გადაწყვეტილება №24494/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.03.2025
№ დოკუმენტი 24494/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24494/2/2024

05 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 22.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24494/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2024 წლის №136-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.12.2024 წლის №25305 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 98 129,7 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 155

დღგ - 9 995

ქონების გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო მიწა) – 387

საშემოსავლო გადასახადი - 33 773

ჯარიმა - 22 168

საურავი - 31 806,7

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით. გადამხდელად რეგისტრირებულია 29.07.2008 წელს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია - 3.07.2009 წლიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 31.05.2022 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს უფიქსირდება, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული, ასევე 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს შემმოწმებელთათვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები სრულყოფილად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, ასევე პერიოდების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი სმფ-ების ნაშთების ანალიზით გაირკვა, რომ დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულ ბრუნვაზე ფასნამატი 2019-2020-2021 წწ. და 2022 წლების მიხედვით იყო უარყოფითი: 2019 წელს შეადგენდა 0.1%, 2020 წელს - 47%-ს (მინუს 47 %-ს), 2021 წელს -32%-ს (მინუს 32%-ს) და 1.01.2022-დან 31.05.2022 წლამდე პერიოდში - 23%-ს (მინუს 23%-ს).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ფასნამატი გაანგარიშდა საწარმოს მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტებით (ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ელ. სასაქონლო ზედნადები). გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული საშუალო წლიური ფასნამატი (15%) დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვა 2 410 412 ლარით. არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების და 291-ე მუხლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელი ფლობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ---ის რაიონში და არ ჰქონდა დეკლარირებული კუთვნილი მიწის გადასახადი სრულად. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც 29.12.2022 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33798 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 30.12.2022 წლის №136-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 27.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2024 წლის დასკვნის საფუძველზე შემცირდა, როგორც გადასახადის თანხა, ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა. ასევე დადგინდა, რომ ჯამში 14 805 მ 2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარიცხული მიწის გადასახადი იყო დუბლირებული 2019, 2020, 2021 და 2022 წლებზე, რაც დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 25.07.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17439 ბრძანება და 25.07.2024 წლის №136-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 5 და 6 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.08.2024 წლის №18680 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ, 4.10.2024 წლის №23783/2/2024 გადაწყვეტილებით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ იყო გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების გადაანგარიშების შედეგების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმა შემოსავლების სამსახურის 13.08.2024 წლის №18680 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებულ ნაწილში ხელახლა განიხილა საჩივარი და 2.12.2024 წლის №25305 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ FINA პროგრამასთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იქნა გათვალისწინებული და აუდიტის დეპარტამენტმა გამოთვლები გააკეთა გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით. გამოთვლების შესწავლით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი უზუსტობა, კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის დაუბეგრავი სასაქონლო ნაშთის თვითღირებულება არის შეცდომით, რომელიც არ ემთხვევა გადამხდელის მიწოდებულ ციფრს და ასევე, 2021 წლის პირველი იანვრის საწყის ნაშთს, აუდიტორს 2021 წლის საწყის ნაშთად აღებული აქვს 2020 წლის საბოლოო ნაშთი.

ასევე, 2020 წლის საბოლოო და 2021 წლის საწყისი ნაშთები არ ემთხვევა ერთმანეთს, შედეგად 2020 წლის დაუბეგრავი ბრუნვის ფასნამატი შეცდომით ფიქსირდება 12%, შესაბამისად, 2020 წლის განმავლობაში დარიცხული თანხა შესამცირებელია.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემები, მათ შორის, სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ების ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, თუმცა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, შემოწმების მიერ 2020 წლის დაუბეგრავი საქონლის საბოლოო ნაშთად გათვალისწინებულია 405 500 ლარი, ნაცვლად 422 887 ლარისა, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25305 ბრძანების მიხედვით საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესწორდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებული (და საზოგადოების მიერ აღმოჩენილი) უზუსტობა არ დაკმაყოფილდა ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ: FINA-სთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იქნა გათვალისწინებული და აუდიტის დეპარტამენტმა გამოთვლები გააკეთა საზოგადოების მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით. აუდიტის დეპარტამენტისთვის 2022 წლის დეკემბერში მიწოდებული ჰქონდათ (პროგრამული ხარვეზის გამო) არასწორი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით 1.01.2019; 31.12.2019; 31.12.2020; 31.12.2021; 31.05.2022 2023 წლის იანვრის თვეში FINA-ს ჩართულობით დაზუსტდა აღნიშნული ნაშთები და მოწოდებულ იქნა პირველ საჩივართან ერთად. Fina-ს პროგრამული უზუსტობა იყო სასაქონლო ნაშთების დაბეგრილსა და დაუბეგრავს შორის დისბალანსით. აღნიშნული არის პროგრამული ალგორითმის უზუსტობა და არა განზრახ ქმედება. ამ ფაქტის გამო Fina თან ჰქონდათ უთანხმოება და 13 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გეგმავენ ურთიერთობის გაწყვეტას.

