გადაწყვეტილება №27024/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2026
№ დოკუმენტი 27024/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27024/2/2026

05 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 30.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27024/2/2026).

 

დავის საგანი:

1.ქვეკონტრაქტორისთვის ავანსად გადახდილ თანხაზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, იმ საანგარიშო პერიოდში (2024 წლის დეკემბერში), როცა მხარისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ;

2. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №24604 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №006-418 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5352 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 469 022.97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 291 220.62

დღგ - 283 850.62

საშემოსავლო გადასახადი - 7 370

ჯარიმა - 145 610.3

საურავი - 32 192.05

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის №11010 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 6.05.2025 წლის ჩათვლით პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 3.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №24604 ბრძანება და ამავე თარიღის №006-418 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.03.2026 წლის №5352 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1.ქვეკონტრაქტორისთვის ავანსად გადახდილ თანხაზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, იმ საანგარიშო პერიოდში (2024 წლის დეკემბერში), როცა მხარისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას სხვადასხვა წელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები. „--------“-ის ქუჩა №10ა-ში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების (75 სხვადასხვა ფართის, ჯამში 8 042 000 ლარის) და „--------“-ის ქუჩა №70-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართების რეალიზაცია (8 სხვადასხვა ფართის, სულ 3 570 000 ლარის) რეალიზაცია განხორციელდა 2022 წლის შემდგომ პერიოდში. ასევე, კომპანიამ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში რამდენიმე პროექტი. იგი გამარჯვებულად გამოვლინდა 8 სხვადასხვა ტენდერში, რომელიც მათ შორის მოიცავდა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალებს,იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ჯამში 27 931 106 ლარის ოდენობით და ქალაქ „-------“-ის №11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ჯამში 10 980 055 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისის“ და ასევე, ექსელის საშუალებით.

გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „------- - თან“ დადებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ქალაქ „-------“-ში სკოლის მშენებლობას განახორციელებდა აღნიშნული კომპანია, ხოლო სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელი დაიტოვებდა საერთო ღირებულების 8%-ს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში გადახდილი აქვს 1 997 962 ლარის ავანსი, რომელიც დაბეგრილი აქვს მეორე მხარეს და სრულად ჩათვლილია გადასახადის გადამხდელის მიერ. ქვეკონტრაქტორმა 2023 წლის ბოლომდე შეასრულა 1 320 911 ლარის მომსახურება, რომლისთვის დამატებით მიიღო 1 230 356 ლარი, ხოლო 2023 წლის შემდგომ პერიოდში ქვეკონტრაქტორს არ უფიქსირდება საქონლის/მომსახურების მიწოდებები. გადასახადის გადამხდელმა 2024 წელს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან (ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბრის თვეში) და სახელმწიფო შესყიდვით ნაკისრი სამშენებლო სამუშაოების გაწევა გააგრძელა საკუთარი ძალებით, რაც დღესაც მიმდინარეობს.

შემოწმებამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი და ღირებულება, ასევე, ცნობილია, რომ განხორციელებული ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია.

ამასთან, დამატებითი შესწავლით დადგინდა, რომ შპს „------- - ის“ მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში (შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციით) არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „------- - სთვის“ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია დადგინდეს მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია, ხოლო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა, განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 179-ე მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე წარდგენილ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დადგენილება არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც გავლენას მოახდენს შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე და შესაბამისად, არ წარმოადგენს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არც თანხის დაბრუნება, ხოლო, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია და შესაბამისად, არ არსებობს დღგ-ის ჩათვლის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლების გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია 2013 წლის პირველი აპრილიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, მისი ძირითადი საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (თბილისის მასშტაბით) და სხვადასხვა სამოქალაქო/საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო პროექტების რეალიზება/მშენებლობა (სკოლები, იუსტიციის სახლები და სხვა, საქართველოს მასშტაბით). მისი მომსახურებით სარგებლობენ ძირითადად სახელმწიფო ორგანოები, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მყიდველები არიან უმეტესად ფიზიკური პირები.

შპს „--------“ 2022 წელს გაუფორმდა ხელშეკრულება ქ. „-------“-ის მე-11 სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ და გახდა კომპანიის ქვეკონტრაქტორი. შეთანხმების შესაბამისად 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ავანსად გადაურიცხა 1 997 962 ლარი, რაზეც ქვეკონტრაქტორმა სრულ თანხაზე გამოწერა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა. 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა.

