გადაწყვეტილება №19483/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19483/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19483/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე მიღებული ჩათვლის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №041-37 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7315 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 223 654,6 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 99 744
ჯარიმა - 49 872
საურავი - 74 038,6
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2019 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა შესწავლით დადგინდა, რომ 2019 წლის მარტის თვეში მომჩივანს შპს -------გან (ს/ნ --------), რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს „საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით“, შეძენილი აქვს 653 873,71 ლარის ღირებულების საქონელი დასახელებით: „ლითონის ბალკა, მილი (მსხვილი 10-12), ლითონის მეორადი კონსტრუქციები, ლითონის შველერი“. აღნიშნულ ოპერაციაზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-15 №5648886) და ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა 99 743,44 ლარი. შპს -------- (ს/ნ --------) საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ მომჩივნისთვის მიწოდებული საქონელი არ არის შეძენილი, შესაბამისად შემოწმებით მომჩივნის მიერ შეძენილი საქონელი ჩაითვალა შავი და ფერადი ლითონების ჯართად და ნარჩენებად, რაც 2019 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №041-37 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილია, რომ 2019 წლის მარტის თვეში გადამხდელმა შპს ---------გან შეიძინა კონკრეტული საქონელი შემდეგი დასახელებით „ლითონის ბალკა, მილი (მსხვილი 10-12), ლითონის მეორადი კონსტრუქციები, ლითონის შველერი“, რის საფუძველზეც გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. ამასთან, შპს -------- საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ შპს ---------ზე მიწოდებული საქონელი არ არის შეძენილი, ხოლო მისი საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით.
შესაბამისად, შემოწმებით გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი ჩაითვალა შავი და ფერადი ლითონების ჯართად და ნარჩენებად. შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩათვლა განხორციელებულია ჩათვლის უფლებით დღგისგან გათავისუფლებულ შეძენილ საქონელზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7315 ბრძანებით კომპანიას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანებით სრულად იქნა გაზიარებული საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები და არგუმენტები, ამავდროულად არ ყოფილა ნამსჯელი საჩივარში მითითებულ არცერთ არგუმენტსა და გარემოებაზე.
როგორც ჩანს შპს -------- შემოწმებისას გაირკვა, რომ კომპანიისთვის მიყიდული საქონელი შპს -------თვის წარმოადგენდა ჯართს/ნარჩენს და შესაბამისად, მისი მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ არსებობდა კომპანიის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების და საურავის დაკისრების საფუძველი.
მოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა კომპანიის დაჯარიმების საფუძველს. კომპანიამ ჩათვლა განახორციელა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და ამ პროცესში საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევია.
საგადასახადო კოდექსის 2019 წლის მარტში მოქმედი რედაქციის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, გაწერილია საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საქონლის მომწოდებელმა კომპანიას გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ნიშნავს იმას, რომ კომპანიას წარმოეშვა დღგ-ის ჩათვლის უფლება. ვინაიდან საქონლის გამოყენება ხორციელდება დასაბეგრი ოპერაციისთვის კომპანიას სრული უფლება აქვს მიიღოს დღგ-ის ჩათვლა.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
აქტის თანახმად, დარიცხვის საფუძველი გახდა ის, რომ კომპანიაზე მიწოდებული საქონელის შპს ------- მიერ არ არის შეძენილი რადგან შპს -------- საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობას შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. შემოსავლების სამსახურმა ოპერაცია დააკვალიფიცირა და მიუთითა, რომ ეს საქონელი არის ჯართი და ეს ოპერაცია არ ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას. შესაბამისად, კომპანიის მიერ მიღებული ჩათვლა დაუქვემდებარა გაუქმებას.
აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: კომპანიას რომ მოეთხოვა შპს -------თვის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (რისი უფლებაც არ ჰქონდა) და შპს -------- წარმოედგინა, მაშინ ეს ჯართი არ იქნებოდა? ანუ ამ ლოგიკით კომპანიას ეს საქონელი რომ გაეყიდა ჯართი არ იქნებოდა მყიდველისთვის? რადგან გამყიდველს შესყიდვის დოკუმენტები აქვს.
