საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/7417-18

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2019
№ დოკუმენტი 3/7417-18
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/7417-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ხაჟომია

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

მოსარჩელე- ი/მ ა. ი

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - რ.ღ

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ.მ-ბ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 2 აგვისტოს N024-459 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის N27419 ბრძანება;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება N4868/2/2017 საჩივარზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლიოს 2 აგვისტოს N024-459 ბრძანებით ყადაღა დაედო ი/მ ა.ი -ს საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 2017 წლის 3 აგვისტოს N2017/024-459/1 აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო:

1) 1619 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას (მდებარე: --------, ს/კ --------)

2) 80 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შემობა-ნაგებობას (მდებარე: --------, ს/კ ---------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 2 აგვისტოს N024-459 ბრძანება (ს.ფ 21);

,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 2017 წლის 3 აგვისტოს N2017/024-459/1 აქტი (ს.ფ 99-100).

3.2 ი/მ ა.ი წარმომადგენელმა 2017 წლის 18 აგვისტოს N196841/21-11 საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 2 აგვისტოს N024-459 ბრძანების ბათილად ცნობა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ი/მ ა.ი-ს არ ჰქონდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის N27419 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანებაში მიეთითა ადმინისტრირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათსა და კომპიუტერული ბაზის მონაცემებზე, რომელთა თანახმადაც დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, ი/მ ა.ი-ს 2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: ძირითადი გადასახადის სახით 90 498,98 ლარი, ჯარიმა 49 956,17 ლარი, საურავი 51 335.8 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული - 101 739,59 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის მიმართ გამოცემულ იქნა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 2017 წლის 2 აგვისტოს N024-459 ბრძანება, ასევე 3 აგვისტოს შედგა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" N2017/024-459/1 აქტი, რომელთა საფუძველზეც ყადაღა დაედო აქტში აღწერილ ქონებას. საჩივრის განხილვის პერიოდში გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რამაც გამოიწვია გპაბ-ზე არსებული თანხების შემცირება. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, ი/მ ა.ი-ს 2017 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება ძირითადი გადასახადის სახით 49 019.3 ლარი, ჯარიმა 25 463.17 ლარი, საურავი 14 860.76 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული 207 670 ლარი. ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ აღიარებული თანხები გადამხდელს დარიცხული აქვს დეკლარაციებითა და ოქმების საფუძველზე, სხვა ჯარიმებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელებულია მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში და არ არსებობს 2017 წლის 2 აგვისტოს N024-459 ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ი/მ ა.ი-ს 2017 წლის 18 აგვისტოს N196841/21-11 საჩივარი (ს.ფ.85-86)

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის N27419 ბრძანება (ს.ფ 82-83)

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, ა.ი -ს 2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებიდა საგადასახადო დავალიანება: ძირითადი გადასახადი 90 498.98 ლარი, ჯარიმა 49 956.17 ლარი, საურავი 51 335.8 ლარი, ასევე დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული - 101 739.59 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის მიმართ გამოიცა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 2017 წლის 2 აგვისტოს N024-459 ბრძანება, ასევე 3 აგვისტოს შედგა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" N2017/024-459/1 აქტი, რომელთა საფუძველზეც ყადაღა დაედო აქტში აღწერილ ქონებას. მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2017 წლის N150676-21-11 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცის თანახმად, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, გადამხდელს 2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 191 790.95 ლარი, მათ შორის ძირითადი 90 498.98 ლარი, ჯარიმა 49 956.17 ლარი, საურავი 51 335.80 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული 101 739.59 ლარი. საგადასახადო დავალიანება შედგება საგადასახადო დეკლარაციებით, საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებითა და აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2016 წლის N056-15 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული და ნაწილობრივ გადაუხდელი თანხებით. დროებითი აღრიცხვის ბარათზე 02.08.2017 წლის მდგომარეობით აღრიცხულია აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2016 წლის N056-26 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. ი/მ ა.ი-ს 2017 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 91 021.83 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული 210 233.22 ლარი. ძირითად ბარათზე არსებული დავალიანება შედგება საგადასახადო დეკლარაციებითა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული და ნაწილობრივ გადაუხდელი თანხებით.საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებით დარიცხულია:

მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი N104265 11.12.2014წ. - 200 ლარი;

მომსახურების დეპარტამენტის ოქმი N045249 28.05.2015წ. - 100 ლარი;

მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი NCB576855 30.10.2015წ. - 500 ლარი;

მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი N142598 17.11.2015წ. - 20 230.8 ლარი;

მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი N142600 17.11.2015წ - 3832.37 ლარი;

მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი N127259 28.05.2015წ. - 200 ლარი;

მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი N142601 21.08.2015წ. - 200 ლარი;

მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი N137787 16.09.2015წ. - 200 ლარი;

 

გადაწყვეტილების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2016 წლის N056-15 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები 21.09.2017 წელს გადატანილია დროებითი აღრიცხვის ბარათზე. 04.12.2017 წლის მდგომარეობით დროებითი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხულია აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2016 წლის N056-26 და 30.03.2016 წლის N056-15 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება როგორც აღიარებული, ისე არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, ამ დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ი.მ ა.ი-ს წარმომადგენლის საჩივარი (ს.ფ 91-94);

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება N4868/2/2017 საჩივარზე (ს.ფ 14-18).

3.4 შედარების აქტის თანახმად, ი/მ ა.ი-ს ერიცხებოდა სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის (31.12.2016 წლის მდგომარეობით) - ძირითადი გადასახადი 48 824.67, ჯარიმა 25 463.17 ლარი, საურავი 8 379.24 ლარი; სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულს (22.08.2017 წლის მდგომარეობით) - ძირითადი გადასახადი 90 198.98 ლარი, ჯარიმა 49 956.17 ლარი, საურავი 52 240,79 ლარი; დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული 102 078.54ლარი.

 

შედარების აქტის თანახმად, ი/მ ა.ი-ს 2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა ძირითადი გადასახადი 90 498.98, ჯარიმა 49 956.17 ლარი, საურავი 51 335.8 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული 101 739.59 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შედარების აქტები (ს.ფ. 97-98)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში, რომელიც აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

6.2 საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი ვალდებულებაა გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით გადახდა. საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, რომლის ფარგლებშიც უფლებამოსილნი არიან გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის ქონებაზე ყადაღის დადება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის აწესრიგებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიების - ქონებაზე ყადაღის დადების წესსა და საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისთვის, ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

 

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, აღიარებული საგადასახადო დავალიენება არის საგადასახადო დავალიანება, თუ ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო /საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის საკუთრებით თავიფუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. შესაბამისად, იგი გამოყენებულ უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფუძვლებისა და პირობების გათვალისწინებით. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიების გამოყენებას.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებს - იგი უნდა განხორციელდეს აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელს სარჩელში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ ი/მ ა.ი-ს არ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შედარების აქტებზე, რომელთა თანახმად, 2017 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით ი/მ ა.ი-ს ერიცხებოდა: ძირითადი გადასახადი 90 498.98 ლარი, ჯარიმა 49 956.17 ლარი, საურავი 51 335.8 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული 101 739.59 ლარი. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც დეტალურად არის მითითებული რა პერიოდში, რის საფუძველზე და რა ოდენობის დავალიანება წარმოეშვა გადამხდელს (იხ. 3.3 ფაქტობრივი გარემოება). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ი-ს სადავო ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისთვის ჰქონდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელზეც საგადასახადო ორგანოს გააჩნდა უფლებამოსილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისა (ყადაღის დადება).

 

6.3 სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

სამოქალაქო სპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ან ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს ან შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია, რომ ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოების შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება" ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩვრების პრეზუმციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი), არამედ ფაქტის არასწორად დადგენისა და შესასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ."

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოკვლევას, შესწავლას და შეფასებას. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი.

 

6.4 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სამართლრებრივი აქტი, ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოს ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

ი/მ ა.ი-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩვრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე

თამარ ხაჟომია