ბრძანება N 22697

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.10.2025
№ დოკუმენტი 22697
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრადღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრადღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასსაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებიქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

📄 სრული ტექსტი

N 22697

20 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------)

(მის.: ------------------------------------)

2025 წლის 19 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №--) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) 2025 წლის 19 სექტემბრის №-----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს №007-231 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა სხვადასხვა რეგიონში ტანსპორტირების გზით, რაც დასტურდება მეწარმის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით. აცხადებს, რომ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში ცალკე არ არის გამოყოფილი ტრანსპორტირების ხარჯები, ხოლო შემმოწმებლმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის სარეალიზაციო ფასიდან დაადგინა დოკუმენტური ფასნამატი. გადამხდელს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად საჩივარზე წარმოდგენილი აქვს რეალიზებული სასაქონლო ზედნადებების რეესტრი. ასევე, მიუთითებს, რომ მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ფასნამატმა შეადგინა 36%, ხოლო შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატი შეადგენს 80-90%-ს. ამასთან, აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გამოიყენა იმავე ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რომელიც არსებითად მცირეა შემოწმების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტურ ფასნამატზე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არასწორად დადგენილი შემოსავლების შესაბამისად წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

3. მომჩივანი განმარტავს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, ხოლო სამართადარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცდონით. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12739 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 აგვისტოს №18606 ბრძანება და ამავე თარიღის №007-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 261 278 ლარი, მათ შორის, გადასახადი 162 580 ლარი, ჯარიმა 68 853 ლარი, საურავი 29 845 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს იმპორტირებული საქონლის (მაგიდის გადასაფარებლებისა და ელექტრო ჩაიდნების) ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, ასევე, საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონელი დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი შეძენის თარიღით. ასევე, დაკავშირდა რეალიზებული საქონლის 99%, რომლის შედეგად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის საფუძველზე დადგინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და განისაზღვრა გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმების მიერ დადგენილ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა პერიოდების მიხედვით გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლისგან. შემოწმებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა შეძენილი საქონლის, ბანკის საკომისიოს, გადახდილი სესხის, ელექტროენერგიის, იჯარისა და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი 2022-2023 წლების განმავლობაში აჭარბებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებულ 40 000 ლარიან ზღვარს. გადამხდელისა და მისი მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება უძრავ-მოძრავი ქონება, რომელთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი ქონების დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი 2022 წელს აჭარბებს 40 000 ლარიან ზღვარს, ხოლო 2023 წელს 100 000 ლარიან ზღვარს. შემოწმების პროცესში განხორციელდა ქონების ანალიზი და მიღებული შემოსავლის მიხედვით განისაზღვრა ქონების გადასახადის განაკვეთი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონელი დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი შეძენის თარიღით. ასევე, დაკავშირდა რეალიზებული საქონლის 99%, რომლის შედეგად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის საფუძველზე დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და განისაზღვრა გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმების მიერ დადგენილ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა პერიოდების მიხედვით გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, საიდანაც გამოიქვითა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, ინვენტარიზაციითა და შემოწმებით დადგენილ განსხვავებულ ფასნმატებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მითითება ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ 36%-იან ფასნამატზე არ არის მართებული, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის დროს როგორც შეძენის, ასევე, რეალიზაციის ფასს სურვილისამებრ უთითებს გადამხდელი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ის ფასი (ერთი მეტრი 2,75 ლარი), რომელ საქონელზეც 36%-იანი ფასნამატი გავრცელდა, საერთოდ არ ფიქსირდება დოკუმენტურად რეალიზებულ საქონელში, მაშინ როდესაც დანარჩენი საქონლის ღირებულებები მეტწილად ემთხვევა. გადამხდელის მიერ აღნიშნული 36%-იანი ფასნამატი მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგიდის საფარის ფასნამატია, ხოლო ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს (ყველა სახეობის მაგიდის საფარის საშუალო) 63%-ს, რაც შესაბამისობაშია შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატთან (შემოწმების მიერ დადგენილი საშუალო ფასნამატი 61%-ია, კერძოდ, 2022 წელი 40%, 2023 წელი 80%, 2024 წელი 62%, 2025 წელი 90%).

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, ფასნამატის დადგენისას სასაქონლო ზედანდებებში მითითებული სატრანსპორტო ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა, კერძოდ, შედარდა ტრანსპორტირებით და ტრანსპორტირების გარეშე არსებული სასაქონლო ზედნადებები და დადგინდა, რომ საქონლის ღირებულებებს შორის არ არსებობდა არანაირი სხვაობა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ტრანსპორტირების დროს ემატება ტრანსპორტის ხარჯი აღნიშნულს გავლენა უნდა მოეხდინა საქონლის სარეალიზაციო ღირებულებაზე, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა არანაირი სხვაობა ტრანსპორტირებით და ტრანსპორტირების გარეშე რეალიზებულ საქონლის ღირებულებებს შორის. ასევე, გადამხდელი განმარტავს, რომ ტრანსპორტირებას ახორციელებდა ყოველთვის თავად, თუმცა, იმ სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად, სადაც მანქანის ნომრის იდენტიფიცირება შეიძლებოდა დადგინდა, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტომობილის ნომერი მხოლოდ სამ სასაქონლო ზედნადებში ფიგურირებს (აღნიშნულიდან ორი დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებია, ხოლო ერთი შიდა გადაზიდვის), ხოლო დანარჩენი ავტომობოლის ნომრები რეგისტრირებულია იმ პირზე ვინც საქონლის შეძენას ახორციელებს.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის 99%-ის დაკავშირების შედეგად დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, დღგით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელისა და მისი მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება უძრავმოძრავი ქონება, რომელთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოში არ არის წარდგენილი ქონების დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი 2022 წელს აჭარბებს 40 000 ლარს, ხოლო 2023 წელს 100 000 ლარს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება :

1.არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.ქონების გადასახადის დარიცხვას.

3.ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12739 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №18606 ბრძანება და №007-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 261 278 ლარი, მათ შორის, გადასახადი 162 580 ლარი, ჯარიმა 68 853 ლარი, საურავი 29 845 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, ასევე, საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონელი დაუკავშირდა ერთმანეთს უახლოესი შეძენის თარიღით. ასევე, დაკავშირდა რეალიზებული საქონლის 99%, რომლის შედეგად დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის საფუძველზე დადგინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და განისაზღვრა გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმების მიერ დადგენილ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა პერიოდების მიხედვით გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლისგან. შემოწმებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა შეძენილი საქონლის, ბანკის საკომისიოს, გადახდილი სესხის, ელექტროენერგიის, იჯარისა და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი 2022-2023 წლების განმავლობაში აჭარბებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებულ 40 000 ლარიან ზღვარს. გადამხდელისა და მისი მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება უძრავ-მოძრავი ქონება, რომელთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი ქონების დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი 2022 წელს აჭარბებს 40 000 ლარიან ზღვარს, ხოლო 2023 წელს 100 000 ლარიან ზღვარს. შემოწმების პროცესში განხორციელდა ქონების ანალიზი და მიღებული შემოსავლის მიხედვით განისაზღვრა ქონების გადასახადის განაკვეთი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 81(1); 100(1); 102(1„ა“); 105(1.2); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 201(1); 202(5.12.14); 269(7);