ბრძანება N 11625
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11625
22 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 30 აპრილის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 30 აპრილის №89467/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 აპრილის №086-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში ---ის სოციალური სერვისების სააგენტოს სოციალური დაწესებულებებისთვის (უფასო სასადილო) საკვები პროდუქტების მიწოდება. მიუთითებს, რომ ყოველი ობიქტის მომარაგება ხდებოდა კვირაში ოთხჯერ ადგილზე მისვლით, ამასთან, რადგან ტენდერის ობიექტები განთავსებულია ---ის სხვადასხვა რეგიონში, პროდუქციის მისაწოდებლად ყოველთვიურად საჭირო იყო ავტომობილებით ასეულობით კილომეტრის დაფარვა, ხოლო ტრანსპორტირება ხორციელდებოდა დამფუძნებლის სარგებლობაში არსებული ავტომობილებით. აღნიშნავს, რომ დახარჯული საწვავის შეძენის დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა, რადგან არ ჰქონდათ შეძენის დამადასტურებელი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აცხადებს, რომ ობიექტების მდებარეობიდან გამომდინარე საშუალოდ 2 500 კილომეტრის გავლა იყო აუცილებელი, შესაბამისად, გახარჯული საწვავის ღირებულება სოლიდურ თანხას შეადგენს. მიუთითებს, რომ ყველა გადაზიდვა განხორციელებულია საწარმოს ხარჯით, ყველა რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები ავტომობილის სახელმწიფო ნომრის, საწყისი და საბოლოო დანიშნულების ადგილის მითითებით, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გახარჯული საწვავის ოდენობის და ღირებულების გამოთვლა. განმარტავს, რომ მიუხედავად შეძენის ფაქტის დოკუმენტურად დაუდასტურებლობისა, ხარჯების დადასტურება შესაძლებელია რეალური ქმედებების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებულად მიჩნევას, რეალური ხარჯის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის უფლებას და შესაბამისად, გახარჯული საწვავის ღირებულებით დივიდენდად დაკვალიფიცირებული თანხის შემცირებას, შედეგად, დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7314 ბრძანება და 3 აპრილის №086-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 605 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 832 ლარი, ჯარიმა 11 916 ლარი, საურავი 857 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება. ძირითად შემსყიდველს წარმოადგენს ქ. ----ის სოციალური სერვისების სააგენტო. საწარმოს არ უფიქსირდება ხელფასის/დივიდენდის დეკლარირება. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მიხედვით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა პირველად/სააღრიცხვო/საბანკო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 99 977ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე დივიდენდის სახით გაცემულად, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმო ვალდებული იყო გაცემული თანხები დაებეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა პირველად/სააღრიცხვო/საბანკო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე დივიდენდის სახით გაცემულად. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შემოწმების მიერ დაუდასტურებლად მიჩნევასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არც შემოწმების ეტაპზე და არც დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში წარმოდგენილი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა პირველად/სააღრიცხვო/საბანკო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 99 977ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე დივიდენდის სახით გაცემულად, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმო ვალდებული იყო გაცემული თანხები დაებეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 98 1; 136; 102; 8; 130; 154; 105; 72.