ბრძანება N 19243

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.08.2024
№ დოკუმენტი 19243
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19243

23 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2024 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 8 აგვისტოს №91326/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №006-371 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინასწარ ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს დარიცხული თანხის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8900 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 ივლისის №16754 ბრძანება და ამავე თარიღის №006-371 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 938 ლარი, მათ შორის, გადასახადი 90 064 ლარი, ჯარიმა 58 797 ლარი, საურავი 9 077 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხორბლის, სიმინდის და სხვა მარცვლეულის შემოტანა რუსეთიდან და შემდგონი საბითუმო რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, რაც შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა შესაბამის ვადაში. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღიცხვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადამხდელს 2023 წლის მარტის თვეში რუსული საწარმოსთვის, „---“-სთვის წინასწარ, ავანსის სახით გადახდილი აქვს 682 206 ლარი ნაღდი ფულის სახით, თუმცა იმავე წლის აპრილის თვეში შემოტანილი აქვს მხოლოდ 373 055 ლარის ღირებულების პროდუქცია, დარჩენილი თანხა 309 150.87 ლარი საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება როგორც წინასწარ გადახდილი ავანსის ნაშთი, აგრეთვე, აღნიშნულ საწარმოსთან შპს „---ს“ არ ჰქონია ურთიერთობა 2023 წლის ივლისის თვის შემდგომ. მეორე რუსული საწარმო - „----“ -სთვის გადასახადის გადამხდელს აგრეთვე უფიქსირდება წინასწარ გადახდილი ავანსი 2023 წლის ბოლოს 1 611 593 ლარი ნაღდი ფულის სახით, ამასთან, იმავე პერიოდში, 2023 წლის დეკემბრის თვეში, მიღებული აქვს 1 365 813 ლარის პროდუქცია, დარჩენილი თანხა - 245 780 ლარი უფიქსირდება როგორც წინასწარ გადახდილი ავანსის ნაშთი. აღნიშნულ საწარმოსთან გადამხდელი ურთიერთობდა, თუმცა აღნიშნული წინასწარ გადახდილი ავანსის თანხა მოყვება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე და აღნიშნული წინასწარ გადახდილი ავანსის თანხის შესაბამისი საქონელი დღემდე არ არის მოწოდებული.

ზემოთაღნიშნულ ორივე საწარმოსთან გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ურთიერთშედარების აქტები, ორივე მხარის მიერ ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული, სადაც აღნიშნულია რომ საწარმოს ნამდვილად აქვს წინასწარ გადახდილი ავანსი ნაღდი ფულის სახით. ამასთან, რაიმე სახის ხელშეკრულება, წინასწარ გადასახდელი ავანსისა და შემდგომ მოსაწოდებელი საქონლის შესახებ გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 98² მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია განხილულია კომპანიის მიერ არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, წინასწარ ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენდტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა არასაფუძვლიანია და არ შეესაბამება რეალობას, რადგან კომპანიებიდან ივლისის და აგვისტოს თვეში განხორციელდა პროდუქციის შემოტანა და ავანსის ჩახურვა.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთი პროდუქციის შემოტანა ხორციელდება სეზონურად, მოთხოვნების შესაბამისად. მისივე განმარტებით, საჩივარს თან ურთავს იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო დეკლარაციებს შემოწმების აქტში მითითებული კომპანიებიდან. ასევე, აღნიშნული იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციის დოკუმენტებს და შემმოწმების პროცესში წარდგენილ შედარების ავანსის აქტებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინასწარ ავანსის სახით გადახდილი თანხის არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს დარიცხული თანხის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ურთიერთშედარების აქტები, ორივე მხარის მიერ ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული, სადაც აღნიშნულია რომ საწარმოს ნამდვილად აქვს წინასწარ გადახდილი ავანსი ნაღდი ფულის სახით. ამასთან, რაიმე სახის ხელშეკრულება, წინასწარ გადასახდელი ავანსისა და შემდგომ მოსაწოდებელი საქონლის შესახებ გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 98² მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია განხილულია კომპანიის მიერ არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73 (4,9); 982.