გადაწყვეტილება №22642/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.07.2024
№ დოკუმენტი 22642/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22642/2/2024

09 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 20.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22642/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №149-13 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ქონების გადასახადი - 153.54 ლარი (3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნა).

დარიცხული თანხა: 44 014.34 ლარი (24.11.2023 წლის №149-13 საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 23 896,75

მიწა - არასასოფლო - 92

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 168

საშემოსავლო გადასახადი - 22 934.75

ქონების გადასახადი 702

ჯარიმა - 10 312

საურავი - 9 805.59

 

პროცედურული გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №10987 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.11.2023 წლის №28919 ბრძანება და ამავე თარიღის №149-13 საგადასახადო მოთხოვნა.

ასევე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ 3.11.2023 წელს გამოცემულია №149- 895 საგადასახადო მოთხოვნა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები 2023 წლის 25 დეკემბერს და 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2024 წლის №864 ბრძანებით საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №149-13 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგამოძიებო სამსახურის და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს) ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემ (მომჩივანს) შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად მომჩივანი ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. მის მიერ აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის.

2020 წლის მარტში ფიქსირდება 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 79- ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მომჩივანი გასცემს უზრუნველყოფილ სესხებს, შესაბამისად იგი ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა გადასახადით, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, 2020 წლის მარტში ფიქსირდება 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი. უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი გადამხდელის მიერ არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

27.02.2020 წელს გაასესხა 5 000 აშშ დოლარი (ლარში ეროვნული ბანკის კურსით) ფ/პ ---------- (პ/ნ ----------); საპროცენტო განაკვეთი 5%, უძრავი ქონების უზრუნველყოფით; საკადასტრო კოდი: ----------, მიწის ნაკვეთი 290 კვ.მ. მისამართი: ----------, გამოსყიდვის უფლებით. მიწის მეპატრონე, ---------- 11.03.2020 წელს (აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღეში) გადაწყვიტა მიწის გაყიდვა. უკან გამოსყიდვის ნაცვლად, მიწის რეალურმა მესაკუთრე - ----------, მიწა მიჰყიდა 29 000 აშშ დოლარად, ---------- (პ/ნ ----------). კანონის სიღრმისეულად არცოდნის გამო, მან და ---------- საჯარო რეესტრში გამოსყიდვის ხელშეკრულების ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს მესამე პირზე, ----------. გამომძიებელმა და ასევე, აუდიტორმა არ გაითვალისწინა მის მიერ მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია. შემოწმების აქტის საფუძველზე დაერიცხა მიწის რეალიზაციით ნამეტი 65 465 ლარი. ასევე, დაერიცხა გაურკვეველი შემოსავალი 1 600 ლარი, ჯამში 67 065 ლარი, რომლის საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 13 413 ლარს. 2020 წელს სესხის პროცენტით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 250 აშშ დოლარი. 2020 წელს საპროცენტო შემოსავალი იყო 712 ლარი (250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ეროვნული ბანკის კურსით - 2,8463). 2020 წელს აღნიშნულის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონია.

30.12.2021 წელს გაფორმდა სესხი ----------, 5 000 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ---------- (----------, დაზუსტებული ფართობი 1876 კვ.მ), გამოსყიდვის პირობით. წინასწარ მისცა 1 თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი. საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 774 ლარი (250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 3,0961) აქტში აუდიტორმა დაარიცხა სესხის პროცენტით მიღებული შემოსავალი 9 452 ლარი. რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

21.06.2022 წელს ---------- უკან გადაუფორმა აღნიშნული ქონება- საკადასტრო კოდი: ---------- (მისამართი ----------), გადასცა ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და 5 თვის საპროცენტო სარგებელი (1 250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 2,9340) 3 668 ლარი. აქტით კი დაერიცხა სესხით მიღებული შემოსავალი 21 805 ლარი. რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

აღსანიშნია, რომ მისი ნათესავი (მაზლი) ცხოვრობს აშშ შტატებში და ყოველ ჩამოსვლაზე ტოვებს გარკვეულ თანხას მისთვის ქონების შესაძენად. ამას გარდა, ნათესავები პერიოდულად უკავშირდებოდნენ მის მაზლს ფულის სასესხებლად და მისი თანხმობით, გასცემდა მის თანხას ყოველგვარი სარგებლის გარეშე და დაზღვევის მიზნით იფორმებდა მათ ქონებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა მიუთითა ორ შემთხვევაზე:

