ბრძანება N 15388

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2023
№ დოკუმენტი 15388
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15388

30.06.2023

კოოპერატივი „--------’’ (ს/ნ --------)

(მის.: -----------)

2022 წლის 8 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 21 ოქტომბრის №16871/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული კოოპერატივი „---------’’ (ს/ნ -------) №66266/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №227-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სარემონტო-სამშენებლო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან არასწორად განსაზღვრული განაწილებული მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შემოწმებას სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ღირებულებაში არასწორად აქვს შეყვანილი 2019 წლის 25 თებერვალს გამოწერილი საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურით განსაზღვრული სამშენებლო მასალების მიწოდება. გადამხდელს აღნიშნული მასალები შეძენილი ჰქონდა 2019 წლის 13 თებერვალს შპს ,,------გან'', რომელსაც გადამხდელმა აღნიშნული მასალების უმეტესი ნაწილი იგივე ფასებით უკან დაუბრუნა 2019 წლის 25 თებერვალს გამოწერილი საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურის საფუძველზე.

არ ეთანხმება ასევე შემოწმების მიერ დასაბეგრი განაწილებული მოგების განსაზღვრისთვის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მოგების 20%-იანი მარჟის გამოყენებას. მიუთითებს, რომ მოცემული მაჩვენებლი არ არის დადგენილი საბაზრო პრინციპით. ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებაზე, რომლის მიხედვით გეგმიური მოგება ყველა სახის სამუშაოებისთვის განისაზღვრება არაუმეტეს 8%-ით. აცხადებს, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში, სამუშაოები შესრულებული არ არის სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაგრამ საშუალო მაჩვენებელი ამ მაჩვენებელს 2,5-ჯერ არ აღემატება. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ შესრულებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლებისა და ამ შემოსავლებში მოგების მარჟის დაზუსტება და დასაბეგრი განაწილებული მოგების შესაბამისად განსაზღვრა.

2. არ ეთანხმება ფულადი სახსრების დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით და განკარგვად თანხებს არ გამოაკლო სარემონტოსამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად გაწეული ხარჯები. შემოწმებამ არ გამოიყენა შემოსავლების სამსახურის N22708 მეთოდური მითითება. გადამხდელი მიიჩნევს, რომ განკარგვადი თანხა უნდა შემცირდეს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი გამოსაქვითი თანხით, ასევე აღნიშნული თანხა უნდა დაკორექტირდეს საჩივრის პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით. მიუთითებს ასევე, რომ შემოწმების მასალებში არ მოიპოვება სალაროს ინვენტარიზაციის აქტი, გადამხდელის ახსნა-განმარტება და შემოწმების ჯგუფის რეკომენდაცია. თვლის რომ, ფულადი სახსრების სახელფასო განაცემად კვალიფიკაცია უსაფუძვლოა, რადგან თანხა სხვა საწარმოებზეა სესხად გაცემული (თანდართული აქვს სესხის ხელშეკრულება). ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ფულადი სახსრების ბალანსის შესაბამის ნაწილებში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მოცულობის შემცირების შესაბამისი ცვლილების, მოგების მარჟის შემცირების შესაბამისი ცვლილების, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების შესაბამისი თანხების და სესხად გაცემული თანხების გათვალისწინება.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 იანვრის №309 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კოოპერატივი „-------’’ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2021 წლის 5 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 13 დეკემბრის №38536 ბრძანება და ამავე თარიღის №227-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 165 008 ლარი, მათ შორის: გადასახადი 98 621 ლარი, ჯარიმა 49 311 ლარი, საურავი 17 076 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 30 მაისის №13338 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13338 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 21 ოქტომბრის №16871/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 21 ოქტომბრის №16871/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

