 და №EL139961 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. მომჩივნის არგუმენტზე, რომ ამ კონკრეტული ტრანზიტის ფარგლებში ვერც-ერთ მოცემულობაში ბიუჯეტი შემოსულობას ვერ დაელოდებოდა, ვერც აქციზს და ვერც დღგ-ს, და ამ შემთხვევაში ჯარიმის შინაარსი, რომელიც იცავს ბიუჯეტს მოსალოდნელი ან დაგეგმილი შემოსულობების არ მიღებისაგან, უადგილოდ მიაჩნია, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამის ნორმაზე, რომლის მიხედვით საქონლის განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, საბაჟო საწყობი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

მომჩივნის მოთხოვნაზე, სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2021 წლის პირველი ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების, ასევე 2021 წლის პირველი ივლისის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 12797.61 ლარის ოდენობით.

ამავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 12797,61 ლარი. ამასთან ერთად, საბაჟო საწყობის მიერ იგივე სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (11); 64; 272.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127; 172; 176; 49.