ბრძანება N 9681

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2026
№ დოკუმენტი 9681
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9681

04 მაისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: ქ „--------“)

2026 წლის 11 თებერვლისა და 5 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტისა და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმი №20 და №34) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 11 თებერვლის №100694/1/2026 და 5 მარტის №101160/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006-598 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ბინების საბაზრო ფასით რეალიზაციის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემმოწმებელს გააჩნდა ყველა დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი. განმარტავს, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებთან ერთად ამოწერილი იყო შემოსავლის ორდერები, რომლის ნამდვილობასაც ადასტურებენ ბინის მყიდველები ნოტარიულად და ისინი გატარებული იყო შესაბამის პროგრამაშიც. შესაბამისად, აზრს მოკლებულია შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევაზე ბრალდება, რომლის საფუძველზეც მოხდა ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების გაზრდა. მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ მოახდინა შესაბამისი პროცედურების ჩატარება, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტმა არ მიიღო მხედველობაში უძრავი ქონების მყიდველი პირების მიერ დადასტურებული ფასების ფაქტობრიობის შესახებ ინფორმაცია. არ განახორციელა ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რის გამოც მოხდა ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირება. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების ჩართულობის გარეშე, შემცირებულად მიიჩნია არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოფიციალურად გაფორმებული და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ღირებულებები, მაშინ როცა ყველა მყიდველი ნოტარიული წესით ადასტურებს ნასყიდობის თანხის ფაქტობრიობას. (საჩივარზე თანდართულია ნოტარიულად დადასტურებული განცხადებები).

ასევე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების დაანგარიშებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, ერთ-ერთ ბინაზე გავრცელებულია 1 200 აშშ დოლარი, როცა შემოწმებისვე განმარტებით 1 კვ.მ.- ის ფასი იყო გაცილებით დაბალი. გარდა ამისა, მყიდველთა ნაწილი ნოტარიულად ადასტურებს, რომ არ მომხდარა ბინების ღირებულების კომპანიისთვის სრულად გადახდა, შემოწმებამ კი აღნიშნული თანხები განიხილა საწარმოს მიერ მიღებულად და არასწორად მოახდინა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება. მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა ბინების ინდივიდუალური და ვიზუალური შეფასება, რაც აუცილებელი იყო თითოეული უძრავი ქონების მდგომარეობის, იერსახის, ლოკაციის შიდა მახასიათებლებისა და ინფრასტრუქტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ამასთან, არ არის გაანალიზებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების გაფორმების თარიღები, მიუხედავად იმისა, რომ ბინების მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზებული იყო მშენებლობის ადრეულ ეტაპზე. დამატებით, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების პირობები და მათი გაფორმების პერიოდში სამშენებლო სექტორში არსებული ეკონომიკური და ბაზრის ტენდენციები, რაც პირდაპირ გავლენას ახდენდა საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის ფასებზე. ასევე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსი არ წარმოადგენს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს, კომპანიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინების დაგეგმარება მოხდა არასწორი სამშენებლო პროექტით, რის გამოც ბინების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს არასტანდარტულად დიდი აივნები და შედარებით მცირე საცხოვრებელი ფართები. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ყველა ახსნა-განმარტება ცალსახად ადასტურებს, რომ ბინები იმყოფებოდა შავი კარკასის მდგომარეობაში, ტექნიკური და კონსტრუქციული ნაკლოვანებებით (ცივი ბეტონის იატაკი, დაუფარავი აივნები, წყლის ჟონვა), რომელსაც ემატებოდა პოტენციური მყიდველის მიერ საკუთარი სახსრებით გასაწევი დამატებითი ხარჯები (აბონირება, მოპირკეთება, ჰიდროიზოლაცია), რაც ზოგ შემთხვევაში 15 000–25 000 ლარს აღემატებოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, რამდენიმე პირმა 2021 წელს საწარმოს დირექტორს გადასცა მნიშვნელოვანი ოდენობის სესხები (50 000 ლარიდან 250 000 ლარამდე), რომელთა მიზანი იყო დეველოპერული პროექტის დაფინანსება, ვინაიდან უსახსრობის გამო მშენებლობა არ მიმდინარეობდა, შემდგომ წლებში აღნიშნული სესხები შეიცვალა ბინების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად, ხოლო საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024–2025 წლებში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება დაუკავშირა კორპუსის მთლიან ფართებს, მათ შორის იმ ფართებსაც, რომლებიც შესაბამის პერიოდში უკვე გადაცემული/რეალიზებული იყო მყიდველებზე და აღარ წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. შედეგად, კომპანიის საკუთრებაში დარჩენილი ფართების პროპორციის განსაზღვრა მოხდა არასწორი მონაცემების გამოყენებით, რამაც გამოიწვია მიწაზე ქონების გადასახადის ზედმეტად დარიცხვა.

3. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22645 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 13 აპრილიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28726 ბრძანება და ამავე თარიღის №006–598 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 273 548 ლარი, მათ შორის გადასახადი 727 895 ლარი, ჯარიმა 402 364 ლარი და საურავი 143 289 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „--------“ 2022 წლის აგვისტოში ფიზიკური პირისგან შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (1 200 კვ.მ.) ქალაქ „--------“-ში, „--------“-ის ქუჩის №14-ში, რომელზეც 2022 წლის სექტემბრის თვიდან ეწეოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და ბინების რეალიზაციას. გადამხდელს, ძირითად შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ჰქონდა საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები რეგისტრირებული იყო მხოლოდ რამდენიმე ბინაზე. საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, მყიდველების მიერ ნასყიდობის ღირებულებები სრულად იყო ანაზღაურებული. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ასლი. ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მყიდველების მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონების ღირებულებას. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამა შეიცავდა არსებით ხარვეზებს. კერძოდ, სრულყოფილად არ იყო აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციები, მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ სრულად ანაზღაურებული ბინის ღირებულებები, რაც დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით. საგადასახადო შემოწმების პროცესში შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. შემოწმებამ დამატებით მოიკვლია და შეისწავლა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო შემცირებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო აფიქსირებდა მინიმალურ რენტაბელობას ან გადიოდა ზარალზე. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელის ქცევა (ბინების რეალიზაცია საბაზროზე რამდენიმეჯერ ნაკლებ ფასად) მოკლებული იყო ეკონომიკურ შინაარსს. ამას გარდა, გადამხდელს მყიდველებისგან საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული ჰქონდა 2 411 504 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1 020 600 ლარი, გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა კი შეადგენდა 2 073 515 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი შეადგენდა სულ 28 750 ლარს, საიდანაც დირექტორზე გაცემული ხელფასი შეადგენდა 11 250 ლარს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ ყოფილა.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით, 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე და 164 მუხლებით და შემოწმების მიერ დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი პირველადი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით), საბანკო ამონაწერების, მსგავსი საქმიანობისა და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების ანალიზის საფუძველზე. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე, ავანსად მიღებული თანხების ოდენობა, ამასთან, გარიგებაში (ნასყიდობის ხელშეკრულებებში) გაცხადებული ფასებიდან ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასად განისაზღვრა წლების მიხედვით, 2022 წელს 754 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, 2023 წელს - 792 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, 2024 წელს - 822 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, რაც შესაბამისობაში იყო მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან. შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 4 006 136 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რამაც შეადგინა 1 500 017 ლარი, რაც „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შპს ,,------ -ს “ 2023 წლიდან საკუთრებაში უფიქსირდებოდა მოძრავი ქონება, კერძოდ, ამწე კრანი, რაზეც არ ჰქონდა წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, კომპანიას 2023, 2024, 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ ჰქონდა წარმოდგენილი საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ „--------“) ქონების გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე მუხლებით და შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ასლის ანალიზით დადგინდა, რომ მყიდველების მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონების ღირებულებას. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამა შეიცავდა არსებით ხარვეზებს. კერძოდ, სრულყოფილად არ იყო აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციები, მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ სრულად ანაზღაურებული ბინის ღირებულებები, რაც დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით. შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. შემოწმებამ დამატებით მოიკვლია და შეისწავლა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო აფიქსირებდა მინიმალურ რენტაბელობას ან გადიოდა ზარალზე. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დადგინდა, რომ გადამხდელის ქცევა (ბინების რეალიზაცია საბაზროზე რამდენიმეჯერ ნაკლებ ფასად) მოკლებული იყო ეკონომიკურ შინაარსს. ამას გარდა, გადამხდელს მყიდველებისგან საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული ჰქონდა 2 411 504 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 1 020 600 ლარი, გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა კი შეადგენდა 2 073 515 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი შეადგენდა სულ 28 750 ლარს, საიდანაც დირექტორზე გაცემული ხელფასი შეადგენდა 11 250 ლარს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდი გაცემული არ ყოფილა. შემოწმების მიერ დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი პირველადი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით), საბანკო ამონაწერების, მსგავსი საქმიანობისა და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების ანალიზის საფუძველზე. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე, ავანსად მიღებული თანხების ოდენობა, ამასთან, გარიგებაში (ნასყიდობის ხელშეკრულებებში) გაცხადებული ფასებიდან ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასად განისაზღვრა წლების მიხედვით, 2022 წელს 754 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, 2023 წელს - 792 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, 2024 წელს - 822 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი, რაც შესაბამისობაში იყო მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით.

ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირებისაგან გამოითხოვა შპს ,,------ თან“ გაფორმებული ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. (არარსებობის შემთხვევაში ახსნა-განმარტება, მოხდა თუ არა ფართის ღირებულების დაფარვა სრულად ან ნაწილობრივ, პერიოდების მითითებით). აღნიშნულის ფარგლებში, ფ/პ ,,------"-მ მიაწოდა ინვოისი და ცნობა ბანკიდან კომპანიისათვის გადარიცხული თანხების შესახებ, რომლის თანახმადაც, 2023 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, შავი კარკასის მდგომარეობით უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 214 735 ლარი (1 კვ.მ. ექვივალენტი - 887 აშშ დოლარი). ასევე, ფ/პ ,,------"- მ წარმოადგინა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ იყო რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2022 წლის აგვისტოს თვით დათარიღებული, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების 1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენდა 1 487 ლარს (ექვივალენტი 547 აშშ დოლარი), ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 2024 წლის 1 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით 1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენდა 984 ლარს (ექვივალენტი 360 აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ბინის 1 კვ.მ.-ის ღირებულება არის მაღალი. მაგალითად, ფ/პ ,,------"-სთან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2023 წლის 26 აპრილს, თუმცა ბანკში ფიზიკური პირი თანხებს რიცხავს 2022 წლის დეკემბრიდან. ჩარიცხული თანხებისა და ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების 1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენს 691 აშშ დოლარს. ხოლო ფ/პ ,,------"-ს მიერ 2023 წელს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, 1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენს 850 აშშ დოლარს.

- გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ერთ-ერთ ბინაზე 1 კვ.მ.-ზე გავრცელებულია 1 200 აშშ დოლარი, როცა შემოწმებისვე განმარტებით, 1 კვ.მ.- ის ფასი იყო გაცილებით დაბალი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას ფ/პ ,,------"-სათვის გადაფორმებული ჰქონდა ბინა 2024 წლის 4 ივნისს 50 000 ლარად (1 კვ.მ. ექვივალენტი - 332 აშშ დოლარი), ხოლო ფიზიკურ პირს 2024 წლის 13 ივნისს აღნიშნული ქონება რეალიზებული ჰქონდა სხვა პირზე 65 000 აშშ დოლარად (1 კვ.მ. - 1 205 აშშ დოლარი). შესაბამისად, შემოწმების მიერ ამ უძრავი ქონების ღირებულებად განისაზღვრა 1 კვ.მ. 1 205 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

- შემდგომი არგუმენტი, რომლითაც არ ეთანხმება პირთა ნაწილის მიერ ბინების ღირებულების სრულად გადახდილად მიჩნევას და აცხადებს, რომ ისინი თავად ადასტურებენ ნოტარიულად, რომ არ მომხდარა თანხის სრულად გადახდა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ განმარტებებში ფ/პ ,,------"-ს განცხადებით, შეძენილია 4 ბინა, სულ 320 000 ლარის ღირებულების და კომპანიისათვის ანაზღაურებულია თანხის ნაწილი, 230 000 ლარი. თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულება ანაზღაურებულია სრულად, ქონებაზე ვალდებულება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ხელშეკრულების მონაცემებს და ღირებულება სრულად იქნა მიჩნეული საწარმოს მიერ მიღებულად.

- ასევე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომლის თანახმად 2021 წელს ფიზიკურმა პირებმა კომპანიის დირექტორს ასესხეს თანხები, რომელთა მიზანი იყო დეველოპერული პროექტის დაფინანსება, შემდგომ წლებში კი აღნიშნული სესხები შეიცვალა ბინების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად, ხოლო საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024– 2025 წლებში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არც შემოწმების პროცესში და არც დავების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს 2023, 2024, 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ აქვს წარმოდგენილი საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის დეკლარაციები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც აცხადებს, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას არასწორად არის გამოყენებული პროპორციული განაწილების მეთოდი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრისას გაანგარიშებულია რეალიზებული ფართების პროპორცია და დარჩენილ ნაწილზე განხორციელებულია მიწის გადასახადის დარიცხვა. აღნიშნულს ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ 2023, 2024 და 2025 წლების მიწაზე ქონების გადასახადი წლების შესაბამისად მცირდება და შეადგენს 331, 222 და 91 ლარს.

ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ბინების საბაზრო ფასით რეალიზაციის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3.მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივანმა ფიზიკური პირისგან შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ,რომელზეც 2022 წლის სექტემბრის თვიდან ეწეოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და ბინების რეალიზაციას.

გადამხდელს, ძირითად შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ჰქონდა საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებები, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები რეგისტრირებული იყო მხოლოდ რამდენიმე ბინაზე. საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, მყიდველების მიერ ნასყიდობის ღირებულებები სრულად იყო ანაზღაურებული.

ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მყიდველების მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქონების ღირებულებას. ამასთან,სრულყოფილად არ იყო აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციები, მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ სრულად ანაზღაურებული ბინის ღირებულებები, რაც დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებებით.

საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო შემცირებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმო აფიქსირებდა მინიმალურ რენტაბელობას ან გადიოდა ზარალზე.შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რამაც შეადგინა 1 500 017 ლარი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2. მომჩივანს 2023 წლიდან საკუთრებაში უფიქსირდებოდა მოძრავი ქონება,რაზეც არ ჰქონდა წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, კომპანიას 2023, 2024, 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ ჰქონდა წარმოდგენილი საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის დეკლარაციები.გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,163,164,203,204,275