ბრძანება N 9692

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.05.2023
№ დოკუმენტი 9692
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9692

03.05.2023

ი/მ ---------------ს (ს/ნ -------------------)

(მის.: ----------------------------------)

2023 წლის 9 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ---------------ს (ს/ნ -------------------) №80269/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის ID:--------- გადაწყვეტილებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ სსიპ „-----------“-ს პროგრამის ფარგლებში მიიღო გრანტი, რომლითაც შეიძინა პურის საცხობი დანადგარები. შემდეგ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა გადახდილი დღგ-ის ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე, რაზეც მიიღო უარი. ამბობს, რომ თან დართული ჰქონდა საგრანტო ხელშეკრულება, ხელშეკრულების ბიუჯეტი და შეძენილ დანადგართა ინვოისები. გადამხდელი ითხოვს გადახდილი დღგ-ის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ---------------ს (ს/ნ -------------------) მიერ 2023 წლის 24 თებერვალს გამოგზავნილ იქნა განცხადება სსიპ „------------“-სთან გაფორმებული გრანტის N------ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით. გადამხდელის მიერ განცხადებით ID:------- წარმოდგენილი იყო საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია N------ და ინვოისები.

ი/მ ---------------ს (ს/ნ -------------------) გაეგზავნა საპასუხო განცხადება და ეცნობა, რომ გრანტის N------ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარებოდა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი 27.02.2023 წელს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ამავე წლის 27 თებერვალს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად:

„1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. 11. გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი.

2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.“ ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გრანტად ითვლება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ–ს თანხის ჩათვლის ან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------------ს (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას და ითხოვს გადახდილი დღგ-ის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანის მიერ გამოგზავნილ იქნა განცხადება სსიპ „აწარმოე საქართველოში“-სთან გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით. გადამხდელის მიერ განცხადებით წარმოდგენილი იყო საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია და ინვოისები.

მომჩივანს 27.02.2023 წელს ელექტრონულად (შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge) გაეგზავნა საპასუხო განცხადება და ეცნობა, რომ გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარებოდა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას, რომელსაც გაეცნო ამავე წლის 27 თებერვალს.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 181(2); 302(6);

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-9 მუხლები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილება.