გადაწყვეტილება №22720/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2024
№ დოკუმენტი 22720/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22720/2/2024

04 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 31.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22720/2/2024).

 

დავის საგანი:

1. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით სახნავი სტატუსის მქონე მიწებზე შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის ოდენობა;

2. კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №005-226 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5123 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 459 436 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 213 919

დღგ - (-12 404)

ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა)- 99 798

მოგების გადასახადი - 127 009

საშემოსავლო გადასახადი - 795

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა)- (-1 279)

ჯარიმა - 117 898

საურავი - 127 619

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 26.12.2023 წლის №32870 ბრძანება და №005-226 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5123 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მე-2 სადავო საკითხზე (კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5123 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით სახნავი სტატუსის მქონე მიწებზე შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის ოდენობა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მიწაზე ქონების გადასახადს შორის, კერძოდ, 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საწარმოს მფლობელობაში არსებული მიწების ნაწილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული იქნა, როგორც საძოვარი (განაკვეთი ჰა-ზე 16 ლარი), თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიწებს 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში შეეცვალა სტატუსი და საძოვარი დანიშნულებიდან გადავიდა სახნავი დანიშნულების მიწებში, რაც ექვემდებარება დაბეგვრას ტერიტორიული ერთეულის მიხედვით ჰა-ზე 79 ან 86 ლარი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი ხარვეზის კორექტირება და აღნიშნულ მიწებთან მიმართებაში ქონების (მიწის) გადასახადის განსაზღვრის დროს გამოიყენა სახნავი სტატუსის მქონე მიწისთვის შესაბამისი განაკვეთი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 204-ე მუხლის პირველი ნაწილით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ, ვინაიდან, საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით კომპანიის საკუთრებაში არსებული სადავო მიწების სტატუსი იყო სახნავი, შემოწმებით აღნიშნულ მიწებთან მიმართებაში სახნავი სტატუსის მქონე მიწაზე დადგენილი განაკვეთის გამოყენება და შესაბამისად მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფლობს მიწებს, რომელთა სტატუსი დღეის მდგომარეობით განისაზღვრება, როგორც სახნავი. ხსენებული მიწის სტატუსი 2020 წლის 18 მარტამდე იყო საძოვარი. მიმართა საჯარო რეესტრს სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით: „საძოვარი“ შეცვლილიყო „სახნავად“. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2020 წლის 18 მარტიდან ხსენებული მიწის სტატუსი გახდა სახნავი. შესაბამისად აქვს შემდეგი მოცემულობა (მაგალითისათვის): ფლობდა სასოფლო-სამეურნეო მიწას სრული 12 თვე (წინა რამდენიმე წელიც იყო მფლობელები), მათ შორის 11 თვე და 12 დღე მიწას, რომელიც იყო საძოვარი და მასზე გადასახადის განაკვეთია 16 ლარი და 18 დღე სახნავ მიწას, რომლის განაკვეთი კი 79 ლარია. საგადასახადო კოდექსის 203-მუხლის თანახმად გადასახადის გადამხდელი მიწაზე გადასახადს იხდის 1 აპრილის მდგომარეობით, ანუ ფლობის ფაქტის მიხედვით, ხოლო 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით. კოდექსი არ უთითებს მიწის სტატუსს 1 აპრილისათვის. შესაბამისად მიაჩნია, რომ გადასახადი უნდა ვიანგარიშოთ პროპორციულად, ისე როგორც ქონების ფლობაში ყოფნის პერიოდის მითითებით ხდება გადასახადის გაანგარიშება, ვინაიდან ფაქტობრივად წლის განმავლობაში ვფლობდით სხვადასხვა მიწებს (სტატუსიდან გამომდინარე) – 11,5 თვე საძოვარს და 0,5 თვე სახნავს. შემმოწმებლების მიერ დაფიქსირებული მიდგომა მიგვაჩნია არასამართლიანად და დარგისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად, ამასთან კომპანია არის დაკავებული აქტიური ინვესტირებით და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი აგრო მიმართულების განვითარებაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ. აგრეთვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი არ განიხილებოდა, როგორც გასაყიდი და ხსენებული სტატუსის ცვლილება განპირობებული იყო მხოლოდ სასოფლო სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე და არა სხვა ეკონომიკური ინტერესებით. ითხოვს ქონების (მიწის) გადასახადის გადაანგარიშებას მისი სტატუსის შესაბამისად პროპორციების გათვალიწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი. საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მიწაზე ქონების გადასახადს შორის, კერძოდ, 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საწარმოს მფლობელობაში არსებული მიწების ნაწილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული იქნა, როგორც საძოვარი (განაკვეთი ჰა-ზე 16 ლარი), თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიწებს 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში შეეცვალა სტატუსი და საძოვარი დანიშნულებიდან გადავიდა სახნავი დანიშნულების მიწებში, რაც ექვემდებარება დაბეგვრას ტერიტორიული ერთეულის მიხედვით ჰა-ზე 79 ან 86 ლარი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი ხარვეზის კორექტირება და აღნიშნულ მიწებთან მიმართებაში ქონების (მიწის) გადასახადის განსაზღვრის დროს გამოიყენა სახნავი სტატუსის მქონე მიწისთვის შესაბამისი განაკვეთი.

საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით კომპანიის საკუთრებაში არსებული სადავო მიწების სტატუსი იყო სახნავი, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის შესაბამისი სტატუსის გათვალისწინებით შესაბამისი განაკვეთით ქონების გადასახადის განსაზღვრა მართებულია.

ამრიგად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელ და მყარ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით სახნავი სტატუსის მქონე მიწებზე ქონების გადასახადის განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტით ამ ნაწილში დარიცხვა არ არის განხორციელებული.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საინფორმაციო მონაცემები კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე არასწორია. მომჩივანი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მონაცემების დაფიქსირებისას იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამის ძველი მონაცემებით. ითხოვს, მიეცეს საშუალება წარადგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გაამყარებს მის არგუმენტებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, აქვს სხვა მონაცემები, ვიდრე აქტშია აღნიშნული. აუდიტორთან პროგრამის ბოლო ასლი გადაგზავნილი იყო 2023 წლის 29 ივნისს, შემოწმების პროცესში გამოვლინდა გარკვეული საკითხები, რაც არ იყო ასახული პროგრამაში, მაგრამ მიიღო შემოწმებაში მონაწილეობა. აუდიტის პარალელურად ვასწორებდით უზუსტობებს, საბოლოო შესწორებული ასლი არ გადაგვიგზავნია. შედეგად მივიღეთ გარკვეული სხვაობები, კერძოდ: 1. აუდიტორის მიერ დაფიქსირებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი (3100 - მოკლევადიანი ვალდებულებები) 01/03/2023 ის მდგომარეობით შეადგენს 927 380 ლარს, რაც არ ემთხვევა განახლებული პროგრამის ნაშთს, რომელიც შეადგენს 1 043 514.60 ლარს.

ხსენებული სხვაობა გამოწვეული იყო საბაჟო დეკლარაციების პროგრამაში გამოტოვებით. 2. ფული საბანკო ანგარიშებზე - 15 748.78 ლარი და 97.38 ევრო, ნაცვლად აქტში დაფიქსირებული 84 657 ლარისა. სავარაუდოდ აუდიტორებმა აქტის მონაცემების შევსებისას იხელმძღვანელეს პროგრამაში არსებული ძველი მონაცემით (იხ. დანართი).მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად: „1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.“

აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინოს აქტში ხსენებული ჩანაწერის შესაბამისად კორექტირება. ჩვენი მხრიდან კი უზრუნველვყოთ საჭირო ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. ითხოვს მიეცეს საშუალება, რათა შემმოწმებლებს წარმოვუდგინოთ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში მოძიებული დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც ჩვენს მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით, დააბრუნოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად. გამოხატავს სრულ მზადყოფნას გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში, მზადაა ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოთ ხსენებულ პროცესს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5123 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მე-2 სადავო საკითხზე (კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5123 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №005-226 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 117 898 ლარი და საურავი - 127 619 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს მრავალი წლის განმავლობაში. მის ქმედებებში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა, რაც ნაკარნახევია მისი აქტიური და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით. აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით, ჩაითვალოს საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით და მოიხსნას დამატებით დარიცხული ჯარიმები და საურავები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით სახნავი სტატუსის მქონე მიწებზე შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის ოდენობა;

2. კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მიწაზე ქონების გადასახადს შორის, კერძოდ, 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საწარმოს მფლობელობაში არსებული მიწების ნაწილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული იქნა, როგორც საძოვარი (განაკვეთი ჰა-ზე 16 ლარი), თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიწებს 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში შეეცვალა სტატუსი და საძოვარი დანიშნულებიდან გადავიდა სახნავი დანიშნულების მიწებში, რაც ექვემდებარება დაბეგვრას ტერიტორიული ერთეულის მიხედვით ჰა-ზე 79 ან 86 ლარი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი ხარვეზის კორექტირება და აღნიშნულ მიწებთან მიმართებაში ქონების (მიწის) გადასახადის განსაზღვრის დროს გამოიყენა სახნავი სტატუსის მქონე მიწისთვის შესაბამისი განაკვეთი.

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5123 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მე-2 სადავო საკითხზე (კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე შემოწმების აქტში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

3. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი სამივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204; 205.