ბრძანება N 11423

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.05.2026
№ დოკუმენტი 11423
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11423

25 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 14 და 27 აპრილის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 14 აპრილის №101735/1/2026 და 27 აპრილის №102011/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის №021-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

● მომჩივანი საჩივრის წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულ პორტალზე გაეცნო 2026 წლის 2 მარტს, ამავე დღეს გაეცნო ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებასაც და ვინაიდან, გადამხდელის პირად გვერდზე გაგზავნილი არ ყოფილა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ, მომჩივანი ვერ გაერკვა რა დოკუმენტთან ჰქონდა საქმე. აღნიშნულის საფუძველზე, მომჩივანი ითხოვდა გადაანგარიშების დასკვნის გაგზავნას, რათა მისცემოდა შესაძლებლობა დასკვნის გაცნობიდან ვადაში წარმოედგინა საჩივარი. დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი განმარტავს, რომ გადაანგარიშების დასკვნა ელექტრონულ გვერდზე გადამხდელს გაეგზავნა 2026 წლის 24 აპრილს, რასაც გაეცნო და საჩივარი წარმოადგინა კანონით დადგენილ ვადაში.

● შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმებას წარუდგინა ცხრილი, სადაც სრულადაა ასახული შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები. აცხადებს, რომ ფულადი სახსრების ნაწილი არ არის მიღებული, ნაწილი მიღებული და დახარჯულია საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდამდე, ხოლო ნაწილი მიღებულია საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის შემდგომ, თუმცა აღნიშნული საკითხის გავლა არ მომხდარა გადამხდელის ჩართულობით და წარმოდგენილ დასკვნაში საერთოდ არაა საუბარი აღნიშნულ საკითხზე. აღნიშნავს, რომ ნაღდი ანგარიშსწორებით ამხანაგობას არ აქვს მიღებული არცერთი თეთრი და წარმოადგენს დანართს, სადაც სრულადაა ასახული შემოწმებით მოცულ პერიოდში ასახული ფულადი სახსრები. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული საკითხის ხელახალ გავლას და დარიცხული თანხების შემცირებას.

● ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნეულია შპს „-------“-სათვის შეცდომით გადარიცხული 30 000 ლარი, რომელიც 2024 წლის 22 იანვარს უკან დაბრუნდა ამხანაგობის ანგარიშზე, რასთან დაკავშირებითაც შემოწმებას წარუდგინა ხელშეკრულებები და თანდართული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვითაც დადასტურებული ხარჯების ჯამი 283 842 ლარია. მომჩივანი აცხადებს, რომ მოგების გადასახადი უნდა შემცირებულიყო 50 089 ლარით, ნაცვლად დასკვნით შემცირებული 42 217 ლარისა. ითხოვს, საკითხის გავლას მათი ჩართულობით და დარიცხული თანხა შემცირებას დამატებით 13 165 ლარით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 დეკემბრის №27435 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ოქტომბრის №021-107 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 11 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 დეკემბრის №27435 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 16 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 63 326 ლარი, მათ შორის გადასახადი 42 217 ლარი, ჯარიმა 21 109 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 23 თებერვლის №021-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით გაცემული იყო 576 622 ლარი (მათ შორის, 33 642 ლარი შპს-ებზე, ხოლო დანარჩენი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე), და ვინაიდან ამხანაგობის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და საბანკო ცნობები სრულად, შემოწმების მიერ პირს დაერიცხა მოგების გადასახადი 101 745 ლარი და ჯარიმა 50 873 ლარი. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახდის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა დამუშავების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა გადახდილი თანხები, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მოგების გადასახადი 42 218 ლარით და ჯარიმა 21 109 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საჩივრის წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ ვადის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრებში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობა საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნის წარდგენამდე, რის გამოც დაარღვია გასაჩივრების ვადა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა ჩაბარდა მოგვიანებით. შესაბამისად გადამხდელი მიიჩნევს, რომ დაირღვა საგადასახადო ორგანოს ვალდებულება დოკუმენტების ჩაბარებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელისთვის ვერ მოხერხდა 2026 წლის 16 თებერვლის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნის ჩაბარება, რის გამოც გადამხდელს 2026 წლის 16 აპრილს, №21-14/26644 წერილით ხელმეორედ გაეგზავნა ზემოაღნიშნული დასკვნა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2026 წლის 23 თებერვალს გაეგზავნა 2026 წლის 23 თებერვლის №4057 ბრძანება და ამავე თარიღის №021-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2026 წლის 2 მარტს, ხოლო 2026 წლის 16 თებერვლის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით გაეგზავნა 2026 წლის 24 აპრილს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2026 წლის 27 აპრილს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-770-762(კ-15)), რომლის მიხედვითაც, „გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას. იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, უხეშად არღვევს პირის უფლებას საჩივარზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი და საჩივრის განხილვის გამართული პროცედურა ასეთი მექანიზმის არსებობის, ადმინისტრირების მაღლი ხარისხის დადასტურება უნდა იყოს. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, დავის დაწყება დასაშვებია, თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მომჩივნისათვის.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაგზავნოდა ერთად, რათა გადამხდელისთვის შესაძლებელი ყოფილიყო დარიცხვის შინაარსის გაცნობა და შესაბამისი საჩივრის წარმოდგენა. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით გადასახადის გადამხდელი შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნას გაეცნო 2026 წლის 27 აპრილს და ამავე დღეს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი (პირველადი საჩივარი წარმოდგენილია დასკვნის გაგზავნამდე 2026 წლის 14 აპრილს), საიდანაც დაცულია გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნაზე საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და შესაბამისად, საჩივრები დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