შემდგომ ქვეკონტრაქტორმა გამოწერა შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 2022 წლის დეკემბერში 685 847.59 ლარზე, ხოლო კომპანიის მიერ იქნა ამავე თვეში სამშენებლო მომსახურეობის ღირებულება 569 208.92 ლარი. 2022 წლის დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციით საწარმომ ჩაითვალა ქვეკონტრაქტორის შესრულებული სამუშაოებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით (685 847,59/1,18*18%), ავანსად ჩათვლილი თანხიდან კი გაიუქმა 20 924.16 ლარი. ქვეკონტრაქტორმა შემდგომი სამშენებლო სამუშაოების მოწოდება მოახდინა 2023 წლის ნოემბერში 635 064.11 ლარზე და გამოწერა ანგარიშ-ფაქტურა, კომპანიამ კი გადაუხადა სამუშაოს საფასური ამავე თვეში 682 071 ლარი. ნოემბრის დეკლარაციით ჩათვლილია შესრულებულ სამუშაოზე გადახდილი დღგ სრულად (635 064.11/1.18*18%).

ამის შემდგომ ქვეკონტრაქტორთან სამშენებლო სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის, საქმისადმი გულგრილი და არაპროფესიონალური მიდგომების გამო, კომპანიის მხრიდან 12.04.2024 წელს ცალმხრივად გაწყვეტილი იქნა ხელშეკრულება 4.3 მუხლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოები გაგრძელდა კომპანიის ძალებით, რათა ობიექტი სრულყოფილად ჩაბარებოდა დამკვეთს, ხოლო მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრებისათვის კომპანიამ დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცესების წარმართვა.

პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა კომპანიამ, 12.04.2024 წელს და არ გასვლია მოქმედების ვადა, როგორც ამას აღნიშნავს და აფასებს აუდიტის დეპარტამენტი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საკითხის შეფასებისას. ქვეკონტრაქტორთან 7.10.2022 წელს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო მინიმუმ 31.12.2024 წლამდე, დასაშვები იყო გაგრძელებაც (ხელშ. 2.5 მუხლი).

აუდიტის დეპარტამენტი, შემოწმების აქტის საკითხის შეფასების ნაწილში აღნიშნავს, რომ 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში წინასწარ გადახდილ თანხებზე გამოწერილი ავანსის ფაქტურებით მიღებული ჩათვლა კანონიერია, რადგან სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობები. აუდიტის შეფასება არგუმენტების გარეშეა, რომ კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდგომ გადახდილი ავანსი აღარ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას.

კომპანია არ შეთანხმებულა არც წერილობით და არც სიტყვიერად ქვეკონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წინასწარ გადახდილი შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების (ავანსის), კვალიფიკაციის შეცვლაზე. არ მომხდარა თავდაპირველი ხელშეკრულების არცერთი მუხლის ცვლილება, კომპანიას აღარ უნდა, რომ ამ ქვეკონტრაქტორმა შეასრულოს დარჩენილი სამუშაოები. შესაბამისად გადახდილ ფულს არ ეცვლება დანიშნულება/კვალიფიკაცია და წარმოადგენს შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს ღირებულების წინასწარ გადახდილ თანხას.

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგაც, გადახდილი თანხა იდენტიფიცირებადია და წარმოადგენს შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნაწილს, რომელიც ქვეკონტრაქტორმა არამიზნობრივად გახარჯა და არ შეასრულა სამუშაოები დათქმულ ვადაში. შემოწმების პროცესში ყველა დოკუმენტაცია მიწოდებულია შემმოწმებლისათვის, რაც ნათლად ასახავდა ფაქტებსა და არგუმენტებს. შედეგად კი მიღებულია ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო ავანსად გადახდილი სამშენებლო სამუშაოების თანხიდან ჩათვლილი დღგ-ის გაუქმებას.

არ დამდგარა რაიმე დაუძლეველი ძალის შედეგად სამშენებლო ობიექტის (სკოლა) განადგურება/მოშლა, შედეგად ობიექტი შენდება. სამშენებლო ობიექტი ისევ არსებობს და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ასრულებს თავის ძალებით, დღევანდელი მდგომარეობით მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არ ნიშნავს ავანსად (წინაწარ შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება) გადარიცხული თანხის კვალიფიკაციის მოშლას, სანამ არ დაბრუნდება ან/და მხარეები თავად არ შეუცვლიან კვალიფიკაციას თავიანთი შეთანხმებით. ეს თანხა ისევ ავანსია, შესაბამისად უნდა შეუნარჩუნდეს პირვანდელი შეფასება „შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს ღირებულების ნაწილი“.

