ბრძანება N 6518

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 6518
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6518

26 მარტი 2024

ბრძანება

შპს ,,-------- -ის “ (ს/ნ "--------")

(მის.: "--------")

2023 წლის 23 და 24 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის და 7 მარტის სხდომებზე (ოქმები №18 და №25) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული მომჩივანის 2023 წლის 23 იანვრის №10880/21 და 24 იანვრის №11862/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-670 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

არ ეთანხმება მომჩივანისა და შპს ,,------- -ს ’’ შორის განხორცილებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ მხარეებს შორის გარიგება დასრულდა 2017-2018 წლებში, კერძოდ უძრავი ქონების შეძენა მოხდა 2017 წლის ივნისში, ხოლო 2018 წლის ივნისში მოხდა შპს ,,--------’’-ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში აშენებული ფართების მიწოდება, რაზეც შესაბამის პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრილია სრულად. აცხადებს, რომ 2017 წელს გადამხდელს არ უფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი ან/და ხარჯი, ხოლო 2018 წელს კონტრაქტი დასრულდა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ 2017 წელს გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით (ნულოვანი ხარჯის გამო) დასაბეგრი ბაზა არ არსებობს. თვლის, რომ 2019-2020 წლებში გარიგების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა საფუძველს მოკლებულია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 აპრილის №9245 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის N33423 ბრძანება და ამავე თარიღის №006-670 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 343 541 ლარი, მათ შორის: გადასახადი 174 504 ლარი, ჯარიმა 89 323 ლარი, საურავი 79 714 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 3 ივლისის №15632 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15632 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 26 იანვრის №20372/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15632 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა) მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანსა და შპს ,,------- -ს ’’ (ს/ნ "-------") შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით,მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე ქ. "--------", "--------" მიმდებარედ (საკადასტრო კოდი "---------"). ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა ერთ კვ.მ.-ზე 160 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 225 920 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა ორი კალენდარული წელი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებასთან ერთად დარეგისტრირდა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 6 თვეში ნასყიდობის საგანზე ასაშენებელი შენობის 0 ნიშნულზე ამოყვანა. აღნიშნულ პირებს შორის იმავე დღეს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მომჩივანმა აიღო ვალდებულება შპს ,,------- -ს ’ საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის 22,5 % (გარდა ავტოფარეხების ფართისა). ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,------- -ზე ’’ გადასაცემი ავტოფარეხების ფართი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხების საერთო ფართის 24%. მოცემული ნასყიდობის საფასური ერთ კვ.მ.-ზე განისაზღვრა 175 აშშ. დოლარით, ჯამში 287 927 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-14, მე-16, მე-18, 73-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში

– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანსა და შპს ,,------ -ს ’’ შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე "---------" მიმდებარედ (საკადასტრო კოდი "--------"). ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა ერთ კვ.მ.-ზე 160 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 225 920 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა ორი კალენდარული წელი. ამავე ხელშეკრულებით მიხედვით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებასთან ერთად დარეგისტრირდა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 6 თვეში ნასყიდობის საგანზე ასაშენებელი შენობის 0 ნიშნულზე ამოყვანა. აღნიშნულ პირებს შორის იმავე დღეს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მომჩივანმა აიღო ვალდებულება შპს ,,------- -ს ’’ საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის 22,5%, ხოლო გადასაცემი ავტოფარეხების ფართი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხების საერთო ფართის 24%. მოცემული უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური ერთ კვ.მ.-ზე განისაზღვრა 175 აშშ. დოლარით, ჯამში 287 927 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი განმარტავს, რომ უძრავი ქონების შეძენა მოხდა 2017 წლის ივნისში, ხოლო 2018 წლის ივნისში შპს ,,-------’’-ზე განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში აშენებული ფართების მიწოდება, რაზეც შესაბამის პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრილია სრულად. აცხადებს, რომ 2017 წელს გადამხდელს არ უფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი ან/და ხარჯი, ხოლო 2018 წელს კონტრაქტი დასრულდა. 2017 წელში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით (ნულოვანი ხარჯის გამო) დასაბეგრი ბაზა არ არსებობს, ხოლო 2019-2020 წლებში გარიგების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა საფუძველს მოკლებულია და არ ეთანხმება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 იანვრის №20372/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეთა შორის გარიგების მიხედვით, ოპერაცია დაიწყო 2017 წელს და დასრულდა 2018 წელს, კერძოდ, უძრავი ქონების (მიწის) შეძენა მოხდა 2017 წლის ივნისის თვეში, ხოლო 2018 წლის ივნისში მოხდა შპს ,,---------“-ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, აშენებული ფართების მიწოდება, რაზეც შესაბამის პერიოდში გამოწერილ იქნა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და დაბეგრა სრულად. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში მოხდა 4 ბინის მიწოდება, რაც დაბეგრა კიდეც საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დღგ-ით დაბეგვრა. ამრიგად, უძრავი ქონების მიწოდება მოხდა 2018 წელში, რომელიც დაბეგრა სრულად და აუდიტის დეპარტამენტის ქმედებით 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხვით, გამოდის, რომ ერთი და იგივე ოპერაციაზე ხელმეორედ ხდება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, მის მიერ დაბეგრილ/დეკლარირებულ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგრილი თანხების მოცულობებს შორის არსებითი სხვაობაა, რაც კიდევ ყოვლად გაუგებარია.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებსა და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს მიერ, წლების მიხედვით, გაწეული ხარჯები თვითღირებულებით (შეძენილი საქონელი/მასალები, შეძენილი მომსახურება და გაცემული ხელფასები) შეადგენს მათ შორის ხანდაზმულ პერიოდში - 2017 წელს 1 165 373 ლარს (21%), 2018 წელს 1 681 959 ლარს (31 %), ხოლო არახანდაზმულ პერიოდში - 2019 წელს 2 284 702 ლარს (42 %), 2020 წელს 239 580 ლარს (4%) და 2021 წელს 130 427 ლარს (2%). ამასთან, შემოწმების მიერ გრძელვადიან კონტრაქტად დაკვალიფიცირების დროს გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვა (გადაცემული ფართების პროპორციულად) 2017 და 2018 წელს შეადგენს 594 908 ლარს, ხოლო 2018 წელს, ფართების მიწოდებასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მომჩივანის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენს 780 788 ლარს. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიმდინარეობისას, ხანდაზმულობის ვადის გამო ვერ იქნა დაკორექტირებული (შემცირებული) გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა, აღნიშნული სხვაობის შესაბამისად.

იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, მომჩივანსა და შპს ,,------ ს’’ შორის გაფორმებულია 2017 წლის 2 ივნისს, რომლის თანახმადაც მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება და ამასთან აიღო ვალდებულება შპს ,,------ ს’’ საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის ნაწილი, ასევე, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება და ხელშეკრულება აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის პირობებს, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია მხარეთა შორის განხორციელებული, მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემის ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად კვალიფიკაცია.

ამასთან, საქმეში არსებული მასალების და მხარეთა არგუმენტების/პოზიციების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,------- -ის “ (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაშია

 

სადავო საკითხი

არ ეთანხმება განხორცილებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირთა მიერ განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

16,18,73(9),144,161,174,309(117).