საზოგადოების საქმიანობა არის სოფლის მეურნეობასთან პირდაპირ კავშირში, რომელსაც ახასიათებს სეზონურობა და აღმავალ-დაღმავალი ხასიათი წლების მიხედვით. სხვადასხვა წელს სხვადასხვა პროდუქცია, რომლითაც ვაჭრობენ არ რეალიზირდება ერთგვაროვნად და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ნაშთები სხვადასხვა ოდენობით დარჩეს წლის ბოლოსათვის. მაგრამ, თუ გამოთვლების მხედველობაში მიღება მოხდება შესამოწმებელი 3 წლის, 2019 იანვარი - 2021 დეკემბრის პერიოდში (ანუ გრძელვადიანად) საშუალო ფასნამატის სურათს უფრო ნათლად ჩანს, როგორც დღგ დაუბეგრავ და ასევე დღგ დაბეგრილ პროდუქციაზე. ცალკე აღსანიშნავია 2022 წლის იანვარი-მაისის თვეების ცალკე გამოთვლა.

პრაქტიკულად მხოლოდ ორი კვარტალის ჭრილში აბსოლიტურად შეუძლებელია რეალური სურათის დანახვა, რადგან იანვარიმაისის თვეების პერიოდში არ არის გაყიდვების ციკლი ჩატარებული და შესაბამისად ზუსტად ამ პერიოდში არის დარიცხული დღგ, რასაც საზოგადოება არ ეთანხმება. რამოდენიმეჯერ აღმოჩნდა აუდიტის დეპარტამენტის გამოთვლებში შეცდომები რასაც შემდგომ ეთანხმებოდა შემოსავლების სამსახური. თუმცა წარმოდგენილი დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით 1.01.2019; 31.12.2019; 31.12.2020; 31.12.2021; 31.05.2022 არ გაითვალისწინა აუდიტის სამსახურმა, რაც არის ძირითადი მოთხოვნა. გასაგებია, რომ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მაინც საზოგადოების წინაშე მაინც ექნება საგადასახდო ვალდებულებები შესასრულებელი, რასაც საზოგადოება არ არიდებს თავს. 30 თვეა გასული აუდიტორული შემოწმების დაწყებიდან და შესაბამისად 2022 წლის ბოლოდან ერიცხებათ აუღიარებელი დავალიანება და შესაბამისად იზრდება საურავი, რაც უარყოფითად აისახება მათ ურთიერთობაზე, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან და სხვადასხვა ფინასურ ინსტიტუტებთან (ბანკებთან, სადაზღვეო კომპანიებთან).

საზოგადოების საქმიანობა ვერ ვითარდება ამ პერიოდში. ამ გარემოების გათვალისწინება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ის არის პროგრამული გაუმართაობის მსხვერპლი. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოება ყოველთვის დროულად და სწორად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და ყოველთვის ქცევის რეიტინგში აქვს 10 ბალი. საზოგადოება არ ეთანხმება და ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25305 ბრძანებას დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების შესახებ. ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს 2023 წლის იანვარში, დაზუსტებული და მოწოდებული სასაქონლო ნაშთები თვითღირებულებების მიხედვით. დამატებითი დარიცხვის შემთხვევაში ითხოვს საურავის ათვლა დაიწყოს შესწორებული აქტის გამოცემის შესაბამისი პერიოდიდან და არა დარიცხვის პერიოდიდან. მომჩივანი ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და გამოვლენილი უზუსტობა არის პროგრამული ხარვეზის, ნაწილობრივ მათი უყურადღებობის და არ ცოდნის შედეგი. ყოველივე ამის გამო ითხოვს ჯარიმებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო, დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 11.07.2024 წელს შედგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ის ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის ანგარიშებში (დასაბეგრი, დაუბეგრავი) სწორად ასახვის შედეგად კი დადგინდა, რომ დაუბეგრავი ბრუნვის ოდენობა მცირდება 2 340 867 ლარით, იზრდება დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა 2019 წელს 55 381 ლარით, ხოლო კუთვნილი დღგ - 9 969 ლარით, ასევე ჯარიმა - 5 150 ლარით.

