ბრძანება N 3495

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.02.2024
№ დოკუმენტი 3495
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3495

20 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 17 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №86857/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №006-656 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარში მითითებულია შემდეგი არგუმენტები:

● გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არასწორად (მეტობით) არის განსაზღვრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ) და, შესაბამისად, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები/დასაბეგრი ბრუნვა. მიუთითებს, შემოწმების აქტზე, რომლის მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (დოკუმენტით შეძენილი) ჯამში 3 363 391 ლარია (დღგის გარეშე), ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 563 631 ლარია. მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხიდან გამომდინარე, შეძენილი საქონლის ღირებულება იქნებოდა 3 131 283 ლარი. შესაბამისად, შემოწმებით დაუსაბუთებლად არის გაზრდილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რამაც თავის მხრივ შემოსავლების/დასაბეგრი ბრუნვის ხელოვნური გაზრდა გამოიწვია.

● მომჩივნის პოზიციით, შემოწმების შედეგად იმპორტირებულ პროდუქციაზე არასწორად არის განსაზღვრული და გავრცელებული ფასნამატები. მიუთითებს, რომ სახეების მიხედვით სრულ პროდუქციაზე არ გაანგარიშდა საშუალო შეწონილი ფასნამატი, შედეგად დოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა არაპირდაპირი მეთოდი. ასევე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს ჰქონდა მხოლოდ საბითუმო რეალიზაცია და ყველა სახეობაზე არსებობდა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების შესაძლებლობა, თუმცა შემოწმების მიერ გამოყენებულია აუდირებული საცალო ფასნამატი.

● გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არასწორად (ნაკლებობით) არის განსაზღვრული ექსპორტზე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისად, საქონლის შესაძენად გაწეული ფულადი ხარჯების ოდენობა.

● გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არასწორად (მეტობით) არის განსაზღვრული ექსპორტზე პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები 3 135 640 ლარის ოდენობით. ვინაიდან შემოწმების ჯგუფმა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები განსაზღვრა საბაჟო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების დათვლის გარეშე. შესაბამისად, შემოწმების აქტში გათვალისწინებული არ არის ექსპორტირებული პროდუქციიდან მიუღებელი შემოსავლები მათი არ ანაზღაურების, განადგურებისა და სხვა საფუძვლებით.

● გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით არასწორად (ნაკლებობით) არის განსაზღვრული იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხების ოდენობა საქონლის საინვოისო ღირებულების 75%-ით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22990 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 დეკემბრის №32184 ბრძანება და ამავე თარიღის №006-656 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 480 007 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 508 845 ლარი, ჯარიმა 820 262 ლარი, საურავი 150 900 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N--- საქმეზე შპს „---"-ს (ს/ნ ---) ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტზე. გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფქვილისა და ქატოს იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და ხილ-ბოსტნეულის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ექსპორტი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დამუშავდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლები. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 898 473 ლარს (ძირითადად იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია), ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (დოკუმენტით შეძენილი) ჯამში 3 363 391 ლარია (დღგ-ის გარეშე), მათ შორის დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება არის 1 285 676 ლარი (38%). ხოლო, დოკუმენტური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია 1 899 431 ლარი (დღგ-ის გარეშე), რაც ასახულია დღგ-ს დეკლარაციებში.