კომპანიის მსჯელობა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ როდესაც მოხდება სრულად ან/და ნაწილობრივ გადახდილი სამშენებლო სამუშაოებისათვის წინასწარ გადახდილი თანხების (ავანსი) რაიმე ფორმით ანაზღაურება (ფულადად, მომსახურეობით, საქონლით), მაშინ დაექვემდებარება ავანსის დღგ-ის ჩათვლა კორექტირებას და არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პერიოდში.

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შედეგად ან/და მის შემდგომ პერიოდში შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოებისათვის გადახდილი თანხები (ავანსი), რაც მიიღო ქვეკონტრაქტორმა და არ შეასრულა, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი პოზიციის არგუმენტები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით არ წარმოადგენს საფუძველს გაუქმდეს დასაბეგრი ოპერაცია. ხოლო დღგ-ის ჩათვლის კორექტირების (შემცირების) პერიოდი არ არის ხელშეკრულების შეწყვეტის/ვადის გასვლის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ამ შემთხვევაში ავანსად გადახდილი თანხის დღგ არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

ავანსად გადახდილი თანხიდან დღგ-ის ჩათვლის არ გაუქმების საფუძველი კიდევ შემდეგი გარემოებაა: ავანსად მიღებულ თანხაზე ქვეკონტრაქტორმა სრულად (1 997 962 ლარი) გამოწერა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, რითაც აღიარა შესაბამისი დღგ-ის თანხა ბიუჯეტში გადასახდელად. აღნიშნული ფაქტი საკმარისი პირობაა ავანსის გადამხდელისთვის კანონიერად ჩათვლის მისაღებად, რადგან დღგ-ის პრინციპიდან გამომდინარე ავანსის მიმღები იბეგრება, ხოლო ავანსის გადამხდელი ითვლის დღგ-ს. შედეგად ამ შემთხვევაში სახელწიფო ბიუჯეტი არ დაზარებულა და ავანსის თანხაზე (1 997 962 ლარი) მიღებული დღგ-ის ჩათვლა სრულად შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას.

სახელწიფო ბიუჯეტს ზიანია არ მიუღია, რადგან ავანსის მიმღებმა დაადეკლარირა გადასახდელი დღგ, ხოლო ავანსის გადამხდელმა ჩაითვალა შესაბამისი დღგ-ის თანხა. ეს არგუმენტი, ხშირად ხდება დავების საბჭოს მიერ მომჩივნის სასარგებლო გადაწყვეტილებების საფუძველი (საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლები და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის მე-4 პუნქტი).

კომპანიის არგუმენტირებული პოზიციის კიდევ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის მე-3 პუნქტი. როდესაც ავანსად გადახდილ თანხაზე, მიუხედავად იმისა აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის მე-2 პუნქტის პირობებს, თუ გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა დასაბეგრი ოპერაციის დროს წარმოადგენს ავანსის მიღების მომენტი, შესაბამისად კომპანიის პოზიცია კანონიერია. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ავანსად გადახდილი თანხები აღარ აკმაყოფილებს აღნიშნული პუნქტის პირობებს. ამ არგუმენტით კი ამტკიცებს, რომ საერთოდ აღარ არის საჭირო დაეყრდნოს ხსენებულ პუნქტს, რადგან არსებობს ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ეფუძნება ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას და გამორიცხავს მე-2 პუნქტის მოქმედებას.

სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლები არეგულირებს ხელშეკრულებიდან გასვლის და ვალდებულების დარღვევისას სამართლებრივ ურთიერთობებს, სადაც არც ვალდებულებაა და არც რაიმე მოთხოვნა დაწესებული, რაც წინასწარ გადახდილ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, რომელიც ქვეკონტრაქტორმა არ შეასრულა, კვალიფიკაციას შეუცვლიდა ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების დარღვევისას.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით და გათვალისწინებით, ავანსად გადახდილ თანხებზე ჩათვლილი დღგ-ის კორექტირების (შემცირება) ვალდებულება არ დგება, სანამ არ მოხდება თანხის რაიმე ფორმით დაბრუნება (ფულადად, მომსახურეობით, საქონლით) ან ხელშეკრულების მხარეები შეთანხმებით არ შეუცვლიან სტატუსს.

