გადაწყვეტილება №22538/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 22538/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22538/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 12.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22538/2/2024).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტი კომპანიისგან ჩარიცხული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №021-113 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4085 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 317.12 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 2 159

ჯარიმა - 1 079

საურავი - 1 079.12

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №13974 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს მომსახურება ---------- სამაუწყებლო კომპანია ----------სთვის. შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული კომპანიისგან ჩარიცხული თანხა შეადგენს 10 793 ლარს. საგადასახადო კოდექსის 104-ე და „საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების მე-15 მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 26.12.2023 წლის №32835 ბრძანება და ამავე თარიღის №021-113 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 18.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4085 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების თანახმად, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტს და აუდიტის დეპარტამენტის განმარტებას, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან, უფიქსირდება ---------- რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი, იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თანამშრომლობს ---------- ორგანიზაციასთან, ---------- აკადემია (----------) კონტრაქტორად და შესაბამისად, მისი შემოსავალი იბეგრება ----------(ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა შემოსავლების სამსახურში და საჩივარსაც ერთვის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა მისი, როგორც ფიზიკური პირის შემოსავლები და ჩათვალა, რომ მისი შემოსავალი საქართველოშიც უნდა იბეგრებოდეს, შემოწმების შედეგად დაერიცხა თანხა (4 317 ლარი) და 15 აპრილამდე უნდა მოახდინოს 2023 წლის შემოსავლის დეკლარირება და მთელი წლის გადასახადის გადახდა.

---------- და საქართველოს შორის არსებობს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ამდენად მუდამ დარწმუნებული იყო, რომ ---------- დაბეგვრა საკმარისი იყო და საქართველოში არ უნდა დაბეგრილიყო მისი შემოსავალი. ასეთი განმარტება და რეკომენდაცია რამდენიმე ფინანსისტმა მისცა და არსებობს ოფიციალური წყაროებიც, რომლებიც იგივეს უდასტურებენ.

ითხოვს პირველყოვლისა, მხედველობაში იქნას მიღებული, რომ არ დაუმალავს შემოსავალი, რადგან იცოდა რომ ---------- იბეგრებოდა და დარწმუნებული იყო, რომ პირნათელი იყო ყველას წინაშე. გარდა საქართველოსა, ---------- (70 წლის ორგანიზაციას), საქმიანი ურთიერთობა აქვს აზიის, ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან - 140 ეროვნების 4 000 კონტრაქტორი ჰყავს და 32 ენაზე მაუწყებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ---------- იურისტები და ფინანსისტები ძალიან სკურპულოზულად სწავლობენ ყველა დოკუმენტსა და ანგარიშგებას. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია, საჭიროდ რომ ჩაეთვალათ, თავად მოსთხოვდნენ საქართველოში ბეგარის გადახდის დოკუმენტს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ---------- აკადემია ----------ბიუჯეტიდან (---------- გადამხდელების ჯიბიდან) ფინანსდება და ათასჯერ ამოწმებენ ყველა ცენტს, რომელიც მათი სახელით იხარჯება. აქვე, აღნიშვნის ღირსია, რომ მისი შემოსავალი არ უკავშირდება ბიზნეს, კერძო სექტორსა თუ მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას. ის საგანმანათლებლო საქმიანობით მიღებული შემოსავალია და პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება.

