ბრძანება N 11259

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 11259
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11259

15 მაისი 2024

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.: "-------")

2024 წლის 24 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „-------“-ის “ (ს/ნ „-------“) 2024 წლის 24 აპრილის №89317/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №006-143 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანებას. განმარტავს, რომ გადაანგარიშების შედეგად აქციზური მარკები დაიბეგრა 1 ლიტრი სუფთა სპირტის განაკვეთით - 15 ლარით, მაშინ როდესაც ბრენდის მარკის სასმელის შემთხვევაში დადგენილი განაკვეთი წარმოადგენს 6 ლარს (ბრენდის 40%-იანი სპირტშემცველობიდან გამომდინარე). მიაჩნია, რომ აქციზური მარკები დაბეგრილია იმ პროდუქტისთვის განკუთვნილი განაკვეთით, რომელიც საერთოდ არ ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში. ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას და აქციზური მარკების დაბეგვრას ბრენდის მარკის სასმელისთვის დადგენილი განაკვეთის შესაბამისად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საჩივარზე თანდართული ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 3 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 53 786 ლარით, მათ შორის, გადასახადი 35 857 ლარით და ჯარიმა 17 929 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 აპრილის №№006-143 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5455 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დასაბრუნებელი აქციზური მარკები (4 781 ცალი აქციზური მარკა) დაიბეგრა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული საქონლის (ბრენდი) სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთის 15 ლარის გამოყენებით. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია:

ა) დასაბეგრი ოპერაცია;

ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;

გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ნაწილით გათვალისწინებული ალკოჰოლიანი სასმელები იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:

 სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა) 1 ლიტრი სუფთა სპირტი 22.5 ლარი.

 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი 1 ლიტრი სუფთა სპირტი 15 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით:

6. ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.

7. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენს ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ გადაანგარიშებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაიბეგრა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული საქონლის (ბრენდი) სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი გაანკვეთის 15 ლარის გამოყენებით, რის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, ბრენდის მარკის სასმელის შემთხვევაში აქციზის განაკვეთის, მისი 40%-იანი სპირტშემცველობიდან გამომდინარე, 6 ლარით განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებულია საქონლის სახეობა (ბრენდი) სპირტის პროცენტული შემცველობის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად განხორციელდა სუფთა სპირტის განაკვეთის გამოყენებით აქციზური მარკების დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინვოისზე, რომლის მიხედვით, კომპანიას "-------"-დან უნდა შემოტანა მინი ბოთლებში (0.03 ლიტრი) „------ -ს “ ბრენდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება განხორციელდა მხოლოდ ინვოისში მითითებული საქონლის სახეობის განაკვეთის მიხედვით და არ იქნა გათვალისწინებული საქონლის მოცულობა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ასევე, წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის მოცულობისა და აღნიშნული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ასევე, წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის მოცულობისა და აღნიშნული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას და აქციზური მარკების დაბეგვრას ბრენდის მარკის სასმელისთვის დადგენილი განაკვეთის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაიბეგრა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთის 15 ლარის გამოყენებით. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ასევე, წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის მოცულობისა და აღნიშნული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

183,185,188,191,192.