გადაანგარიშების შედეგად, ხელფასად დაკვალიფიცირებულმა თანხამ შეადგინა 134 896 ლარი, შესაბამისად შემცირდა, როგორც გადასახადის თანხა, ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. გადაანგარიშების ეტაპზე, დამატებით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეზობელი ნაკვეთები ს/კ ---- 5 344 მ2 გაერთიანდა ერთ ნაკვეთად და შეიქმნა ს/კ ----. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯამში 14 805 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარიცხული მიწის გადასახადი იყო დუბლირებული 2019, 2020, 2021 და 2022 წლების მიხედვით, რაც დაექვემდებარა კორექტირებას შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანებას არ მიიჩნევს აღსრულებულად და აღნიშნავს, რომ FINA პროგრამასთან ერთად დაზუსტებული სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებები საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იყო გათვალისწინებული და აუდიტის დეპარტამენტს გამოთვლები გაკეთებული ჰქონდა გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი (დაუზუსტებელი) სასაქონლო ნაშთების თვითღირებულებებით. გამოთვლების შესწავლით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი უზუსტობა, კერძოდ, 2020 წლის 31 დეკემბრის დაუბეგრავი სასაქონლო ნაშთის თვითღირებულება იყო შეცდომით, რომელიც არ ემთხვეოდა გადამხდელის მიწოდებულ ციფრს და ასევე, 2021 წლის პირველი იანვრის საწყის ნაშთს, აუდიტორს 2021 წლის საწყის ნაშთად აღებული ჰქონდა 2020 წლის საბოლოო ნაშთი. ასევე, 2020 წლის საბოლოო და 2021 წლის საწყისი ნაშთები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შედეგად 2020 წლის დაუბეგრავი ბრუნვის ფასნამატი შეცდომით ფიქსირდებოდა 12%, შესაბამისად 2020 წლის განმავლობაში დარიცხული თანხა არის შესამცირებელი. გადამხდელი ასევე ითხოვს საურავის დარიცხვას შესწორებული აქტის გამოცემის შესაბამისი პერიოდიდან, ასევე მიუთითებდა კეთილსინდისიერებაზე და ითხოვდა დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტა, რომ წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დამატებით შესაძლებელი იყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.10.2024 წლის №23783/2/2024 გადაწყვეტილების საფუძველზე საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახურის 2.12.2024 წლის №25305 ბრძანებაში მომჩივნის მიერ აღნიშნული საკითხებიდან ნამსჯელია მხოლოდ ტექნიკური უზუსტობით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულებების ხელახლა შესწავლასთან დაკავშირებით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის ასევე უნდა ემსჯელა საქონლის ნაშთებთან და მითითებული 12 პროცენტიანი ფასნამატის მართლზომერებასთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანს არგუმენტები და დოკუმენტური მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა 2024 წლის 5 და 6 აგვისტოს საჩივრებით, ხოლო საბჭოს გადაწყვეტილება ასევე გულისხმობდა აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის ხელახლა შესწავლას. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

მომჩივანი, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს ჯარიმებისგან გათავისუფლებას. მიაჩნია, რომ გამოვლენილი უზუსტობა არის პროგრამული ხარვეზის, ნაწილობრივ მათი უყურადღებობის და არ ცოდნის შედეგი. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისგან განთავისუფლება მოთხოვნილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის 23.08.2024 წელს წარმოდგენილი №23783/2/2024 საჩივრითაც, აღნიშნულ ნაწილში საბჭოს 4.10.2024 წლის №23783/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე საბჭოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი, სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.12.2024 წლის №25305 ბრძანება;

3. საჩივარი, შემოწმების პროცესში საქონლის ნაშთების და ფასნამატის განსაზღვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12379 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის N12379 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სასაქონლო ნაშთების თვითღირებულების მონაცემები დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობების მიხედვით. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით არასწორად იყო ასახული დასაბეგრი სმფ-ის ოდენობები დაუბეგრავი სმფ-ის მონაცემების ანგარიშებში (ბუღალტრულ ჩანაწერებში). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის ანგარიშებში (დასაბეგრი, დაუბეგრავი) სწორად ასახვის შედეგად კი დადგინდა, რომ დაუბეგრავი ბრუნვის ოდენობა მცირდება 2 340 867 ლარით, იზრდება დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა 2019 წელს 55 381 ლარით, ხოლო კუთვნილი დღგ - 9 969 ლარით, ასევე ჯარიმა - 5 150 ლარით.

გადაანგარიშების შედეგად, ხელფასად დაკვალიფიცირებულმა თანხამ შეადგინა 134 896 ლარი, შესაბამისად შემცირდა, როგორც გადასახადის თანხა, ასევე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. გადაანგარიშების ეტაპზე, დამატებით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარიცხული მიწის გადასახადი იყო დუბლირებული, რაც დაექვემდებარა კორექტირებას შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი, სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში, დარჩა განუხილველი; საჩივარი, შემოწმების პროცესში საქონლის ნაშთების და ფასნამატის განსაზღვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (ბ ,დ).