 

შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით შემოწმებას წარუდგინა ცხრილი, სადაც სრულადაა ასახული შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები. აცხადებს, რომ ფულადი სახსრების ნაწილი არ არის მიღებული, ნაწილი მიღებული და დახარჯულია საგასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდამდე, ხოლო ნაწილი მიღებულია საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის შემდგომ, თუმცა აღნიშნული საკითხის გავლა არ მომხდარა გადამხდელის ჩართულობით და წარმოდგენილ დასკვნაში საერთოდ არაა საუბარი აღნიშნულ საკითხზე. აღნიშნავს, რომ ნაღდი ანგარიშსწორებით ამხანაგობას არ აქვს მიღებული არცერთი თეთრი და წარმოადგენს დანართს, სადაც სრულადაა ასახული შემოწმებით მოცულ პერიოდში ასახული ფულადი სახსრები. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული საკითხის გავლას მათი ჩართულობით და დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დასკვნის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული, შესაბამისდ, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნას, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 დეკემბრის №27435 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასხადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით გაცემული იყო 576 622 ლარი, რაზეც გადასახდის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა დამუშავების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა გადახდილი თანხები და შედეგად, ამხანაგობას შეუმცირდა მოგების გადასახადი 42 218 ლარით და ჯარიმა 21 109 ლარით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

● საჩივრის წარმოდგენის ვადა.

● შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი.

● ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაგზავნოდა ერთად, რათა გადამხდელისთვის შესაძლებელი ყოფილიყო დარიცხვის შინაარსის გაცნობა და შესაბამისი საჩივრის წარმოდგენა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნაზე საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და შესაბამისად, საჩივრები დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით შემოწმებას წარუდგინა ცხრილი, სადაც სრულადაა ასახული შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი სახსრები. აცხადებს, რომ ფულადი სახსრების ნაწილი არ არის მიღებული, ნაწილი მიღებული და დახარჯულია საგასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდამდე, ხოლო ნაწილი მიღებულია საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის შემდგომ, თუმცა აღნიშნული საკითხის გავლა არ მომხდარა გადამხდელის ჩართულობით და წარმოდგენილ დასკვნაში საერთოდ არაა საუბარი აღნიშნულ საკითხზე.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნას, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 დეკემბრის №27435 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასხადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 299(8)