გადაწყვეტილება №20161/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20161/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20161/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის №094-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14638 ბრძანება.
დარიცხული თანხა: (-487 839) ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - (-487 939)
დღგ - 5 479
საშემოსავლო გადასახადი - (-78 017)
ქონების გადასახადი - (-415 401)
ჯარიმა - 100
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლის საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება სხვადასხვა სახის ძირითადი საშუალებები, კერძოდ, შენობა-ნაგებობები, სატელეკომუნიკაციო და საოფისე მოწყობილობები, ავეჯი, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა. გადამხდელი აქტივებს განიხილავს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზად ელექტრონულ სააღრიცხვო სისტემაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში საწარმოს მიერ წარდგენილ იქნა ფინანსური ანგარიშგება და აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან. აღნიშნული დასკვნა აგრეთვე წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ელექტრონულ ვებ-გვერდზე. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებები, შედეგად დაკორექტირდა ქონების გადასახადი.
2. დეტალურად იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლაზე წარდგენილი (მათ შორის, კორექტირების, ავანსის) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარკვეული სხვაობები შემოწმებულ და დეკლარირებულ თანხებს შორის. რიგ შემთხვევაში ჩათვლებში უფიქსირდება წარმომადგენლობით ხარჯებზე გადახდილი დღგ-ის თანხები. საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დასარიცხი/შესამცირებელი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოვლენილა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2020 წლის №39852 ბრძანება და №094-225 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა ქონების გადასახადის ნაწილში 121 838 ლარით, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 აპრილის №9037 ბრძანება და №094-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14638 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 366 101 ლარით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დამატებით შემცირდა 121 838 ლარით, ქონების გადასახადის ნაწილში. ხოლო სადავო საკითხთან (დეკლარირებული თანხის შემცირება) მიმართებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რადგან საჩივარში წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები უგულებელყოფილია და უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი შეფასების და კონტრ-არგუმენტის გარეშე. გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო საკითხების გარემოებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა №441/21 განმარტებითი ბარათი, სადაც განმარტა, რომ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სრულად და დეტალურად იყო წარდგენილი ინფორმაცია დღგ-ის და მოგების გადასახადით დასაბეგრი ყველა ოპერაციის შესახებ. ამასთან დამატებით წარადგინა ცხრილი, სადაც გამოანგარიშებული იყო ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის და მოგების გადასახადის თანხები თითოეულ საანგარიშო პერიოდის მიხედვით, რომელიც ექვემდებარებოდა შემცირებას. კერძოდ, კომპანიის მიერ ზედმეტად დეკლარირებული თანხები გამოიყურება შემდეგნაირად: ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის/მოგების გადასახადი 2017 წლის საანგარიშო პერიოდი: იანვარი - 19 280/22 304 ლარი, თებერვალი -15 880/18 371 ლარი, მარტი - 24 450/28 285 ლარი, აპრილი 44 180/51 110 ლარი, მაისი - 28 990/33 537 ლარი, ივნისი - 57 000/65 941 ლარი, ივლისი - 72 320/83 664 ლარი, აგვისტო -64 210/74 282 ლარი, სექტემბერი - 96 170/111 255 ლარი, ოქტომბერი - 74 160/85 793 ლარი, ნოემბერი - 77 470/89 622 ლარი, დეკემბერი - 98 300/113 720 ლარი, სულ თანხა - 672 410/777 886 ლარი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი აქვს ბუღალტრული გატარებები, ბილინგის დეტალური რეპორტები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები და მისი სისწორის დამადასტურებელი ინვოისები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის წარმომადგენლებსა და აუდიტორებს შორის ინფორმაციის მოთხოვნა და გაგზავნა ხდებოდა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, რომელიც ადასტურებს რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილია სრულყოფილად და ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, რომ კომპანიას არ მიეწოდებინა, რომელიმე ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. კომპანიის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში დეტალურად იყო გამოანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა, სადაც თვალნათლივ დასტურდებოდა ზედმეტად დარიცხული და გადახდილი გადასახადების ფაქტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი არგუმენტირებული პოზიციის გარეშე უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირებაზე. საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის შედგენამდე, აუდიტის დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, მათ კომპანიის მხრიდან კიდევ ერთხელ განემარტათ სადავო საკითხის არსი, მათ შორის კომპანიის მიერ შემოწმებულ პერიოდში გამოყენებული სტრატეგია საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებასთან დაკავშირებით. ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკამ და თავისებურებებმა აჩვენა, კომპანიის მხრიდან გარკვეული წინდახედულობის გამოჩენის საჭიროება იყო, იმ მიზეზით, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ინფორმაციის დაგვიანებით მიღებას და ბუღალტრულად აღრიცხული მონაცემების შემდგომ კორექტირებებს. იმისთვის, რომ კომპანიას თავიდან აერიდებინა დეკლარაციების რამდენჯერმე დაზუსტება და ასევე დაეზღვია გაუთვალისწინებელი საგადასახადო რისკები, კომპანია ახდენდა დღგ-ის და მოგების გადასახადის ზედმეტად დეკლარირებას. გადასახადების ზედმეტად დეკლარირების პოლიტიკა კომპანიისათვის ახალი არ იყო, ვინაიდან 2017 წლამდეც ასევე ხდებოდა დეკლარირება, რაც დასტურდება 2015-2016 წლის პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით, სადაც იგივე საფუძვლით განხორციელდა ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების შემცირება.
