ბრძანება N 3997
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3997
02.03.2023
შპს „------------“ (ს/ნ ------------)
(მის.: ქ. ----------------------------)
2023 წლის 24 და 25 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის (ოქმი №15) სხდომაზე განიხილა შპს ------------ (ს/ნ -----------) №CA0041228779747/05 და №CA00412300949840 საჩივრები, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ნოემბრის №21-17/107949 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა -------- საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინების (საქმეზე №2/2458-22) აღსრულება, რათა მომხდარიყო, ყველანაირი შეზღუდვების მოხსნა და შეზღუდვების მოხსნის შესახებ ინფორმაციის შესაბამის უწყებებში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაგზავნა.
2022 წლის 25 ნოემბერს, №-------2/01 წერილის საპასუხოდ, მიიღო შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის პასუხი №21-17/-------, რასაც არ და ვერ დაეთანხმება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პასუხი არც ერთ კონტექსტში არ ეხება დასმულ კითხვას და პირიქით, სულ სხვა საკითხზე ავითარებს მსჯელობას.
შპს ------------მა ვალის მართვის დეპარტამენტს კვლავ მიმართა დასმულ კითხვაზე პასუხის მიღებისა და წინა პასუხის განმარტების მიზნით, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიუღია და გადაწყვიტა წინა პასუხის გასაჩივრება.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ №-------/01-ის განცხადების შინაარსი ეხებოდა ------ის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებას (საქმეზე №-------), რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით განმარტებულია, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება. ასევე, ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა) ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება. ასევე არ დაიშვება ახალი საპროცესო ღონისძიებების გამოყენება.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტიდან მიიღეს პასუხი №21-17/-------, რომელშიც ცალსახად იკვეთება შემდეგი შინაარსის სიტყვები: „შპს ,,-----------’’ კვლავ ერიცხება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი, აღიარებული დავალიანება, რომელიც 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 2420 ლარს.’’ რეალურად მათი მოთხოვნა ემყარებოდა და მიემართებოდა ძველ ყადაღებზე და მოცემულზე ვალის მართვის დეპარტამენტის პასუხი გაუგებარია, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული განჩნების საფუძვლად ვალდებული იყო სასამართლოს მითითებები შეესრულებინა, რომელიც ატარებს იმპერატიულ ხასიათს.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ------- (ს/ნ ---------) ქონებაზე 2013 წლის 28 ნოემბრის №007-28557, 2015 წლის 12 ოქტომბრის №007-27997 და 2015 წლის 11 დეკემბრის №007-34386 შეტყობინებების საფუძველზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოცემულია 2016 წლის 28 ივლისის №011-1454 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, ხოლო 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 29 ივლისის №011-2016-152831 ბრძანებით შპს ---------ს (ს/ნ ----------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალებები.
შპს -------- (ს/ნ ---------) №170342/01 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს და ითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, შპს -------- (ს/ნ ---------) ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება.
შპს -------- (ს/ნ ---------) 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2420 ლარის ოდენობით.
ვინაიდან შპს -------- (ს/ნ ---------) ერიცხებოდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ნოემბრის №21-17/-------- წერილით უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე, ასევე, განემარტა ღონისძიებების გაუქმების საფუძვლები.
ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს -------- (ს/ნ ---------) 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარებით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 568505.87 ლარი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ბარათზე რიცხული დავალიანება 87952.24 ლარი, რაც განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების (სასამართლოს 05.08.2022 წლის N----- განჩინება) საფუძველზე გადატანილი იქნა საურავის არდარიცხვის რეჟიმში და ასახულია შედარების აქტის გადავადებული აღიარებული ვალდებულებების გრაფაში. ასევე, დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენდა 15248.83 ლარს.
აღნიშნული პერიოდის შემდეგ შპს ---------- (ს/ნ -----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მიმდინარე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებით დარიცხულია 2562 ლარი, 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 2022 წლის მიწაზე ქონების გადასახადი 912 ლარი. ასევე, 2022 წლის მეორე ნახევრის გაანგარიშებით დარიცხულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 7380 ლარის ოდენობით. ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 1195 ლარს. ამდენად, შპს ---------- (ს/ნ -----------) მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების და გადახდილი თანხების გათვალისწინებით, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 2279 ლარი, საურავი 130.29 ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე: მოსაკრებელი 7380 ლარი, საურავი 118.08 ლარი; დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 15901.09 ლარს (მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 13155.88 ლარი), ხოლო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განჩინების საფუძველზე გადავადებული აღიარებული ვალდებულებები შეადგენს 656458.11 ლარს (მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 87952.24 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოს მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოს მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით. 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით არსებული დავალიანება წარმოშობილია 2022 წლის 5 აგვისტოს შემდეგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------------- (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების აღსრულება, რათა მომხდარიყო, ყველანაირი შეზღუდვების მოხსნა და შეზღუდვების მოხსნის შესახებ ინფორმაციის შესაბამის უწყებებში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაგზავნა.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ქონებაზე შეტყობინებების საფუძველზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ასევე, გამოცემულია „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალებები. გადამხდელს ვინაიდან ერიცხებოდა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე, ასევე, განემარტა ღონისძიებების გაუქმების საფუძვლები
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საწარმოს მიმართ გამოიყენება მხოლოდ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით. 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით არსებული დავალიანება წარმოშობილია 2022 წლის 5 აგვისტოს შემდეგ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238 ; 239; 241; 243; 265;