გადაწყვეტილება №20869/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20869/2/2023
15 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20869/2/2023).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №006-357 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 სექტემბრის №21557 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 9 841 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 6 546
ჯარიმა - 3 273
საურავი - 22
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების იჯარით გაცემა. ასევე, უფიქსირდება ხელფასისა და დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლები.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14090 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 13 აპრილიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „გადახდის წყაროსთან დაკავებული და გადახდილი გადასახადის“ ოდენობა (გრაფა №43) არასწორად არის დეკლარირებული. კერძოდ, 2022 წლის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი არასწორად არის შემცირებული 6 546 ლარით, რითაც შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17108 ბრძანება და №006-357 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 9 841 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრის №21557 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №006-357 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 სექტემბრის №21557 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 153-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის თანხა, რომელიც დარიცხული იქნა აუდიტის დეპარტემენტის მიერ, წარმოადგენს ფიზიკური პირის იმ შემოსავალის დაბეგვრას, რომელიც მან მიიღო იჯარებიდან 2022 წლის იანვარში, თებერვალში, მარტის და აპრილის თვეებში და ვინაიდან არ იყო დღგ-ის გადამხდელი, საშემოსავლო გადასახადს უკავებდა და ბიუჯეტში იხდიდა ფართის დამქირავებელი (დაბეგვრის დოკუმენტი თან ერთვის საჩივარს), ხოლო დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ, გადასახადის გადახდა ხდება უშუალოდ ფიზიკური პირის მიერ, მაგრამ ფიზიკური პირის მიერ 2022 წლის წლიურ დეკლარაციაში 2022 წლის იმ თვეების (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სანამ დღგ-ის რეგისტრაციას მოახდენდა) შემოსავალი ასახულია 2022 წლის ერთობლივ შემოსავალში. აღნიშნული ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტება (თანდართულია საჩივარზე) მიაწოდეს აუდიტის დეპარტამენტს, რომ 2022 წლის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში ასახულია 1 236 209 ლარი, რომელიც მოიცავს: 1) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს - 391 483,86 ლარს, დაბეგრილია გაცემის წყაროსთან; 2) დივიდენდი - 627 540,54 ლარი, დაბეგრილია გაცემის წყაროსთან; 3) პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი - 99 284,21 ლარი, დაბეგრილია გაცემის წყაროსთან; 4) ქონების იჯარით მიღებული შემოსავალი - 32 730,2 ლარი (2022 წლის იანვარი - აპრილი), რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან (საჩივარს თან ერთვის, „----------“ RS.GE პორტალიდან აღებული „პირადი შემოსავლების" გვერდი (2022 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) სანამ დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგებოდა და მიღებული იჯარის თანხები იბეგრებოდა გადახდის წყაროსთან); 5) ქონების იჯარით მიღებული შემოსავალი - 52 440.5 ლარი, რომელიც მიღებულია დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში და საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება ეკისრებოდა „----------“ და ასახულია 2022 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ერთობლივ შემოსავალში. სულ ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 236 209 ლარი. მათ შორის შედის ის 32 730,2 ლარი, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან, ხოლო 2022 წლის წლიურ დეკლარაციაში იჯარით მიღებული შემოსავალი, რომელიც დაბეგრილია გაცემის წყაროსთან, არ არის მითითებული რომელ გრაფაში აისახოს. როდესაც დეკლარაციის შევსება ხდებოდა, კონსულტაციები გაიარეს შემოსავლების სამსახურის „ცხელ ხაზზე“ და მათი კონსულტაციის შედეგად მოხდა სწორედ დეკლარაციის „გრაფა №43“-ში დაკავებული 6 545.04 ლარის ასახვა. 