კომპანია შესყიდვის ოპერაციების განხორციელების მომენტში მომწოდებელთან ერთად აფასებს შესაძენი საქონლის მდგომარეობას და ამის მიხედვით ხდება მხარეებს შორის გარიგების დადება/შეთანხმება საქონლის რაოდენობაზე და ფასზე. ასე მოხდა კონკრეტულ შემთხვევაშიც, გამყიდველმა განაცხადა, რომ მოსაწოდებელი საქონელი არ წარმოადგენდა ჯართს, რადგან ის გამოსადეგი იყო იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ის შეიქმნა, რაც დადასტურდა ადგილზე დათვალიერებით. აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ მიღებული საქონელი არ წარმოადგენს ჯართს და მომწოდებლის მიერ კანონის სრული დაცვით არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩათვლა ხორციელდება საფ-ის საფუძველზე. მიმწოდებელი, რომელიც გამოწერს საფ-ს იხდის დღგ-ის თანხას. შესაბამისად, ვინაიდან შპს ------- გამოწერა საფ, გამოდის, რომ ამ უკანასკნელს წარმოეშვა საფ-ში მითითებული დღგ-ის გადახდის ვალდებულება სწორედ შპს -------- მიერ გადახდილი (გადასახდელი) დღგ ჩაითვალა კომპანიამ.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, შპს ------ არ ეკისრებოდა დღგ-ის გადახდა, ანუ შპს -------მა საფ-ში მითითებული დღგ-ის თანხა ბიუჯეტში ზედმეტად გადაიხადა (თუ ეს თანხა დაადეკლარირა, საფ გამოწერა და არ გადაუხდია, ესეც შპს ------- პასუხისმგებლობაა და არა შპს ---------). აქედან გამომდინარე, ამ ოპერაციით სახელმწიფოს ზიანი არ მიდგომია, რადგან რაც კომპანიამ ჩაითვალა შპს --------- წარმოეშვა იმ თანხის გადახდის ვალდებულება და თუ კომპანიას დავალიანება წარმოეშვა, იმავე ლოგიკით შპს ------- უნდა ჰქონდეს ზედმეტობა წარმოშობილი.
აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდად იყენებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს. აქტში მოცემული მუხლებიდან სამწუხაროდ მარტო თავისი უფლებები აქვთ ამოწერილი (განმარტებული), ხოლო დათქმები რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ეს უფლებები არა. ამ მუხლების გამოყენებას კოდექსი უშვებს შესაბამისი პირობების დადგომის შემთხვევაში, რომელიც ამავე მუხლებშია მოცემული.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის განმარტებული საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული რომელი პირობა არ დააკმაყოფილა კომპანიამ, რის შედეგადაც გახდა საჭიროება ამ მუხლების გამოყენების.
შემოსავლების სამსახურის მიერ არც საჩივრის განხილვისას მომხდარა ზემოაღნიშნული არგუმენტების შეფასება, ისე თქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, უკანონოა როგორც საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით მიღებული, ასევე საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული აქტები.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება და მისი რეალიზაცია.
კომპანია არის კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი გადასახადის გადამხდელი, თუმცა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უწევს სხვადასხვა სუბიექტთან გარიგებების დადება. კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ამოწმოს ისეთი გარემოებები, რომელთა შემოწმებაც მას არც კანონმდებლობით და არც გულისხმიერების ვალდებულებიდან გამომდინარე არ ევალება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია მისი კონტრაჰენტების არასწორი ან არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო უკანონოდ ისჯება.
მაგალითად, აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით კომპანიას დაეკისრა 74 423,79 ლარის გადახდა, ამ შემთხვევაშიც დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ შპს -------, რომელმაც მიჰყიდა კომპანიას ჯართი, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით არ იყო ამ ჯართის მესაკუთრე და შესაბამისად ადგილი ჰქონდა ფიქტიურ გარიგებას (აღნიშნული აქტი თანმდევ აქტებთან ერთად გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმე №3/549-22).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს შპს -------გან (ს/ნ -------) შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით: „ლითონის ბალკა, მილი (მსხვილი 10-12), ლითონის მეორადი კონსტრუქციები, ლითონის შველერი“. შპს -------- საქმიანობის სფეროს წარმოადგენს „საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით“. აღნიშნულ ოპერაციაზე მომჩივანს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-15 №5648886 და ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა 99 743,44 ლარი. შპს --------- საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ მომჩივნისთვის მიწოდებული დასახელების საქონელი არ არის შეძენილი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ოპერაცია შავი/ფერადი ლითონების ჯართის/ნარჩენების შეძენად განხილულია საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დღგ-ის ჩათვლა მიღებულია ისეთი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლებულია, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლის გაუქმება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე მიღებული ჩათვლის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს კომპანიისგან, რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს „საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით“, შეძენილი აქვს 653 873,71 ლარის ღირებულების საქონელი დასახელებით: „ლითონის ბალკა, მილი (მსხვილი 10-12), ლითონის მეორადი კონსტრუქციები, ლითონის შველერი“. აღნიშნულ ოპერაციაზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა 99 743,44 ლარი. კომპანიის საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ მომჩივნისთვის მიწოდებული საქონელი არ არის შეძენილი, შესაბამისად შემოწმებით მომჩივნის მიერ შეძენილი საქონელი ჩაითვალა შავი და ფერადი ლითონების ჯართად და ნარჩენებად, რაც 2019 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლის გაუქმება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის შემდეგ ნორმებს: 171(1), 174(1"ა"), 168(4"წ").