,,მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხების ნაწილში საგადასახადო ორგანოს პოზიციას, წარმოადგენს არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ საჩივარი განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის, შემმოწმებლისა და მომჩივნის არგუმენტაციის შეჯერების გარეშე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ შემოწმებით, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიდგომა პრაქტიკულად სწორია, მაგრამ სამშენებლო საქმიანობით მიღებული შემოსავალი 311 962 ლარის ოდენობით განსაზღვრულია არასწორად, რადგან გაანგარიშებულია სამშენებლო მასალების დაბრუნების შესახებ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით, რაც ფიქრობს ტექნიკური შეცდომაა და უნდა მოხდეს დაბრუნებული მასალების ამორიცხვა აღნიშნული თანხიდან. გამოყენებული 20%-ანი მარჟა ძალიან მაღალია სამშენებლო სამუშაოებისათვის, აღნიშნულზე საჩივარში მიუთითა საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე და შესაბამისად მიიჩნევს, რომ 8%-იანი მარჟა უნდა იქნეს გამოყენებული. განკარგვადი თანხებიდან არ არის ამორიცხული სამუშაოების შესასრულებლად გაწეული ხარჯების შესაბამისი თანხა, არადა ეს ხარჯები გაწეულია. ფულადი თანხები მართალია დიდი ოდენობით უფიქსირდება გადასახადის გადამხდელს, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით წარადგინა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც სხვა კომპანიებზეა თანხები გაცემული სესხად. ამდენად, აღნიშნული თანხები ამოღებულ უნდა იქნეს და დარჩენილი თანხა არ უნდა დაკვალიფიცირდეს სახელფასო განაცემად, როგორც ეს შემოწმებითაა კვალიფიცირებული.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები მოითხოვს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.’’

 

საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, ახსნა-განმარტებების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. გადამხდელს აქვს შერეული საქმიანობა, კერძოდ, მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე ეწევა სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას. აღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად შემმოწმებლებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. გადამხდელის განმარტებით, ვინაიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება გათავისუფლებულია გადასახადისგან, გადამხდელი არ ახდენს პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერას სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ სარემონტო-სამშენებლო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან (311 962 ლარიდან) მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა აუდირებული პირის მარჟის გათვალისწინებით, განისაზღვრა დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა (51 993 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოწმდა კომპანიის ფულადი ნაკადები. გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობით ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში უნდა ჰქონდეს 501 180 ლარის ოდენობით ფულადი სახსრები. კომპანიის დირექტორის წერილობითი განმარტებით, კომპანიას სათბურში მომუშავე პირებზე 2019-2020 წლებში გაცემული აქვს ხელფასი 27 600 ლარის ოდენობით, ხოლო საბანკო ანგარიშზე 2021 წლის 5 იანვრის მდგომარეობით, ნაშათად გააჩნია 5 924 ლარი. კომპანიის ფულადი სახსრების ძირითად წყაროს წარმოადგენს თანადაფინანსების სესხი 465 000 ლარის ოდენობით და გრანტი 104 248 ლარის ოდენობით. სესხის და გრანტის მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა, თუმცა სესხის ძირითადი ნაწილი მოხმარებულია სხვა საქმიანობისთვის და დოკუმენტური ხარჯვა არ ფიქსირდება. ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიის ხარჯები მოგების გადასახადისგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ ის სასოფლო სამეურნეო საქონლის წარმოებისთვისაა განსაზღვრული, აღნიშნული არ ათავისუფლებს კომპანიას ფულადი სახსრების დანაკლისისთვის საგადასახადო ანგარიშგების განხორციელებისგან. ფულადი სახსრების მოძრაობაში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან მიღებული დივიდენდის წილი (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან არაპირდაპირი მეთოდით 20%-იანი მოგების მარჟის პირობებში გამოანგარიშდა განაწილებული დივიდენდი) და ასევე სარემონტო-სამშენებლო საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან დივიდენდის განაწილებად განხილული თანხა. კომპანიის ფულადი სახსრების დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუქნტის თანახმად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ"−„დ" ქვეპუნქტებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს სგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს აქვს შერეული საქმიანობა, კერძოდ, მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე ეწევა სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად შემმოწმებლებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ სარემონტო-სამშენებლო საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან (311 962 ლარიდან) მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა აუდირებული პირის მარჟის გათვალისწინებით, განისაზღვრა დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა (51 993 ლარი), რომელიც დაექვემდებარა შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრას.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 21 ოქტომბრის №16871/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა/შესწავლა და არ გამოვლინდა განსახვავებული გარემოებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, კერძოდ, გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობით ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში უნდა ჰქონდეს 501 180 ლარი. კომპანიის დირექტორის წერილობითი განმარტებით, კომპანიას სათბურში მომუშავე პირებზე 2019-2020 წლებში გაცემული აქვს ხელფასი 27 600 ლარის ოდენობით, ხოლო საბანკო ანგარიშზე 2021 წლის 5 იანვრის მდგომარეობით ნაშათად გააჩნია 5924 ლარი. კომპანიის ფულადი სახსრების ძირითად წყაროს წარმოადგენს თანადაფინანსების სესხი 465 000 ლარის ოდენობით და გრანტი 104 248 ლარის ოდენობით. სესხის და გრანტის მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა, თუმცა სესხის ძირითადი ნაწილი მოხმარებულია სხვა საქმიანობისთვის და დოკუმენტური ხარჯვა არ ფიქსირდება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულებები არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, ვინაიდან გაურკვეველია და ბუნდოვანია აღნიშნული სესხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ: არ ფიქსირდება სესხის მიღების ან დაბრუნების ელექტრონული გადარიცხვა; ხერლშეკრულებებს არ ერთვის სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვის გრაფიკი; შეუძლებელია იმის განსაზღვრა ფაქტობრივად მოხდა თუ არა სესხის გაცემა; ვინაიდან ხელშეკრულება ითვალისწინებს დოკუმენტურ დადასტურებას (სესხის ხელშეკრულების 2.2 პირობა) და არ არის წარმოდგენილი; საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით საწარმოები ურთიერთდამოკიდებულები არიან; სესხის ხელშეკრულების ვადები ამოწურულია და ვერ დგინდება თანხის შემდგომი განკარგვა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება (მათ შორის შპს ,,-------’’ არ განუხორციელებია ანგარიშგება აღნიშნული თანხის გაცემასთან დაკავშირებით).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 21 ოქტომბრის №16871/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა/შესწავლა და არ გამოვლინდა განსახვავებული გარემოებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით ფულადი სახსრების დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. კოოპერატივი „--------’’ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სარემონტო-სამშენებლო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან არასწორად განსაზღვრული განაწილებული მოგების გადასახადით დაბეგვრას. არ ეთანხმება ასევე შემოწმების მიერ დასაბეგრი განაწილებული მოგების განსაზღვრისთვის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მოგების 20%-იანი მარჟის გამოყენებას.

2. არ ეთანხმება ფულადი სახსრების დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. გადამხდელი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. გადამხდელს აქვს შერეული საქმიანობა, კერძოდ, მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე ეწევა სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას. გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად შემმოწმებლებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ სარემონტო-სამშენებლო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან (311 962 ლარიდან) მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა აუდირებული პირის მარჟის გათვალისწინებით, განისაზღვრა დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა (51 993 ლარი). კომპანიას დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე შესაბამისი ჯარიმა.

2. საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოწმდა კომპანიის ფულადი ნაკადები. ფულადი სახსრების მოძრაობაში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან მიღებული დივიდენდის წილი (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან არაპირდაპირი მეთოდით 20%-იანი მოგების მარჟის პირობებში გამოანგარიშდა განაწილებული დივიდენდი) და ასევე სარემონტო-სამშენებლო საქმიანობით მიღებული შემოსავლიდან დივიდენდის განაწილებად განხილული თანხა. კომპანიის ფულადი სახსრების დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1"ე"), 43(4), 73, 97(1"ა""ვ"), 981(1), 8(12), 99(1"ვ"), 130(1), 154, 101(1).