ბრძანება N 7884
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7884
28/03/2019
უსმდ -----
(მის:----------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 14.09.2018წ (ოქმი N75), 26.10.2018წ (ოქმი N87), 25.01.2019წ (ოქმი N4) და 06.03.2019 წ (ოქმი N13) გამართულ სხდომებზე განიხილა უსმდ ------ ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას. გადამხდელი ასევე ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის შემოწმების აქტის, 2017 წლის 27 ნოემბრის N31507 ბრძანების და 2017 წლის 27 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნის N024-143, 2017 წლის 30 ოქტომბრის N175757 სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც დამატებით მოითხოვა გადამხდელის მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების შესახებ N32847 და N32848 ბრძანებების გაუქმება.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ნოემბრის N31130 ბრძანების საფუძველზე უსმდ ------ ჩაუტარდა კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2014წ-01.04.2017წ. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 22 ნოემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე 2017 წლის 27 ნოემბერს გამოიცა N31507 ბრძანება და ამავე თარიღის N024-143 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც საწარმოს დაერიცხა სულ 169008 ლარი, მათ შორის ძირითად გადასახადში - 83743 ლარი, ჯარიმა - 53918 ლარი და საურავი -31347 ლარი.
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება. გადამხდელს ავტორიზაცია გავლილი აქვს: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე და სხვა ფიქსირებულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების და კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოდან და საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან მიღებული მონაცემებით. პირს 2014-2016 წლების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება შემოსავალი 269 177 ლარი, რომელიც არ არის დადეკლარირებული. შესაბამისად დაერიცხება ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.
კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოდან და საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან მიღებული მონაცემებით გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2014 წლის ივნისში (უწყვეტ 12 თვეში) გადააჭარბა 100 000 ლარს. სსკ-ის 157-ე მუხლის შესაბამისად გადამხდელი ვალდებული იყო დამდგარიყო დღგ-ის გადამხდელად.
შემოწმებით პირი დაჯარიმდა სსკ-ის 282-ე მუხლის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, ასევე დაერიცხება დღგ-ის ძირითადადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ----- ს საქართველოში არ ყავს თანამშრომელი, ადგილობრივი აგენტი, უფლებამოსილი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი, მას ასევე არ გააჩნია მისამართი საქართველოში, შესაბამისად ვერ მიიღებდა რაიმე სახის შეტყობინებას და მის მიმართ არ არსებობდა სსკ-ს 44.7 მუხლით გათვალისწინებული არცერთი პირობა. ამასთან არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის ავტორიზებულ მომხმარებეს და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული მისამართი ქ. ----- ვერ ჩაითვლებოდა კანონმდებლობით დადაგენილი პირობების დაცვად.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საგადასახადო სამართლისა და საქართველოს და ----ოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ------ის საქმიანობა არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში. კომპანიას არ აქვს მუდმივი ბაზა საქართველოში და არ ყავს თანამშრომლები, ადგილობრივი ან დამოკიდებული აგენტები, მას არ გააჩნია ძირითადი საშუალება, სერვერი/ინფორმაციულ ტექნოლოგიური მოწყობილობა საქართველოში.
საჩივარში მითითებულია, რომ ------ს საქართველოსთან კავშირი არსებობს მხოლოდ -----დან შეძენილი საქართველოს ტელეკომუნიკაციების ლიცენზიის საფუზველზე. 2017 წლის თებერვლის თვემდე საქართველოს მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით, აღნიშნულ ლიცენზიასთან დაკავშირებული ნორმები განაწილებულ იქნა ქართულ შუამავალ საწარმოზე, რომელმაც თავის მხრივ მოახდინა აღნიშნული ნორმების შემდგომ ------ზე განაწილება. შემდგომ ----- მა შეცვალა ბიზნეს მოდელი საქართველოში, რამდენადაც მოხდა ნორმების უშუალოდ რეგულატორისგან შეძენა, მაგრამ ჰოსტინგი ხდებოდა ზემოაღნიშნულ სერვერებზე. ასევე აღნიშნული შუამავალი საწარმო არის მესამე პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი აწარმოოს მოლაპარაკებები ან ხელი მოაწეროს ხელშეკრულბებს ------ის მაგივრად.
აღნიშნული გარემოებების გათვალიწინებით, მომჩივანმა მიიჩნია, რომ საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი და უნდა გაუქმებულიყო დარიცხული დღგ-ს და მოგების გადასახადის თანხები.
აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებული 17.08.2018 N91604-21-14 ინფორმაციით უსმდ ----- არ წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) ავტორიზებულ მომხმარებელს, ამიტომ მის მიმართ გამოცემული დოკუმენტები პირს გაეგზავნა ორჯერ საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მაგრამ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება ვერ მოხერხდა (დაბრუნდა უკან), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული 2017 წლის 22 ნოემბრის №31130 ბრძანების საჯაროდ გავრცელება 2017 წლის 06 დეკემბერს, ხოლო 2017 წლის 27 ნოემბრის №31507 ბრძანების და 2017 წლის 27 ნოემბრის №024-143 ,,საგადასახადო მოთხოვნის’’ საჯაროდ გავრცელება განხორციელდა 2017 წლის 08 დეკემბერს. 24.12.2018წ 143302-21-14 სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ უსმდ ------ის მინდობილ პირს ------ს 2018 წლის 16 მაისის N102491/21-11 და 2018 წლის 06 ივნისის N118482/21-14 განცხადებების პასუხად აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივნისის N21-14/75319 წერილით გაეგზავნა უსმდ -----ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები: 2017 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2017 წლის 27 ნოემბრის №31507 ბრძანება და 2017 წლის 27 ნოემბრის №024-143 ,,საგადასახადო მოთხოვნა’’. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივნისის N21-14/75319 წერილი თანდართული დოკუმენტაციით ჩაბარდა საფოსტო დაწესებულების საშუალებით ორგანიზაციის წარმომადგენელს 2018 წლის 12 ივნისს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 05.12.2018წ N16/3853-18 წერილით გადმოგვეგზავნა ------ს საკონტაქტო მონაცემები. ამასთან გვეცნობა, რომ წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად 2018 წლის 20 თებერვლიდან ------ ს კომისიაში წარმოადგენს ადვოკატი -----.
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით; საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით; პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სსკ-ს 301-ე მუხლის შესაბამისად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესს ადგენს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი. ამასთან, საჯარო ფორმით კომუნიკაციის წესს განსაზღვრავს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების IV თავი. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ნოემბრის №024-143 ,,საგადასახადო მოთხოვნა’’ გადამდელს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ არასრულ მისამართზე (ქ. -----). შესაბამისად, გაგზავნილ მისამართზე ჩაუბარებელი სახით უკან დაბრუნებული საგადასახადო მოთხოვნა არ ქმნიდა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე მისი საჯაროდ გავრცელების საფუძველს, ასევე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული წესით ჩაბარებულად და საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების აღიარებულად მიჩნევის საფუძველს.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპრატამენტის მიერ საწარმოს მუდვივ დაწესებულებად აღიარება და მისამართად ქალაქ ----- მინიჭება და ამავე დროს ამ არასრულ მისამართზე საწარმოს ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის გაგზავნა არ ქმნის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობას.
