ბრძანება N 19641

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19641
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19641

09 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ -------)

(მის.: ----------)

2023 წლის 11 იანვრის და 30 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) და 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „---------ს“ (ს/ნ -------) 2023 წლის 11 იანვრის №77970/1/2023 და 30 იანვრის №78724/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №006-554 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიამ განახორციელა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის მოთხოვნებს. განმარტავს, რომ ვინაიდან ობიექტი მთლიანად განკუთვნილია საცხოვრებლად და ამასთან, სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გამწევმა კომპანიებმა თავის დროზე მოახდინეს დეკლარაციებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა და დღგ-ის გადახდა, შესაბამისად კომპანიას ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია და ეკუთვნოდა ჩათვლილი დღგ. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გამიჯნული ხელშეკრულების შესაბამისად მასალისა და მომსახურების ღირებულებები.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17900 და 7 დეკემბრის №30807 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81² ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნათა მიმართ შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 13 დეკემბრის №31355 ბრძანება და ამავე თარიღის №006-554 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 570 978 ლარით, მათ შორის: გადასახადი 279 120 ლარი, ჯარიმა 151 312 ლარი და საურავი 140 546 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „--------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობაა საცხოვრებელი ფართების მშენებლობა და რეალიზაცია. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ამონაწერები, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ასევე, პირის როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ბრუნვების აღრიცხვის სისწორე, რაც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული პროექტი, კერძოდ ქ. ------ში, ------ ქ. N--ში 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობა აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ სხვადასხვა კომპანიები (გაზიფიკაცია, შიდა ქსელის გაყვანის სერვისი, წყალმომარაგების ქსელზე დაერთება და სხვა), რომელთაც გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 812 ნაწილების მიხედვით, პირს გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლები, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მიყიდული ჰქონდა სახოვრებელი ფართები. ანალიზით გაირკვა, რომ იმავე პერიოდში რეალიზებული ფართების 1 კვმ. ფართის სარეალიზაციო ფასი აღემატებოდა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე ფართების მიწოდების ფასს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშდა საბაზრო ფასის შესაბამისად. შემოწმებით, ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირზე, ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაცემული ჰქონდა სამი ავტოფარეხის ფართი. აღნიშნული ოპერაცია არ იყო ბუღალტრულად აღრიცხული და დეკლარირებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული ფართების ღირებულება გაანგარიშებულ იქნა საბაზრო ღირებულების მიხედვით. შემოწმების მიერ, საბაზრო ღირებულებად მიჩნეულ იქნა ანალოგიური ფართების რეალიზაციის ღირებულება. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:

79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ)მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;

ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.

81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული მშენებლობა სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს. შემოწმებამ შეისწავლა პირის როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ბრუნვების აღრიცხვის სისწორე, რაც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა დღგ. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დეკლარაციაში ასახვის სისწორე, რის შედეგადაც, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც გამოწერილი ჰქონდათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად დაბერგილი, ხოლო შპს „-------ს” აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 79-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პირის მიერ ზემოთაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ საწარმოს მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა კომპანიები (გაზიფიკაცია, შიდა ქსელის გაყვანის სერვისი, წყალმომარაგების ქსელზე დაერთება და სხვა), რომელთაც გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დეკლარირებულია დადგენილი წესით. შესაბამისად, საწარმოს ისეთ ოპერაციებზე გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლები, რომელიც მეორე მხარის მიერ დაბეგრილი იყო დღგ-ით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შპს „-------“ (ს/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმისაგან.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ხოლო, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მიყიდული ჰქონდა საცხოვრებელი ფართები. ამასთან, იმავე პერიოდში რეალიზებული ფართების სარეალიზაციო ფასი აღემატება ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე ფართების მიწოდების ფასს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშდა საბაზრო ფასის შესაბამისად, ხოლო ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ მიწოდებად. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირზე, ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, უსასყიდლოდ გადაცემული ჰქონდა სამი ავტოფარეხის ფართი. აღნიშნული ოპერაცია არ იყო ბუღალტრულად აღრიცხული და დეკლარირებული. შემოწებით, აღნიშნული ფართების ღირებულება გაანგარიშებულ იქნა საბაზრო ღირებულების მიხედვით. შემოწმების მიერ, საბაზრო ღირებულებად მიჩნეულ იქნა ანალოგიური ფართების რეალიზაციის ღირებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით სადავო ოპერაციები მართლზომიერად იქნა განხილული უსასყიდლოდ მიწოდებად და შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ს“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „-------“ (ს/ნ ------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი ფართების მშენებლობა და რეალიზაცია. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული პროექტი აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს. საწარმოს აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შემოწმების მიერ პირს გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლები, დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მიყიდული ჰქონდა სახოვრებელი ფართები. ანალიზით გაირკვა, რომ იმავე პერიოდში რეალიზებული ფართების 1 კვმ. ფართის სარეალიზაციო ფასი აღემატებოდა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე ფართების მიწოდების ფასს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშდა საბაზრო ფასის შესაბამისად. შემოწმებით, ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ასევე, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირზე, ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაცემული ჰქონდა სამი ავტოფარეხის ფართი. აღნიშნული ოპერაცია არ იყო ბუღალტრულად აღრიცხული და დეკლარირებული. აღნიშნული ფართების ღირებულება გაანგარიშებულ იქნა საბაზრო ღირებულების მიხედვით. შემოწმების მიერ, საბაზრო ღირებულებად მიჩნეულ იქნა ანალოგიური ფართების რეალიზაციის ღირებულება. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმისაგან.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით სადავო ოპერაციები მართლზომიერად იქნა განხილული უსასყიდლოდ მიწოდებად და შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 173(1)(2"ა"), 174, 175(1"ა"), 176(1)(2), 49(1"ე"), 43(4), 73(4)(9"ბ"), 158(1), 159(1), 163(1)(2), 164(1), 309(79)(80)(81), 270(1)(2), 275, 269(7), 61(3), 18(11), 19(1), 97(1)(7), 983(1).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").