ითხოვს არგუმენტირებული პოზიციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, წინასწარ გადახდილ თანხებზე (ავანსზე) 2024 წლის დეკემბრის პერიოდზე ჩათვლიდან გაუქმებული დღგ-ის 283 850.62 ლარის და ასევე შესაბამისი ჯარიმა და საურავის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლი პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

ამავე ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება;

ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობა/მოცულობა;

გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ღირებულება;

დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა მიუთითა, რომ 12.04.2024 წელს კომპანიამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან და მას არ გასვლია მოქმედების ვადა, როგორც ამას აღნიშნავს და აფასებს აუდიტის დეპარტამენტი. კომპანია არ შეთანხმებულა არც წერილობით და არც სიტყვიერად ქვეკონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წინასწარ გადახდილი შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების (ავანსის), კვალიფიკაციის შეცვლაზე. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგაც, გადახდილი თანხა იდენტიფიცირებადია და წარმოადგენს შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნაწილს, რომელიც ქვეკონტრაქტორმა არამიზნობრივად გახარჯა და არ შეასრულა სამუშაოები დათქმულ ვადაში. აღსანიშნია, რომ ამ ეტაპზე სასამართლოში იხილება საკითხი, რომ საგარანტიო ქონება მიქცეულ იქნას დაზარალებულად ცნობილ მომჩივანზე,კომპანიის მსჯელობა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ როდესაც მოხდება სრულად ან/და ნაწილობრივ გადახდილი სამშენებლო სამუშაოებისათვის წინასწარ გადახდილი თანხების (ავანსი) რაიმე ფორმით ანაზღაურება (ფულადად, მომსახურეობით, საქონლით), მაშინ დაექვემდებარება ავანსის დღგ-ის ჩათვლა კორექტირებას და არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პერიოდში. ავანსად მიღებულ თანხაზე ქვეკონტრაქტორმა სრულად (1 997 962 ლარი) გამოწერა ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, რითაც აღიარა შესაბამისი დღგ-ის თანხა ბიუჯეტში გადასახდელად. აღნიშნული ფაქტი საკმარისი პირობაა ავანსის გადამხდელისთვის კანონიერად ჩათვლის მისაღებად, რადგან დღგ-ის პრინციპიდან გამომდინარე ავანსის მიმღები იბეგრება, ხოლო ავანსის გადამხდელი ითვლის დღგ-ს. შედეგად ამ შემთხვევაში სახელწიფო ბიუჯეტი არ დაზარებულა და ავანსის თანხაზე (1 997 962 ლარი) მიღებული დღგ-ის ჩათვლა სრულად შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას. კომპანიის არგუმენტირებული პოზიციის კიდევ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის მე-3 პუნქტი. როდესაც ავანსად გადახდილ თანხაზე, მიუხედავად იმისა აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის მე-2 პუნქტის პირობებს, თუ გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა დასაბეგრი ოპერაციის დროს წარმოადგენს ავანსის მიღების მომენტი, შესაბამისად კომპანიის პოზიცია კანონიერია.

საჩივარს ახლავს შპს „------- - თან“ გაფორმებული 7.10.2022 წლის ხელშეკრულება, მათთვის წარდგენილი 12.04.2024 წლის №------ წერილი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტაზე და 26.10.2026 წლის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის არგუმენტებზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ქვეკონტრაქტორის მიერ 2023 წლის მაისიდან სამუშაოები შეჩერდა, მომჩივანმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და 2024 წლის დეკემბერში ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ კორექტირების თარიღად აღებულია ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღი და ამავე საანგარიშო პერიოდში (2024 წლის დეკემბერი) გაუქმდა ჩათვლა. შემმოწმებელი ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 4.4. მუხლზე, რომლის თანახმად: ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში შპს „--------“ ვალდებულია არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა დააბრუნოს დამკვეთის ანგარიშზე ავანსის გარანტიის თანხის ის ნაწილი, რომელიც არ იქნა გახარჯული ამ ხელშეკრულების ფარგლებში. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მსჯელობით, ოპერაცია გადაიქცა ფინანსურ ოპერაციად, მომჩივანს აქვს ფინანსური მოთხოვნა ქვეკონტრაქტორთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობა გაგრძელდა მომჩივანის მიერ და თითქმის დასრულებულია. აქედან გამომდინარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, 2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „-------- -სთვის“ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია დადგინდეს მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება.