საკუთარი კომპიუტერით, სახლიდან მუშაობს და მხოლოდ საკუთარ რესურსებს იყენებს შემოსავალის მისაღებად. ----------ის საქართველოში რაიმე სახით, წარმომადგენლობა არ აქვს. ფიქრობს, რომ ძალიან არასამართლიანი იქნება, თუკი ისედაც მწირი შემოსავალი (საათში, დაახლოებით, 10 ევრო) ---------- დაიბეგრება და საქართველოშიც. როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავალის დაბეგვრის საკითხის გარკვევასთან დაკავშირებით რამდენიმე დოკუმენტს გაეცნო. ისინი დღესაც იძებნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერზე: „იბეგრება თუ არა რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი? საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს (----------)“. აქ ნათლად არის განმარტებული, რომ თუკი საქართველოში არსებული წყაროდან არ არის შემოსავალი, ის არ უნდა დაიბეგროს საქართველოში. და კიდევ: „მუხლი 15. დაქირავებით მუშაობა 1. ამ შეთანხმების მე-16–მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი, გასამრჯელო ან სხვა მსგავსი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში, მაშინ ასეთ შემთხვევაში მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში (შეთანხმება საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ)“. ამ მუხლში ყურადღება უნდა მიექცეს ფრაზას „შეიძლება დაიბეგროს“. როცა კანონში ასეთი ფორმულირებაა (შეიძლება), ყოველთვის აქვს არსებობის უფლება მოსაზრებას „შეიძლება არ დაიბეგროს“ და ეს სიტყვათა შეთანხმება მოქალაქის, ფიზიკური პირის სასიკეთოდ გადაწვეტილების მიღებოს საშუალებას იძლევა.

ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები საკმარისია იმისთვის, რომ ფიზიკური პირი ორმაგად არ დაიბეგროს და მიეცეს მუშაობის საშუალება. და მაინც, თუკი ჩათვლით, რომ მიუხედავად მისი არგუმენტებისა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მაინც უნდა დაიბეგროს, მაშინ უმორჩილესად ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას, რომ 2024 წლამდე მისი შემოსავალი იბეგრებოდა ---------- მხრიდან, და აღარ დაეკისროს უკვე დაბეგრილი შემოსავლის ხელახლა დაბეგვრა, მით უმეტეს, ჯარიმის გადახდა.

თუკი საბჭოს არ ხელეწიფება მისი სრულად განთავისუფლება საქართველოში დაბეგვრისაგან, აიღებს ვალდებულებას, რომ 2024 წლიდან დარეგისტრირდეს გადამხდელად და გადაიხადოს გადასახადი. ამ შემთხვევაშიც ორმაგად დაიბეგრება, რადგან ---------- ამ წელსაც დაიბეგრა მისი შემოსავალი, მაგრამ შეღავათი ის იქნება, რომ თადარიგს დაიჭერს და მიმდინარე გადასახადებზე იზრუნებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.

ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:

გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება.

საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

„საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ამ პირს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით არ გააჩნია ფიქსირებული ბაზა. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, მაშინ შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი მიეკუთვნება, ამ ფიქსირებულ ბაზას.

ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ შეთანხმების მე-16–მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი, გასამრჯელო ან სხვა მსგავსი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში, მაშინ ასეთ შემთხვევაში მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

მომჩივანი მიუთითებს, რომ არ დაუმალავს შემოსავალი, რადგან იცოდა რომ ---------- იბეგრებოდა და დარწმუნებული იყო, რომ პირნათელი იყო ყველას წინაშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ---------- აკადემია ---------- ბიუჯეტიდან (---------- გადამხდელების ჯიბიდან) ფინანსდება და ათასჯერ ამოწმებს ყველა ცენტს, რომელიც მათი სახელით იხარჯება. მისი შემოსავალი არ უკავშირდება ბიზნეს, კერძო სექტორსა თუ მოგებაზე ორიენტირებულ საქმიანობას. ის საგანმანათლებლო საქმიანობით მიღებული შემოსავალია და პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება. საკუთარი კომპიუტერით, სახლიდან მუშაობს და მხოლოდ საკუთარ რესურსებს იყენებს შემოსავალის მისაღებად. ----------ის საქართველოში რაიმე სახით, წარმომადგენლობა არ აქვს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების თანახმად, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტს და აუდიტის დეპარტამენტის განმარტებას, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან, უფიქსირდება ---------- რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და ასევე, მიუთითებს „საქართველოსა და ---------- რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებაზე და მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად.

საბჭო ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისა და საურავისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №021-113 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისა და საურავისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არარეზიდენტი კომპანიისგან ჩარიცხული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების თანახმად, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტს და აუდიტის დეპარტამენტის განმარტებას, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან, უფიქსირდება უცხოეთში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და ასევე, მიუთითებს „საქართველოსა და უცხო რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებაზე და მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისა და საურავისგან.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79; 80; 102; 269(7).