გადაწყვეტილება №20845/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.10.2023
№ დოკუმენტი 20845/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20845/2/2023

04 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 15.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20845/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა;

2. განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №007-158 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 161 237 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 100 235

დღგ - 2 883

საშემოსავლო გადასახადი - 97 352

ჯარიმა - 50 118

საურავი - 10 884

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №14772 ბრძანება და №007-158 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 161 237 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა

ფაქტების აღწერა

კომპანიას დოკუმენტურად სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს საქონელი. ასევე, რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, არ წარუდგენია საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების მიერ მიწოდებულ მასალებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებულ დოკუმენტებს (საბანკო ამონაწერები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის (ჯართი) ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 8 916 ლარს. ვინაიდან ვერ მოხერხდა აღნიშნული საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება, 8 916 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 172-ე, მე-100, 101-ე, მე-12, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ ჯართი. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და ვინაიდან საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით

ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 7 581 165 ლარი, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა ხარჯებმა კი - 7 191 757 ლარი (მათ შორის, საკომისიო ხარჯებმა). ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტება, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაცია არ წარუდგენია, განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, ვინაიდან გადამხდელი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს, აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება და ამასთან, საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, საქონლის ნაშთის რეალიზებულად განხილვა და დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრა მართლზომიერია. აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის - 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირზე მიწოდებად განხილვას და აღნიშნავს, რომ უპირველესად, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ არ არის შესწავლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის საკითხი და შესაბამისად, არამართლზომიერია საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ისე რომ არ იქნეს შესწავლილი/გამოკვლეული ფაქტი.

შემოწმებით განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე.წ. არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და მის წინაპირობებს განსაზღვრას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

პირველ რიგში, გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. ამასთან, შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მითითება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და შესაბამისად მისი გამოყენების საფუძვლებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-421(2კ-20) გადაწყვეტილებით განმარტებულია საგადასახადო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახდო ორგანო ვალდებული იყო საგადასახდო ვალდებულების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ხსენებული ნორმით (სსკ-ის 73-ე მუხლი) საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. იმ პირობებში კი, როდესაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთადერთ საფუძვლად უთითებს მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევას, ამასთან, არ დგინდება რაში გამოიხატა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, მითითებული არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს.“

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს მითითებას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის სამართლებრივ ნორმებზე, არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად.

ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე განხორციელდა კომპანიის ტვირთის დამძიმება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

მიმდინარე საგადასახადო შემოწმების აქტითვე დადასტურებულია, რომ კომპანიის სასაქონლომატერიალური ფასეულობების მთლიანი, 100% რეალიზაცია წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციებს.

განსახილველ შემთხვევაში კი, საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძვლებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს თავად საგადასახადო შემოწმების აქტი, კერძოდ, შემმოწმებელი თავად მიუთითებს და აღნიშნული ასევე დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, რომ კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია სრულად განხორციელებულია დოკუმენტურად. შესაბამისად, კატეგორიულად არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ნაშთის რეალიზებულად განხილვას, რადგან შემოწმებას აღნიშნულის რეალიზებულად მიჩნევისთვის უნდა გააჩნდეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ კომპანიას რეალიზაცია სრულად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით, შესაბამისად, როდესაც 2 საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადასტურებულია, რომ კომპანია მხოლოდ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით რეალიზაციას ახორციელებს, არამართებულია ნაშთად გამოვლენილი 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 1 038 342 კგ-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 007 კგ-ს, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის მხოლოდ 0,001% უფიქსირდება კომპანიას ნაშთად და როდესაც მთლიანად შესყიდული პროდუქციის 99,999% კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზაციისთვის.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 286-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებლების მიერ უნდა განხორციელებულიყო შემოწმების ფარგლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლენილ დანაკლისთან მიმართებაში გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით სანქციის განსაზღვრა, ხოლო აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვის ვალდებულება ეკისრება კომპანიას მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება გამოვლენილი დანაკლისის თაობაზე.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ამ მუხლის გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება.

აღნიშნულის შესაბამისად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი საბოლოო სმფ-ს ნაშთის არსებობის ფაქტი არ დადასტურებულა და თუ შემოწმებამ უტყუარად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნაშთი კომპანიას არ გააჩნია, უპირველესად საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი რომ აღნიშნული ნაშთის არ არსებობის ფაქტი მიეჩნია არაპირდაპირი მეთოდით არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად.

ზემოაღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ 2020 წლის 1 აპრილის №9901 ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, მე-2 სადავო საკითხს წარმოადგენდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შემოწმებით წინა საანგარიშო პერიოდებში მიწოდებად განხილვის შედეგად დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 1 აპრილის №9901 ბრძანებაში მითითებულია შემდეგი: „შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა წინა პერიოდებში რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, შემოწმების შედეგად დამატებით გაზრდილი რეალიზაციიდან მიღებული საკომპესაციო თანხა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც შინაარსობრივად გულისხმობს გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. თუმცა, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში არ არის დასაბუთებული მისი გამოცემისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდის გამოყენების გარეშე შემოსავლების სამსახურს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვა, ასევე აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებულად განხილვის, ასევე აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანებით კი უგულვებელყოფილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები, შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არც ერთ არგუმენტზე და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს, რაც სწორედაც რომ სადავო გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ ჯართი. კომპანია 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება. შესაბამისად, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. ამასთან, ვერ მოხერხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას რეალიზაცია სრულად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით. შესაბამისად, როდესაც 2 საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადასტურებულია, რომ საწარმო მხოლოდ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით რეალიზაციას ახორციელებს, არამართებულია ნაშთად გამოვლენილი 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 1 038 342 კგ-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 007 კგ-ს. შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის მხოლოდ 0,001% უფიქსირდება კომპანიას ნაშთად და როდესაც მთლიანად შესყიდული პროდუქციის 99,999% კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზაციისთვის.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პირობებში, დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია უმნიშვნელოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები შეცვლილია (გაზრდილია) არაარსებითად. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემის მონაცემების და საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა მომჩივნის ერთობლივი შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული დანახარჯები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 7 581 165 ლარი, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებულმა დანახარჯებმა - 7 191 757 ლარი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, სხვაობის თანხა ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამ პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი მოგების სალაროში არსებობის ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მტკიცებულებები წარდგენილი არ არის. შედეგად, სხვაობა - 389 408 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სრულიად ბუნდოვანია შემმოწმებლის მითითება განკარგვადი თანხის განსაზღვრასთან დაკავშირებით. უპირველესად, არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმები, რა საფუძვლით იქნა მიჩნეული აღნიშნული უპირობოდ გაცემულ ხელფასად, მაშინ როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა და არსებული სასამართლო პრაქტიკა ადგენს კვალიფიკაციის შეცვლისთვის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების აუცილებლობას, რაც მოცემულ შემოწმების აქტში ასახული და დასაბუთებული არ არის.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის (საქმე Nბს-702-695(2კ-16)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს.

ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში.

ოპერაციის ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.

შემმოწმებელი მიუთითებს, რომ განკარგვადი თანხის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნა მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული სადავო საკითხს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, რამდენადაც შემმოწმებლის მიერ განკარგვადი თანხის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ბანკის საკომისიო ხარჯები, რაც დადასტურებულია კომპანიის საბანკო ამონაწერით. ბანკის საკომისიო დანახარჯების დასტურად წარმოადგენს საბანკო ანგარიშიდან საკომისიო ხარჯებთან დაკავშირებული ტრანზაქციების ამონაწერს.

ასევე, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები და მიმდინარეობს აღნიშნული დებიტორული დავალიანებების დადასტურებისთვის მტკიცებულების მოძიება, რასაც წარმოადგენს დავის პროცესში. შესაბამისად, არამართლზომიერია შემოწმების შედეგად ყველა შემოსავლის უპირობოდ მიღების ფაქტის დადასტურება, ისე რომ არ დადასტურებულა აღნიშნული შემოსავლის მიღება.

ამდენად, მომჩივანი ითხოვს განკარგვადი თანხების განსაზღვრისას კომპანიის მიერ გაწეული საკომისიო დანახარჯების და დებიტორული დავალიანებების გათვალისწინებას და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 7 581 165 ლარი, ხოლო ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა ხარჯებმა - 7 191 757 ლარი. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები ან/და განმარტება, ასევე სხვა სახის ინფორმაცია სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე. შესაბამისად, განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ განკარგვადი თანხის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ხარჯები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ხარჯები გათვალისწინებულია ჯამურად.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საკითხი განხილულ იქნას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა;

2. განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიას დოკუმენტურად სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს საქონელი. ასევე, რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, არ წარუდგენია საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების მიერ მიწოდებულ მასალებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებულ დოკუმენტებს (საბანკო ამონაწერები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის (ჯართი) ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 8 916 ლარს. ვინაიდან ვერ მოხერხდა აღნიშნული საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება, 8 916 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 7 581 165 ლარი, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებულმა დანახარჯებმა - 7 191 757 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, სხვაობის თანხა ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამ პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი მოგების სალაროში არსებობის ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მტკიცებულებები წარდგენილი არ არის. შედეგად, სხვაობა - 389 408 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 158(1), 159(1"ა""ბ"), 172(4"ძ").