შემოსავლების სამსახური, სადავო ბრძანებაში გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე წარდგენილ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ დადგენილება არ არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც გავლენას მოახდენს შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე და შესაბამისად, არ წარმოადგენს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არც თანხის დაბრუნება, ხოლო, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია და შესაბამისად, არ არსებობს დღგ-ის ჩათვლის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლების გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო ამ ნაწილში იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

6.05.2025 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 615 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთი სალაროში ფიქსირდება 29 480 ლარის ოდენობით, ხოლო 6 მაისს 148 229 ლარი, თუმცა 1.01.2025 წლიდან 6.05.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდში დამატებით ფიქსირდება ბანკიდან 121 054 ლარის გატანა და 2 305 ლარის ოდენობის ხარჯების გაწევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დანაკლისად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი (29 480 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 69-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 2025 წლის მაისის თვეში სალაროში არსებული ფულადი ნაშთის გადამხდელის მიერ დივიდენდად გაცემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2025 წლის პირველი აპრილი) გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდებოდა 29 480 ლარის ოდენობით ფულის ნაშთი, ხოლო 6.05.2025 წელს 148 229 ლარი. ამასთან, შემოწმების შედეგად არ განხორციელებულა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია კომპანიის აღრიცხვა შესამოწმებელი პერიოდის (1.04.2025 წლის) შემდგომი პერიოდების, სადაც ჩანდა და შემმოწმებელსაც ნანახი აქვს, რომ 2025 წლის მაისში სალაროში არსებული ფულის ნაშთი, 29 480 ლარი, გაცემულია დივიდენდად და დეკლარირებულია შესაბამის პერიოდში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის და ფინანსთა მინისტრის არცერთ ბრძანებაში/მეთოდურ მითითებაში არ მოიძებნება მსგავს სიტუაციაში, როდესაც გადასახადის გადამხდელს თავად აქვს გაცემული და დეკლარირებული სალაროს ნაშთი, მოთხოვნილი იყოს შემმოწმებლის მხრიდან მისი კვალიფიკაციის შეცვლა და დამატებით გადასახადის დარიცხვა. შესაბამისად საწარმოს არ ეკუთვნის ფულად ნაშთზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დირექტორზე ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის 7 370 ლარის, ასევე ამ ნაწილში დაკისრებული ჯარიმის და საურავის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად:

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.

3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განმარტა, რომ 2025 წლის მაისში სალაროში არსებული ფულადი ნაშთი, 29 480 ლარი, გაცემულია დივიდენდად და დეკლარირებულია შესაბამის პერიოდში.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ შემოწმების შედეგად არ განხორციელებულა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო ამ ნაწილში იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს არგუმენტირებული პოზიციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, წინასწარ გადახდილ თანხებზე ჩათვლიდან გაუქმებული დღგ-ის და ასევე შესაბამისი ჯარიმა და საურავის გაუქმებას.

2.გადამხდელი ითხოვს დირექტორზე ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის,ასევე ამ ნაწილში დაკისრებული ჯარიმის და საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

სახლების რეალიზაცია განხორციელდა 2022 წლის შემდგომ პერიოდში. ასევე, კომპანიამ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში რამდენიმე პროექტი.გადამხდელს 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში გადახდილი აქვს ავანსი, რომელიც დაბეგრილი აქვს მეორე მხარეს და სრულად ჩათვლილია გადამხდელის მიერ. ქვეკონტრაქტორმა 2023 წლის ბოლომდე შეასრულა 1 320 911 ლარის მომსახურება, რომლისთვის დამატებით მიიღო 1 230 356 ლარი, ხოლო 2023 წლის შემდგომ პერიოდში ქვეკონტრაქტორს არ უფიქსირდება საქონლის/მომსახურების მიწოდებები.

გადამხდელმა 2024 წელს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან და სახელმწიფო შესყიდვით ნაკისრი სამშენებლო სამუშაოების გაწევა გააგრძელა საკუთარი ძალებით, რაც დღესაც მიმდინარეობს.საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი და ღირებულება, ასევე, ცნობილია, რომ განხორციელებული ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია.

2024 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, გადამხდელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს-სთვის გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია დადგინდეს მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია, ხოლო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის დეკემბერში და აღარ გაგრძელდა, განხორციელდა დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.შედეგად, გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 615 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთი სალაროში ფიქსირდება 29 480 ლარის ოდენობით, ხოლო 6 მაისს 148 229 ლარი, თუმცა 1.01.2025 წლიდან 6.05.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდში დამატებით ფიქსირდება ბანკიდან 121 054 ლარის გატანა და 2 305 ლარის ოდენობის ხარჯების გაწევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დანაკლისად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო ამ ნაწილში იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო ამ ნაწილში იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

101,154,174,176,179.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 პუნქტი.