კომპანიის მიერ მოგების გადასახადის ზედმეტად დეკლარირების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა კონტროლირებად ოპერაციებზე სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეპორტების დაგვიანებით მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ვერ ახდენდა წინასწარ განესაზღვრა საჭირო იქნებოდა თუ არა საბაზრო ფასთან მიმართებით კორექტირება, ამიტომ გარკვეული თანხის ზედმეტად დეკლარირებას ახდენდა ყოველთვე. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნის მომზადებამდე 2023 წლის 13 თებერვალს მსხვილ გადამხდელთა კონტროლის სამმართველომ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი და განთავისუფლებული ოპერაციების შესახებ, რათა კიდევ ერთხელ დაენახათ კომპანიის მიერ გადასახადების გამოანგარიშების და დეკლარირების სისწორე. კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შემოწმებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სადაც დაუზუსტებელ მონაცემებთან დაკავშირებით ზედმეტად დარიცხული გადასახადის თანხამ შეადგინა 60 000 ლარი, რაც წარმოადგენდა ამავე დეკლარაციაში გადასახდელი დღგ-ის თანხის დაახლოებით 3 პროცენტს. აღნიშნულ პერიოდზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიის მიერ სრულად იქნა მიწოდებული საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტმა არ შეამცირა ზედმეტად დეკლარირებული თანხები და შემოწმების მონაცემები დატოვა უცვლელი, იმ არგუმენტით, რომ კომპანიის მიერ საგადასახადო შემოწმების დროს მოწოდებული ინფორმაციისაგან/დოკუმენტაციისაგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. ზოგადად, საგადასახადო კოდექსის დადგენილი ნორმების მიხედვით საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ასევე ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები და დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. თავის მხრივ, გადასახადის გადამხდელის უფლებას წარმოადგენს, რომ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს ვალდებულება ჰქონდა შემოწმების ჩატარების პროცესში სწორად განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულები და ზედმეტად დეკლარირებული მონაცემების არსებობის შემთხვევაში შეემცირებინა საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება და ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის და მოგების გადასახადების შემცირებაზე. კომპანია ასევე მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული დასკვნის მომზადებისას დარღვეულია კომპანიის უფლებები. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე დგება საგადასახადო შემოწმების აქტი კანონით დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს გადასახადის დარიცხვის ერთ-ერთ საფუძველს, სადაც მითითებული უნდა იყოს მათ შორის შემდეგი ინფორმაცია: ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას; ბ) საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შემოწმებისას ვალდებულება ჰქონდა შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება, რომ სწორად განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაში დარღვეულია, როგორც საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ნორმები, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები. აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ასევე გამოცემულ დასკვნაში მიეთითებინა ყველა ის საკანონმდებლო აქტის ნორმა, რომლის საფუძველზეც არ მოხდინა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის პოზიცია ზედმეტად დეკლარირებულ გადასახადებთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და როგორც საგადასახადო შემოწმებისას ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნის მომზადებისას დარღვეულია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
ითხოვს გაუქმდეს ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში, ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების შემცირებას სულ 1,450,296 ლარის ოდენობით. მათ შორის დღგ-ში - 672,410 ლარი და მოგების გადასახადში - 777,886 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ:
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულის შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა ქონების გადასახადი 121 838 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 206- ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
2. საგადასახადო შემოწმების დროს გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შემოწმების ჩატარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული ჩანაწერები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სხვ. შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისას მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები დარჩა უცვლელი.
