ბრძანება N 4151

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.03.2023
№ დოკუმენტი 4151
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4151

06.03.2023

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.:----------------------)

2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „----------------“ (ს/ნ ------------------) 2022 წლის 28 დეკემბრის №77674/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №002-226 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021-2022 წლების ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხს. მიუთითებს, რომ საწარმოს იჯარით მიღებული აქვს ქ. ------------ის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმრო კომპლექსი, ხოლო ის ქონება, რომლის გადასახადსაც დაობენ გამოიყენება სასტუმროს ფუნქციონერებისათვის და ეკუთვნის საწარმოს (ნივთები, კეთილმოწყობა). გადამხდელი უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 1151 ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათზე და იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან კონკრეტულ პერიოდში ხსენებული ნორმა არ იყო მიღებული, საწარმომ 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციით დაირიცხა გადასახადი 1%-იანი განაკვეთით. დამატებით უთითებს, რომ ----------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადისთვის მოქმედებს 0,25%-იანი განაკვეთი.

გადამხდელი განმარტავს, რომ:

1. 2021 წლის ქონების (გარდა მიწისა) დეკლარაციით (2022 წელს წარდგენილი) დარიცხული გადასახადი უნდა შემცირებულიყო 12 588 ლარით.

2. წარდგენილი დეკლარაციით 2022 წელს მიმდინარე გადასახდელად დარიცხული ქონების გადასახადი 12 588 ლარი უნდა გაუქმდეს.

3. 2022 წელს მიმდინარე გადასახდელად დარიცხული ქონების გადასახადი (სასტუმროს ქონების ნაწილში) უნდა გაანგარიშდეს 0,25% განაკვეთით და ამ ნაწილში მიმდინარე გადასახდელად დასარიცხი თანხა იქნება 3 147 ლარი.

4. შედეგად, 2022 წელს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით საწარმოს მიერ 2022 წლის 1 აპრილამდე და 2022 წლის 15 ივნისამდე გადახდილი თანხები (ქონების ძირითადი და მიმდინარე გადასახადების შესაბამის ნაწილში) უნდა ჩათვლილიყო ზედმეტად გადახდილად. გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს ტექნიკურ უზუსტობაზე და ითხოვს აღნიშნულის გასწორებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9712 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------------“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 13 დეკემბრის №31372 ბრძანება და 14 დეკემბრის №002-226 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 28 294 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 837 ლარი, ჯარიმა 5 265 ლარი, საურავი 5 192 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო ----------ის ტერიტორიაზე მართვაში ფლობს სს „----------------“ (ს/ნ ------------------) იჯარით აღებულ სასტუმროს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას. ასევე საწარმოს ბალანსზე გააჩნია სხვადასხვა სახის ძირითადი საშუალებები, რომელსაც, ასევე გამოიყენებს სასტუმროს ფუნქციონირებისათვის. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 309-ე მუხლის 115-ე და 1151 ნაწილების მიხედვით. საწარმოს 2019-2020 წლებზე ქონების გადასახადის გაანგარიშებისას (--------------- ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე) იყენებდა აღნიშნულ შეღავათს, 2021 წელზე კი დაბეგრილი აქვს. შემოწმებით აღნიშნული ექვემდებარება შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

ამავე მუხლის 1151 ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2022 წელს არის გათვალისწინებული, თავისუფლდება ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა. ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება ამ კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის სახით გადახდისგან და ეს გადასახდელი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობები, ასევე მიუთითებს, იმ გარემოებებზე, რომ 2021 წელზე წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციით დარიცხული გადასახადი უნდა შემცირებულიყო, ხოლო 2022 წელს მიმდინარე გადასახდელად დარიცხული გადასახადი უნდა გაუქმებულიყო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, ტექნიკური უზუსტობების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------------“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, ტექნიკური უზუსტობების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.