2022 წლის დეკლარაციაში იჯარით მიღებული შემოსავალი, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან, ასახულია ერთობლივ შემოსავალში, ვინაიდან აღნიშნული თანხა დაბეგრილია გაცემის წყაროსთან, ასახული იქნა დეკლარაციის „გრაფა №43“-ში, სადაც აისახებოდა ასეთი სახით მიღებული შემოსავლიდან დაკავებული გადასახადი. თუ ასეთი სახით არ მოხდებოდა დეკლარაციის შევსება, მოხდება ერთიდაიგივე თანხის ორჯერ დაბეგვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება. მომჩივანი უძრავ ქონებებს იჯარით გასცემს შპს „----------“ (ს/ნ ----------), სს „----------“ (ს/ნ ----------), შპს „----------“ (ს/ნ ----------), შპს „----------“ (ს/ნ ----------). შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზები, რითაც დადგინდა, რომ „----------“ ---------- ფლობს რამდენიმე კომერციულ ფართს, რომლებზეც რეგისტრირებულია იჯარის ხელშეკრულებები ზემოთ დასახელებული მოიჯარეების სახელზე. მომჩივანს აგრეთვე ერიცხება ხელფასი, დივიდენდი და პროცენტი მის მიერ დაფუძნებული კომპანიებისგან (შპს „----------“ (ს/ნ ----------), შპს „----------“ (ს/ნ ----------)). „----------“ 13.04.2022 წლიდან არის დღგ-ის გადამხდელი. აღნიშნული პერიოდიდან იჯარით მიღებულ შემოსავალს საშემოსავლო გადასახადით თავად ბეგრავს (ასახავს წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე - 1.01.2022-1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში „----------“ იჯარით მიღებული შემოსავლები კავდებოდა გადახდის წყაროსთან. ამ ტიპის წყაროსთან დაბეგრილმა შემოსავალმა შედგინა 32 730 ლარი. ერთობლივ შემოსავალში გადასახადის გადამხდელმა სრულად შეიტანა ხელფასის, დივიდენდის, პროცენტისა და ქონების იჯარით მიღებული შემოსავლები. ამასთან, ვინაიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი წყაროსთან იყო დაკავებული, გადასახადის გადამხდელმა წყაროსთან დაკავებული ხელფასის, დივიდენდისა და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები (1 118 308 ლარი) დეკლარაციის 35-ე გრაფაში (საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები) შეიტანა და ამით შეამცირა ერთობლივი შემოსავლის ნაწილი. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების ინსტრუქციის (გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, მუხლი 33) თანახმად, დეკლარაციის 35-ე გრაფაში შეიტანება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. ამასთან, აღნიშნულ გრაფაში არ შეიტანება შემოსავალი, რომელიც მიღებულია არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს იჯარით მიღებულ წყაროსთან დაკავებულმა შემოსავალმა შეადგინა 32 730 ლარი. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული შემოსავლის 20% (32 730 * 0,2 = 6546,04) შეიტანა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 42-ე გრაფაში და მოითხოვა მოცემული თანხის ჩათვლა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის დანართი „ბ“-ს (არასამეწარმეო/არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების/სარგებლის და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების შესახებ) ნაწილში შეიტანება ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები, მათ შორის გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის გრაფა 42-ეს ნაცვლად, რომელიც ეხება ჩათვლის მიღებას, წყაროსთან დაკავებული იჯარით მიღებული შემოსავლები უნდა აესახა დანართი „ბ“-ს ნაწილში, ხოლო აღნიშნული ნაწილის მე-7 გრაფაში დეკლარაცია ავტომატურად გამოთვლიდა დასაბეგრ შემოსავალს (ერთობლივ შემოსავალს გამოაკლებდა წყაროსთან დაკავებულ იჯარით მიღებულ თანხას). ამრიგად, 2022 წლის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი არასწორად არის შემცირებული 6 546 ლარით, რითაც შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, 2022 წლის აპრილში „----------“ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით უფიქსირდება 122 120 ლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა. გადასახადის გადამხდელმა გამოიყენა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების სრული გამოქვითვის უფლება. ამრიგად, 2022 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით არ დაერიცხა გადასახადი.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 სექტემბრის №21557 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №006-357 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 1 სექტემბრის №21557 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადამხდელის საჩივარი.
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 13 აპრილიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „გადახდის წყაროსთან დაკავებული და გადახდილი გადასახადის“ ოდენობა (გრაფა №43) არასწორად არის დეკლარირებული. კერძოდ, 2022 წლის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი არასწორად არის შემცირებული 6 546 ლარით, რითაც შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 153(1„ა“); 154(1); 275