გადაწყვეტილება №23479/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2024
№ დოკუმენტი 23479/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23479/2/2024

31 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება-----------12.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23479/2/2024).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №081-52 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10961 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 61 041,74 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 36 031

ჯარიმა - 18 016

საურავი - 6 994,74

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2024 წლის №2812 ბრძანებით დაინიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი 2020, 2021 და 2022 წლებში აღემატება 100 000 ლარს, რაც ფიზიკური პირისათვის წარმოშობს ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულებას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მომჩივანი 2021, 2022 და 2023 წლებში ფლობს უძრავ ქონებას, ხოლო გადამხდელის მეუღლე (---------) შესამოწმებელ პერიოდში ფლობს მსუბუქ ავტომობილს. საგადასახადო ორგანომ დაადგინა აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება, რამაც შეადგინა:

2020 წელს - 1 541 235 ლარი, მეუღლის მსუბუქი ავტომობილი - 8 110 ლარი;

2021 წელს - 1 570 430 ლარი, მეუღლის მსუბუქი ავტომობილის - 7 667 ლარი;

2022 წელს - 1 369 868 ლარი, მეუღლის მსუბუქი ავტომობილის - 6 687 ლარი. აღნიშნულ ქონებაზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი, ქონებების საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში არსებული განაკვეთის შესაბამისად, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №081-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რაც ფიზიკური პირისათვის წარმოშობს ქონების გადასახადის დეკლარირების საფუძველს, თუმცა ფ/პ -------- (პ/ნ ---------) არ აქვს წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, შესაბამისად, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმებით შეფარდებულ სანქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ მისი მხრიდან შეგნებულად არ მომხდარა გადასახადების დამალვა და თავის არიდება. მას არ აქვს ბუღალტრული ცოდნა, არ ჰყავს დაქირავებული ბუღალტერი და ასევე rs.ge სისტემაში მუშაობაც არ იცის. აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა შემოსავლების სამსახურიდან განხორციელებულიყო მასთან წერილობითი მომართვა ან თუნდაც სატელეფონო დაკავშირება, რომ აქვს დასარეგისტრირებელი ქონებები და მოსაწესრიგებელი rs.ge-ზე შემოსავლების და საგადასახადო საკითხები, რაც სამწუხაროდ არ განხორციელებულა. დღევანდელი მისი ოჯახის საბანკო ვალდებულება ჯამში შეადგენს 460 000 ევროს. --------- არსებული ქონებები კი დღემდე დაუსრულებელია არასაკმარისი ფინანსების გამო და შემოსავალიც 0 ლარია, (შავი კარკასი, შეფასებაც შესაბამისი ამიტომ უნდა ყოფილიყო). მისი ოჯახის შემოსავალი კი საბანკო ვალდებულებების გადახდებს ძლივს წვდება.

2014 წლიდან სისტემატიურად უწევს სტამბულში ბავშვის კლინიკაში გამოკვლევებზე და ექიმთან კონსულტაციაზე ვიზიტები, იყო დრო (ოპერაცია) 1 თვით მოუწია --------- გაჩერება, ყოველთვე ვიზიტი, ყოველ 3 თვეში ვიზიტი და ბოლო პერიოდში კი წელიწადში 1-2-ჯერ. აღნიშნული მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, დაფინანსება არ ჰქონია (რადგან უცხოეთში ვმკურნალობდი არც მიმიმართავს ჯანდაცვაზე და ამით სახელმწიფოს მიმართ უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ რა თქმა უნდა), მხოლოდ საკუთარი ოჯახის სახსრებით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ფინანსურად არ არის მყარად. აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში მიმართა ბანკს, მოცემული საგადასახადო დავალიანების გადახდის მიზნით, რათა დროულად გადაიხადოს და არ წავიდეს საქმე აღსრულებაში, რაც უფრო დაამძიმებს და გააუარესებს მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნეს არსებული მდგომარეობა და დაეკისროს მხოლოდ 2023 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

12 010 ლარი, ხოლო ძველი 2021-2022 წლების გადასახადები 24 020 ლარი, ჯარიმა 18 016 ლარი და საურავი 6 994 ლარი ეპატიოს/მოეხსნას. სამომავლოდ კი აიყვანს სპეციალისტს (ბუღალტერს) და ყოველწლიურად მოხდება კანონის შესაბამისად rs.ge შევსება და გადასახადების გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელის ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რაც ფიზიკური პირისათვის წარმოშობს ქონების გადასახადის დეკლარირების საფუძველს, მომჩივანს არ აქვს წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, შესაბამისად, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დაუმთავრებელი მშენებლობის ქონების გადასახადით დაბეგვრასთან მიმართებით, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე, მომჩივნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, ასევე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, დაკისრებულ სანქციებთან მიმართებით, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, რაც ფიზიკური პირისათვის წარმოშობს ქონების გადასახადის დეკლარირების საფუძველს, მომჩივანს არ აქვს წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, შესაბამისად, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

დაკისრებულ სანქციებთან მიმართებით, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 201(1);202(5);205(12);