ლელი. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა განმარტებითი №441/21 ბარათი, სადაც განმარტა, რომ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სრულად და დეტალურად იყო წარდგენილი ინფორმაცია დღგ-ის და მოგების გადასახადით დასაბეგრი ყველა ოპერაციის შესახებ. ამასთან დამატებით წარადგინა ცხრილი, სადაც გამოანგარიშებული იყო ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ის და მოგების გადასახადის თანხები თითოეულ საანგარიშო პერიოდის მიხედვით, რომელიც ექვემდებარებოდა შემცირებას. წარდგენილი აქვს ბუღალტრული გატარებები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები და მისი სისწორის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის წარმომადგენლებსა და აუდიტორებს შორის ინფორმაციის მოთხოვნა და გაგზავნა ხდებოდა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, რომელიც ადასტურებს რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილია სრულყოფილად და ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, რომ კომპანიას არ მიეწოდებინა, რომელიმე ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. წარდგენილ ინფორმაციაში დეტალურად იყო გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა, სადაც თვალნათლივ დასტურდებოდა ზედმეტად დარიცხული და გადახდილი გადასახადების ფაქტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი არგუმენტირებული პოზიციის გარეშე უგულებელყო კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირებაზე. მთელი რიგი გარემოებების გამო კომპანია ახდენდა დღგ-ის და მოგების გადასახადის ზედმეტად დეკლარირებას, მანამდეც ასე მუშაობდა და აქამდე პრობლემა არ ჰქონია, ამჟამად, შეცვალა მიდგომა, ვინაიდან დაიწყო აღნიშნული პრობლემები. აუდიტის დეპარტამენტს ვალდებულება ჰქონდა შემოწმების ჩატარების პროცესში სწორად განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულები და ზედმეტად დეკლარირებული მონაცემების არსებობის შემთხვევაში შეემცირებინა საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან საჩივარში დასახელებული სამართლებრივი არგუმენტები უგულებელყოფილია და უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი შეფასების და კონტრარგუმენტების გარეშე. შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხების გარემოებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ შემოწმება დაინიშნა 2019 წელს, გარკვეული გარემოებების გამო შემოწმების 2 ჯგუფი შეიცვალა, საბოლოოდ შემოწმების ჩამტარებელ ჯგუფს შემოწმების ჩატარებისათვის შემოწმების ვადა დარჩა 2 კვირა, შემოწმების შედეგად გადაწყდა ამ ნაწილში დარჩენილიყო დეკლარირებული მონაცემები.
ამრიგად, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ დავობს სადავო პერიოდზე (2017 წლის საანგარიშო პერიოდი) ქონების გადასახადის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაანგარიშების შედეგად დადგენილ გარემოებებს, სადავოდ ხდის ზედმეტად დეკლარირებული დღგის და მოგების გადასახადის თანხების განსაზღვრასთან დაკავშირებით 31.03.2023 წლის დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებებს, განმარტავს, რომ დასკვნა დაუსაბუთებელია, არ არის მითითებული დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებაზე უარის და შემოწმებით განსაზღვრული მონაცემების უცვლელად დატოვების საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, დამატებით საფუძვლიანად შესწავლა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების, დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის/გაანალიზების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14638 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლის საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში,შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №12249 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა ქონების გადასახადის ნაწილში, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14638 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 173; 174