ბრძანება N 11150
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11150
14 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---ის (პ/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 15 აპრილის საჩივრის ნაწილობრივ
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ფ/პ ----ის (პ/ნ ---) №89101/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მარტის №024-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადის გაანგარიშებას და ითხოვს 2023 წლის ქონების გადასახადის განაკვეთის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2768 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022, 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 13 მარტის №5465 ბრძანება და ამავე თარიღის №024-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 22 905 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 945 ლარი, ჯარიმა 7 122 ლარი, საურავი 1 838 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმების მიერ გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის 2020 წლის შემოსავლებმა გადააჭარბა 40 000 ლარს, 2021 წლის დეკლარირებული შემოსავლები 40 000 ლარამდე ნიშნულზეა, ხოლო 2022 წლის შემოსავლებმა გადააჭარბა 100 000 ლარს. გადასახადის გადამხდელმა სათანადოდ არ დაბეგრა მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება 2021 და 2023 წლების საანგარიშო წლებში. საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მის საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხა და ახსნა-განმარტება. ინფორმაცია საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით შეუდარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზებს. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონებების საბაზრო ღირებულება შეესაბამება მის მიერ წარმოდგენილ შეფასებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დადგენილებების საფუძველზე, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამის საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის 2022 წლის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ შპს „----გან“ (ს/ნ ----) მიღებული დივიდენდი, რომელიც შეადგენს 70 000 ლარს, რაც დადასტურებულია 2023 წლის 25 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმით. მომჩივანი მიუთითებს, რომ შპს „---ის“ დეკლარაციაში არასწორად იყო განაწილებული დივიდენდების რაოდენობა, რაც გამოწვეული იყო შეცდომით, რადგან მეორე პარტნიორის დივიდენდიც დეკლარირებული იყო ----ზე, რამაც გამოიწვია 100 000 ლარიან ზღვარზე გადაჭარბება.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების დანიშვნის შემდეგ მათ გადაამოწმეს შპს „---ს“ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და დააზუსტეს ის, რომლითაც დარიცხული დივიდენდის თანხა გასწორდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს 2023 წლის ქონების გადასახადზე 100 000 ლარამდე შემოსავალზე დადგენილი განაკვეთის გავრცელებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის ნაწილში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს ქონების გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადის გაანგარიშებას და ითხოვს 2023 წლის ქონების გადასახადის განაკვეთის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 13 მარტის №5465 ბრძანება და ამავე თარიღის №024-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 22 905 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 945 ლარი, ჯარიმა 7 122 ლარი, საურავი 1 838 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 205.