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ მართალია სკ-ის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, დავების საბჭოს მოსაზრებით ამგვარი ფრომის შერჩევა უნდა განხორციელდეს იმ ვარაუდით, რომ სწორედ ესაა მხარის ინფორმირების საუკეთესო საშუალება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელზე პირობითი მისამართის მინიჭება და ამ მისამართზე დოკუმენტების გაგზავნა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმათავითვე იყო ცნობილი მათი ჩაბარების შეუძლებლობა და შემდგომში ამ პროცედურის საჯაროდ გავრცელების მიზნით გამოყენება, დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი, ერთი მხრივ განაპირობებს პირის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას და მეორე მხრივ მხარის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის, გასაჩივრების უფლების გამოყენებას. სწორედ ამიტომ კანონმდებლობით დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის გაცნობის უკიდურეს შემთხვევას, რის დასაბუთებულად მიჩნევისთვის ამოწურული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პირისთვის დოკუმენტის გადაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა საშუალება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ამდენად საქმეში არსებული მასალების გაცნობისა და გამოკვლევის შედეგად დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დასაშვებია და არსებითად უნდა იქნეს განხილული.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო ასევე მიუთითებს 263-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
სსკ-ს 279-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
სსკ-ს 29-ე მუხლის თანახმად საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-9 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუდმივ დაწესებულებას უთანაბრდება:
ა) სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;
ბ) დანადგარი ან კონსტრუქცია, საბურღი დანადგარი ან ხომალდი, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დასაზვერად, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკონტროლო საქმიანობის განხორციელება;
გ) მუდმივი ბაზა, სადაც არარეზიდენტი ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას; დ) უცხოური საწარმოს მართვის ადგილი, ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება, ბიურო, ოფისი, სააგენტო, საამქრო, საბადო, კარიერი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილი,ნებისმიერი სხვა ქვედანაყოფი ან ამ საწარმოს საქმიანობის სხვა ადგილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
სსკ-ს 96-ე მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადის გადამხდელია:ა) რეზიდენტი საწარმო;
ბ) არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული წარმოება არის
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
მმართველობის კანონიერება კომპლექსურად მოიცავს როგორც საჯარო ინტერესების, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (კერძო ინტერესის) და კანონის უზრუნველყოფის დაცვას. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არის დადგენილი სამართლის პრინციპებისა და მათი უზრუნველმყოფი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
როგორც უკვე განიმარტა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას.ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და
გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება არასრულყოფილია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სადავო აქტებით გადაწყვეტილი საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებისას აუდიტორებს დადგენილი არ აქვთ მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის: გააჩნდა თუ არა ------ს ნამდვილად ადგილი (ადგილმდებარეობა), სადაც განთავსებული იქნებოდა აპარატურა ან ახორციელებდა საქმიანობას.
ამასთან აუცილებელია დადგინდეს ფაქტობრივი გარემოება ------ს მიერ საქართველოში გაწეული მომსახურება წარმოადგენს თუ არა მუდმივ დაწესებულების მიერ განხორციელებულ მომსახურებას და ამის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გავრცელება.
ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქმეში წარმოდგენილ და დამატებით მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს ------ს საქმიანობა წარმოშობს თუ არა მუდმივ დაწესებულებას საქართველოში. შესწავლის/შეფასების შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-21 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით:
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით;
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25
პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსმდ ------ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქმეში წარმოდგენილ და დამატებით მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს ------ს საქმიანობა წარმოშობს თუ არა მუდმივ დაწესებულებას საქართველოში. შესწავლის/შეფასების შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
4. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს მის მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების შესახებ ბრძანებების გაუქმებას და საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელს უფიქსირდება არადეკლარირებული შემოსავალი, რომელმაც გადააჭარბა 100000 ლარს. შემოწმებით პირი დაჯარიმდა სსკ-ის 282-ე მუხლის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, ასევე დაერიცხება დღგ-ის ძირითადადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გადამხდელი არ წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის ავტორიზებულ მომხმარებელს, ამიტომ მის მიმართ გამოცემული დოკუმენტები პირს გაეგზავნა ორჯერ საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მაგრამ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება ვერ მოხერხდა ამიტომ სსკ-ს 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად განხორციელდა ბრძანების საჯაროდ გავრცელება. ხოლო, საფოსტო დაწესებულების საშუალებით გადამხდელის წარმომადგენელს ბრძანება ჩაბარდა საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაადგინოს გადამხდელის საქმიანობა წარმოშობს თუ არა მუდმივ დაწესებულებას საქართველოში და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ასევე აუდიტის დეპარტამენტს დააევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის ცვლილებებით, თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 29; 44(10,); 282; 299; 301,,ე“
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 157; 161