გადამხდელს ადგილობრივად რეალიზებული საქონელი ძირითადად შეძენილი აქვს იმპორტის გზით რუსეთიდან და უზბეკეთიდან, აქვს ადგილობრივი შეძენებიც (ადგილობრივი შეძენის წილი მთლიან შეძენაში დაახლოებით 5%). დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული (ექსპორტი) შემოსავალია 3 135 640 ლარი. ამასთან, ექსპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (შესყიდვის აქტები) დიდი წილი მოძიებული იქნა შემოწმების მიერ (გამოთხოვილი იქნა საბაჟო დეპარტამენტიდან), რომელთა ანალიზის შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა ექსპორტირებული საქონლის თვითღირებულების დათვლა, რამაც შეადგინა 2 095 111 ლარი. 2022 წლის ოქტომბრის თვიდან შპს-ს აქტივობა აღარ უფიქსირდება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. კერძოდ: შეუძლებელია რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, რითაც დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადამხდელის დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის (იმპორტირებული საქონლის ნაწილში) განსაზღვრის მიზნით გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. საქონლის სახეობაზე, რომლის დოკუმენტურ რეალიზაციას ჰქონდა ადგილი, გავრცელებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი (ფქვილი 44% და ქატო 159%). ხოლო, საქონლის იმ კატეგორიებზე, რომლებიც დოკუმენტურად არ იყო რეალიზებული, ან მხოლოდ მთლიანი შეძენის მცირე წილის რეალიზაციას ჰქონდა ადგილი, გავრცელებულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული საცალო ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.

გარდა აღნიშნულისა, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, გაანგარიშებული იქნა შემოწმებით დადგენილსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის მიღებული სხვაობა. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელის საბანკო ამონაწერების ანალიზით ირკვევა, რომ იმპორტირებულ საქონელზე სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, გადამხდელს არ წარმოუდგენია შედარების აქტები არარეზიდენტ მომწოდებლებთან.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული დანართი N8 შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის მხოლოდ 75% ჩაითვლება ანაზღაურებულად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული პროდუქციის ნაწილზე არ ჰქონდა მიღებული დღგ-ის ჩათვლა, რაც შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული და ჩართული დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში (კერძოდ 235 822 ლარი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლის თანხები ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

● რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არასწორად განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, იმისთვის რომ საწარმომ მიიღოს დღგ-ის ჩათვლა საჭიროა ჩასათვლელი თანხის დოკუმენტური დადასტურება, ამასთან, იმპორტის დროს დღგ-ს გამოანგარიშება ხდება პროდუქციის საბაჟო ღირებულებიდან, ხოლო თვითღირებულება კი ანგარიშდება საქონლის საინვოისო ღირებულებებიდან. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის 603 464 ლარი და არა 563 631 ლარი, როგორ საჩივარშია მითითებული. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

● იმპორტირებულ პროდუქციაზე განსაზღვრულ ფასნამატთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისას, იმ კონკრეტულ შემთხვევებში როდესაც შესაძლებელი იყო სახეობების მიხედვით ფასნამატის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა დოკუმენტური ფასნამატით. კერძოდ, ექსპორტული საქონლის თვითღირებულების დათვლისას სრულად გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ხოლო იმპორტული საქონლის ფასნამატის დათვლისას, რიგ შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელი იყო კონკრეტული სახეობების მიხედვით ფასნამატის დადგენა (ქატოზე და ფქვილზე), გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო სხვა შემთხვევებში გამოყენებული იქნა ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული საცალო ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.

ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

● ექსპორტზე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა და მის შესაძენად გაწეული ფულადი ხარჯების განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ არასწორად (ნაკლებობით) არის განსაზღვრული ექსპორტზე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისად, საქონლის შესაძენად გაწეული ფულადი ხარჯების ოდენობა. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტზე გატანილი საქონლის შესყიდვის ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

● საქონლის ექსპორტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები შემოწმების მიერ დაანგარიშებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ვინაიდან გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დამატებით ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

● იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხების განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები. აღნიშნულის შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით განსაზღვრული დანართი N8 მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის მხოლოდ 75%.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ექსპორტზე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა და მის შესაძენად გაწეული ფულადი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტზე გატანილი საქონლის შესყიდვის ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 დეკემბრის №32184 ბრძანება და ამავე თარიღის №006-656 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 480 007 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 508 845 ლარი, ჯარიმა 820 262 ლარი, საურავი 150 900 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებს: 61 (3) ; 73 (4,5,9); 2 (2); 159; 163; 164; 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებს: 160; 161.