ბრძანება N 15280

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15280
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15280

29 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 1 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №81428/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №------ ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, 2023 წლის 7 თებერვლის №------- ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვრის №------- გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიის ყოფილმა დირექტორმა პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, საგადასახადო ორგანოში წარადგინა დაზუსტებული დეკლარაციები 2019-2022 წლებზე, რომლის საფუძველზეც კომპანიას წარმოეშვა დაახლოებით 50 მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება. აღნიშნული დეკლარირების განხორციელების შემდეგ, დირექტორმა განცხადება წარადგინა სამეწარმეო რეესტრში და ნებაყოფლობით დატოვა პოზიცია. აღნიშნულის შედეგად კომპანია სრულიად პარალიზდა. ახალი დირექტორი რეესტრში დარეგისტრირდა 2023 წლის 12 იანვარს, რადგან პარტნიორებმა 2023 წელს გაიგეს აღნიშნულის შესახებ. ბუღალტრული დოკუმენტაციის გადახედვისა და გაანალიზების შედეგად, კომპანიამ დაადგინა, რომ ყოფილი დირექტორის მიერ დადეკლარირებული ოდენობები სრულიად აცდენაში იყო ფაქტობრივ მაჩვენებლებთან. ამდენად, კომპანიამ კიდევ ერთხელ დააზუსტა 2019-2022 წლების წარდგენილი დეკლარაციები 2023 წლის 15 იანვარს.

ვინაიდან 2019 წლის დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენის საშუალება გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალის მეშვეობით არ იყო შესაძლებელი, იგი მატერიალური ფორმით წარედგინა შემოსავლების სამსახურს და მოთხოვნილ იქნა 2019 წლის დაზუსტებული დეკლარაციების მიღება და ბარათზე ასახვა. შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 18 იანვრის №------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საგადასახადო ორგანო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, 2019 წელი წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და მომსახურების დეპარტამენტი ამ პერიოდის დეკლარაციებს პირადი აღრიცხვის ბარათზე ვერ ასახავდა.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონდებლობაში არსადაა მითითებული გადამხდელის მიერ დეკლარაციების დაზუსტების კონკრეტული ხანდაზმულობის ვადა. როცა კანონმდებლის სურვილია გადამხდელი გარკვეული ვადით შეზრუდოს, იგი აღნიშნულს პირდაპირ ასახავს საკანონდებლო ნორმის სახით, რაც დეკლარაციების დაზუსტების ვადასთან მიმართებით განსაზღვრული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო დეკლარაციები დაეზუსტებინა ნებისმიერ დროს და მომსახურების დეპარტამენტის უარი არის დაუსაბუთებელი, კანონსაწინააღმდეგო და დარღვეულია აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.

აღნიშნული უარიდან მალევე, 2023 წლის 31 იანვარს ვალის მართვის დეპარტამეტმა გამოსცა №------- ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის შესახებ, ხოლო 7 თებერვალს გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №------- ბრძანება, თუმცა აშკარაა, რომ არათუ აღიარებული, არამედ ზოგადად საგადასახადო დავალიანებაც კი არაა სახეზე. ამდენად არ არსებობს ინკასოს და ყადაღის ბრძანებების გამოყენების საფუძვლები. გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4, მე-5, მე-8 , 238-ე და 243-ე მუხლებზე და ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობასა და 2023 წლის იანვრის წერილზე თანდართული 2019 წლის მატერიალური დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2022 წლის 20 დეკემბერს გადამხდელის მიერ წარდგენილია 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრის ჩათვლით ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები“ და ,,უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ს თანხის გაანგარიშებები“.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტში შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 17 იანვრის №------- წერილით წარმოდგენილი იქნა 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრის ჩათვლით ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები“ და ,,უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ს თანხის გაანგარიშებები“ დაზუსტებული ნულოვანი დარიცხვით. ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, 2019 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, შესაბამისად აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო დეკლარაციის ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე არ განხორციელდა. აღნიშნულის თაობაზე გადამხდელს ეცნობა 2023 წლის 18 იანვრის №------- გადაწყვეტილებით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 4097122.39 ლარი, ჯარიმა 200 ლარი, საურავი 2511560.58 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 458106.32 ლარი.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №------- ბრძანება შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს ჩამოწერილ იქნა 482835.72 ლარი. ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 31 იანვარს.

ვინაიდან 2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა 2023 წლის 7 თებერვლის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №------- ბრძანება. ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 10 თებერვალს.

ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №------- ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, 2023 წლის 7 თებერვლის №------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვრის №------- გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 20 თებერვალს გაასაჩივრა თბილისი საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2023 წლის 20 მარტის განჩინებით უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის გამოყენებული ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად გასაჩივრების უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 31 მაისის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 4095622.39 ლარი, ჯარიმა 16311.88 ლარი, საურავი 2512398.44 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 444494.44 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვრის №------- გადაწყვეტილების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №------- და 2023 წლის 7 თებერვლის №------- ბრძანებების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 7 თებერვლის №------- ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2023 წლის 31 იანვრის №------- ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 იანვრის N------- წერილზე თანდართული მატერიალური ფორმით წარდგენილი 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრის თვის ჩათვლით ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები“ და ,,უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგს თანხის გაანგარიშებები“.

3. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის შესახებ, ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2022 წლის 20 დეკემბერს გადამხდელის მიერ წარდგენილია 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრის ჩათვლით ,,გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები“ და ,,უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ს თანხის გაანგარიშებები“. აღნიშნული დეკლარაციები 2023 წლის 17 იანვრის წერილით წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული ნულოვანი დარიცხვით.

ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, 2019 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, შესაბამისად აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო დეკლარაციის ასახვა პირადი აღრიცხვის ბარათზე არ განხორციელდა. აღნიშნულის თაობაზე გადამხდელს ეცნობა 2023 წლის 18 იანვრს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ორგანიზაციას ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის თაობაზე დასაქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 იანვარს მატერიალური ფორმით წარდგენილი დეკლარაციები და გაანგარიშებები.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4; 61(1); 238; 241; 243