გადაწყვეტილება №22085/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22085/2/2024
13 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 27.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22085/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №CB1566083 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.01.2024 წლის №565 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 711,77 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა 28.11.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს მიმართა ელექტრონული განაცხადით ID---, რომელსაც თან ერთვოდა დანართი 24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 14.12.2023 წელს გამოიცა ბრძანება №სმფ 6863 რომლის საფუძველზე დაევალათ მომჩივნის მიერ დანართ 24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 21.11.2023 წლის ჩათვლით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ 24- ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ დანართ №24-ში 23-ე პოზიციაში მითითებული საქონელი დასახელებით „ქალის შარვალი“ სააღრიცხვო ღირებულებით 1 711.77 ლარი ადგილზე არ დახვდათ, რაც იწვევს კომპანიის დაჯარიმებას ამავე თანხით საგადასახდო კოდექსის 279-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე, დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით, რაზეც შედგა 18.12.2023 წლის №CB1566083 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.01.2024 წლის №565 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე,„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33- ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვადაგასული და/ან უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის (12.12.2023. ID:----) წარდგენისას, საქონლის ჩამონათვალში, მოუვიდა მექანიკური შეცდომა. კერძოდ, რიგით 22 სტრიქონში იყო „ქალის შარვალი“, რომელიც საგადასახადოს წარმომადგენლის მიერ იქნა აღრიცხული და განადგურებული. ვინაიდან დასახელებებს აკოპირებს ექსელის ფაილიდან, ვერ შეარჩიეს, რომ 23 სტრიქონის დასახელება „ხელის ტრენაჟორი“, არ დაკოპირებულა და 23 სტრიქონში კვლავ „ქალის შარვალი“ ჩაუსვა, რაც თავისთავად ფიზიკურად არც ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა. რეალურად უნდა ყოფილიყო „ხელის ტრენაჟორი“ 270 ცალი, რომელიც საგადასახადოს წარმომადგენლის მიერ იყო ნანახი, მაგრამ ამ მექანიკური შეცდომის გამო მისი განადგურება ვერ მოხერხდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია რეალურად არსებული „ხელის ტრენაჟორების“ საერთო ღირებულებით 1 711.77 ლარის ოდენობით დაჯარიმება. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ ეს ნამდვილად იყო მექანიკური შეცდომა (აღიარებს, რომ წარდგენამდე სია უნდა გადაემოწმებინა) და ითხოვს ჩამოეწეროს ჯარიმა 1 711,77 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ 24- ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ დანართ №24-ში 23-ე პოზიციაში მითითებული საქონელი დასახელებით „ქალის შარვალი“ სააღრიცხვო ღირებულებით 1 711.77 ლარი ადგილზე არ დახვდათ, რაც იწვევს კომპანიის დაჯარიმებას ამავე თანხით საგადასახდო კოდექსის 279-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე, დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით, რაზეც შედგა 18.12.2023 წლის №CB1566083 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.01.2024 წლის №565 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145; 279.