1. 27.02.2020 წელს გაასესხა 5 000 აშშ დოლარი (ლარში ეროვნული ბანკის კურსით) ფ/პ ----------; საპროცენტო განაკვეთი 5%, უძრავი ქონების უზრუნველყოფით; გამოსყიდვის უფლებით. რომელმაც 11.03.2020 წელს გადაწყვიტა მიწის გაყიდვა 29 000 აშშ დოლარად, ----------. კანონის სიღრმისეულად არცოდნის გამო, მან და ---------- საჯარო რეესტრში გამოსყიდვის ხელშეკრულების ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს მესამე პირზე, ----------. გამომძიებელმა და ასევე, აუდიტორმა არ გაითვალისწინა მის მიერ მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია.

2. 30.12.2021 წელს გააფორმა სესხი ----------, 5 000 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლით, უძრავი ქონების გამოსყიდვის პირობით. წინასწარ მისცა 1 თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი. 21.06.2022 წელს ---------- უკან გადაუფორმა აღნიშნული უძრავი ქონება, გადასცა ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და 5 თვის საპროცენტო სარგებელი (1 250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 2,9340) 3 668 ლარი.

აქტით კი დაერიცხა სესხით მიღებული შემოსავალი 21 805 ლარი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

საჩივარს ახლავს ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება, რომ ამ გარიგების შემდეგ „----------“ 11.03.2020 წელს ---------- მიიღო სესხის ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და ერთი თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი. ხოლო ---------- ---------- 11.03.2020 წელს მიიღო მიწის გაყიდვიდან 29 000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან სესხის ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და ერთი თვის სესხის პროცენტი 250 აშშ დოლარი გადასცა „----------“.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ 15.04.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში გადამხდელი თანამშრომლობდა და გარდა ერთი შემთხვევისა პროცენტის მიღების ფაქტს არ ეთანხმებოდა, შემოწმება ჩატარდა საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული დაკითხვის ოქმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვერ გვერდზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება მიწის რეალიზაციის ფაქტს აღნიშნულს გადამხდელი შემოწმების პროცესში დაეთანხმა, რაზეც არსებობს შესაბამისი ახსნაგანმარტება გადამხდელის მხრიდან და დაკითხვის ოქმი საგამოძიებო სამსახურიდან. რაც შეეხება, მომჩივნის მიერ ნახსენებ შემთხვევებს, იგი თავიდან უარყოფდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, განმარტავდა, რომ თანხას გასცემდა ნათესავებზე და შემოსავალი პროცენტის სახით არ გააჩნდა. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების გაცნობის შემდეგ, სადაც ---------- დაკითხვის ოქმში მიუთითებს რა ოდენობის თანხა გადაუხადა პროცენტის სახით მომჩივანს, მომჩივანმაც აღიარა ამ შემთხვევაში მიღებული შემოსავალი. ხოლო ---------- განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში დაკითხულია ----------, რომელიც მიუთითებს, რომ 28 000 აშშ დოლარი გადაუხადა „----------“, სხვა პირს არ ახსენებს და არ ირკვევა მიღებული სესხის დაბრუნება იყო თუ ქონების რეალიზაციისთვის გადახდილი თანხა. აღსანიშნია, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ს/კ ---------- (---------- შემთხვევა) მოხდა მის მიერ პროცენტის სახით შემოსავლის მიღება და ს/კ ---------- (---------- შემთხვევა) არსებული მიწა და ქონება შეიძინა და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მალევე გაყიდა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა და დამატებულია (არგუმენტაცია/მტკიცებულება) დავის მეორე ეტაპზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმების შედეგად მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67 065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თუ აუდიტორის მიერ სწორად იქნება გაანგარიშებული მისი წლიური საშემოსავლო გადასახადები, აღმოჩნდება, რომ მისი შემოსავალი წლების მიხედვით, ნამდვილად არ აღემატება 40 000 ლარს. აქედან გამომდინარე, ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება არ ეკუთვნის. მიწის გადასახადს კი, პატიოსნად იხდის წლების მიხედვით. საჩივარს ერთვის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებები წლების მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა საჩივარში მოყვანილი ფაქტები და დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტის და საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად:

5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

8. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას პირველ სადავო საკითხზე წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანს მიაჩნია, რომ თუ სწორად იქნება გაანგარიშებული მისი შემოსავლები აღმოჩნდება, რომ არ აღემატება 40 000 ლარს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც დარიცხული გადასახადიც ექვემდებარება კორექტირებას.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და პირველი დავის საგნიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ 3.11.2023 წელს გამოცემულია №149-895 საგადასახადო მოთხოვნა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 7.11.2023 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია 24.12.2023 და 8.01.2024 წელს.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ამ ნაწილში საჩივრები საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 299-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 7.11.2023 წელს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 24.12.2023 და 8.01.2024 წელს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივრებში არ აქვს მითითებული არგუმენტები საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შესახებ. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საჩივრები მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომსახურების დეპარტამენტის 16.04.2024 წლის №---------- წერილის მიხედვით, მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნა ამავე დღეს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც გაეცნო 7.11.2023 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 7.12.2023 წელს. საჩივრები კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 24.12.2023 და 8.01.2024 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრების ამ ნაწილში განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება;

3. საჩივარი პირველ და მე-2 დავის საგნის ნაწილში დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 15.04.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში გადამხდელი თანამშრომლობდა და გარდა ერთი შემთხვევისა პროცენტის მიღების ფაქტს არ ეთანხმებოდა, შემოწმება ჩატარდა საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული დაკითხვის ოქმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვერ გვერდზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება მიწის რეალიზაციის ფაქტს აღნიშნულს გადამხდელი შემოწმების პროცესში დაეთანხმა, რაზეც არსებობს შესაბამისი ახსნაგანმარტება გადამხდელის მხრიდან და დაკითხვის ოქმი საგამოძიებო სამსახურიდან. რაც შეეხება, მომჩივნის მიერ ნახსენებ შემთხვევებს, იგი თავიდან უარყოფდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, განმარტავდა, რომ თანხას გასცემდა ნათესავებზე და შემოსავალი პროცენტის სახით არ გააჩნდა. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების გაცნობის შემდეგ, სადაც ფიზიკური პირის დაკითხვის ოქმში მიუთითებს რა ოდენობის თანხა გადაუხადა პროცენტის სახით მომჩივანს, მომჩივანმაც აღიარა ამ შემთხვევაში მიღებული შემოსავალი. ხოლო მეორე ფიზიკურ პირთან განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში დაკითხულია კიდევ ერთი პირი, რომელიც მიუთითებს, რომ 28 000 აშშ დოლარი გადაუხადა მომჩივანს, სხვა პირს არ ახსენებს და არ ირკვევა მიღებული სესხის დაბრუნება იყო თუ ქონების რეალიზაციისთვის გადახდილი თანხა. აღსანიშნია, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა მის მიერ პროცენტის სახით შემოსავლის მიღება და არსებული მიწა და ქონება შეიძინა და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მალევე გაყიდა.

2. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას პირველ სადავო საკითხზე წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანს მიაჩნია, რომ თუ სწორად იქნება გაანგარიშებული მისი შემოსავლები აღმოჩნდება, რომ არ აღემატება 40 000 ლარს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც დარიცხული გადასახადიც ექვემდებარება კორექტირებას.

3. მომსახურების დეპარტამენტის 16.04.2024 წლის წერილის მიხედვით, მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნა ამავე დღეს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც გაეცნო 7.11.2023 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 7.12.2023 წელს. საჩივრები კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 24.12.2023 და 8.01.2024 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

 

გადაწყვეტილება

1. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა და დამატებულია (არგუმენტაცია/მტკიცებულება) დავის მეორე ეტაპზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. 2. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და პირველი დავის საგნიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. 3. ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრების ამ ნაწილში განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 201(1); 202(5,8); 205(12).